ბლოგი

13:45 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დიად კბენიას” აფხაზეთში ეპატიჟებიან

ლუის სუარესი ყველამ იცით. ან როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ეს ბულდოგივით კბილებდაკრეჭილი გადარეული ჯეელი, რომელიც მზადაა ყველა და ყველაფერი დაკბინოს, რაც კი გზაზე შემოხვდება. მოკლედ, შევთანხმდით, რომ სუარესი იცით. აფხაზეთის საფეხბურთო ჩემპიონატზე თუ გსმენიათ რამე? ერთი ზღვისპირა ალაგი რომაა, ვიღაცეები თავიანთ თავს დამოუკიდებლად რომ აცხადებენ და ამბავი? ჰოდა ამ არაღიარებულ ალაგს თავისი ასევე არაღიარებული ჩემპიონატიც აქვს. ჩემპიონატია თუ რაც არის. მოკლედ, ვიღაცეები დარბიან მიგდებულ სტადონებზე, თავიანთ გულის ჭიას ახარებენ და ამ ყველაფერს ჩემპიონატს ეძახიან.

ახლა მითხარით, რა კავშირში შეიძლება იყოს ლუის სუარესსა და აფხაზეთის ჩემპიონატს შორის? თითქოს კავშირების ძებნა რთულია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. როდესაც გაიგებთ იმას, რომ აფხაზეთის ერთ-ერთმა საფეხბურთო კლუბმა სახელწოდებით “ნართმა” (ძმები ნართები ძველი აფხაზური ეპოსის გმირები იყვნენ, რომლებიც ქართული მითოლოგიის ნაწილიცაა და საფეხბურთო კლუბის სახელწოდებაც ალბათ აქედან მოდის) თავი საქვეყნოდ დასაცინი გაიხადა და კონტრაქტის გაფორმება თვით “დიად კბენიას” შესთავაზა.

როგორც იცით, ფიფამ ლუისი მეტად მკაცრად დასაჯა და 4 თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რამაც “ნართების” “გენიალურ” პრეზიდენტს, ვინმე გენადი ცვინარიას აფიქრებინა, რომ მისი ჟამი იყო დამდგარი და სუარესს მოწვევა გაუგზავნა – ეს ოთხი თვე ჩვენთან ითამაშეო და ბევრ ფულს თუ ვერ გადაგიხდით, შემოდგომაზე კაი ფეიხოასა და მანდარინს მაინც ჩაგახუტებთო. ცვინარიას “თვალშეუდგამი” ლოგიკა ისაა, რომ აფხაზეთის ჩემპიონატი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის – ფიფას მიერ არაა აღიარებული და აფხაზეთში თამაში სუარესის დისკვალიფიკაციას არ შეეხება. ანუ, გამოდის, რომ სუარესი თან ითამაშებს და თან არა. “ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდების” - ამბავია მოკლედ...

ჯერჯერობით არ ვიცით, რა წარმოდგენა აქვს ლუის სუარესს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, მაგრამ თუკი ამ ბიჭს იუმორი აქვს, ამ მიწვევის მიღების შემდეგ გვარიანად იხითხითებდა. კაცს გასულ სეზონში “მანჩესტერი”, “ჩელსი” და “ბაიერნი” ეპატიჟებოდნენ და “ლივერპულიდან” იქ არ გადავიდა და რატომღაც, რომ სოხუმის “ნართებში” (თუნდაც ოთხი თვით) ამოყოს თავი. ისე, სეირი ეგ იქნება თუ იქნება - სუარესი “ნართებში”...

სუარესისათვის შეთავაზება ეგრე არ უნდაო და აფხაზებს არც სხვა არაღიარებულები ჩამორჩნენ. გავრცელდა ამბავი, რომ კბენია ურუგვაელის ოთხთვიანი გადაბირება მთიანი ყარაბახისა და კოსოვოს კლუბებსაც სურთ. მოკლედ, ჩემო ლუის, არჩევნია რა გინდა სულო და გულო. თუ მთა გიყვარს – ყარაბახში მიბრძანდი  და თუ ზღვაზე კოტრიალი გინდა - აგერ ბატონო აფხაზეთი. მე თქვენ გეტყვით და შემწუხებელი ეყოლება ბევრი. აფხაზეთიდან ქართველების უსინდისოდ გამოძევების შემდეგ, ამ მხარეში მოსახლეობა ისე შემცირდა, რომ მეზობლები ერთმანეთს თვეში ერთხელ თუ ნახულობენ. ერთი ისაა, რომ საკბენი ობიექტი ეყოლება სუარესს ცოტა და თან როგორც იძახიან, მეგრელებივით წიწაკის მოყვარული აფხაზები დიდი ვერაფერი საკბენები ყოფილან. პიცაჭამია იტალიელის კბენას აქვს გემო თუ აქვს, თორემ...

0.125597