ფეხბურთი სპორტის გუნდური სახეობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გუნდურ სახეობას კონკრეტული ადამიანები – განსაკუთრებული პერსონები ქმნიან და ისინივე აძლევენ ხიბლსა და ინტერესს. ამ ადამიანებს ზოგი “ვარსკვლავებს“ ეძახის, ზოგი უბრალოდ ნიჭიერ ხალხს. არიან ისეთები, რომლებიც გამორჩეულ ფეხბურთელებს გიჟებად მიიჩნევენ და სჯერათ, რომ დიდი ფეხბურთელი რომ იყო, მთლად “დალაგებული და სწორხაზოვანი“ არა და ვერ იქნები.
იგივე შეიძლება ითქვას მწვრთნელებსა და გულშემატკივრებზე. ერთი შეხედვით, მწვრთნელის საქმე ჩვეულებრივი რუტინული (ხშირად დაუფასებელიც) სამსახურია და მწვრთნელი თავის საქმეში ისევე ელის ხელფასს, როგორც მავანი ინჟინერი, რომელმაც ახალი შენობის მშენებლობა წამოიწყო. მაგრამ, ყველაფერი ასე ერთგვაროვანი რომ არაა, ვხედავთ და სწორედ ამიტომაც გვიყვარს ფეხბურთი სწორედ ისეთი, როგორიც არის – უცნაური, დარდისა და სიხარულის მომტანი, შიშისა და იმედის ჩამნერგავი, ემოციებით გადაძეძგილი...
ორი ესპანური საკლუბო გრანდის - “ბარსელონასა“ და მადრიდის “რეალის - ჩემპიონთა ლიგიდან ერთმანეთის მიყოლებით გამოვარდნის შემდეგ, დავდიოდი თბილისის ქუჩებში და მიკვირდა, რომ საქართველოში, სადაც ქართულ ფეხბურთზე და ჩვენს ფეხბურთელებზე უამრავი ადამიანია განაწყენებული, ისევე სტკივათ და ახარებთ ევროპულ ფეხბურთში მიმდინარე ამბები, როგორც მაგალითად, ამსტერდამში ან რომში. მიკვირდა არა იმიტომ, რომ ქართველებს საფეხბურთო გემოვნება არ გვაქვს და ემოციები დაგვიჩლუნგდა... ბოლო პერიოდში, ქართველების ჩემპიონთალიგური ამბებით ცხოვრებამ კიდევე ერთხელ დაადასტურა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში ფეხბურთი მაინც სპორტის პირველ სახეობად დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ სხვა სახეობებში: კალათბურთი, რაგბი, ჭიდაობა, ძიუდო და სხვა... ბევრად მეტად წარმატებულნი ვართ, ხალხის გულიდან არა და ვერ ამოიშალა ფეხბურთის პირველადი სიყვარული.
მიკვირდა და თან, ძალიან მიხაროდა, რომ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონის ვარსკვლავების ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერგასვლამაც კი ვერ გაანელა ჩვენში დიდი ფეხბურთით ტკბობის “მუღამი“. სწორედ ეს მაძლევს იმის იმედს, რომ როდესაც ხალხს ფეხბურთი ასე ძალიან უყვარს, შეუძლებელია არ დადგეს დრო, როდესაც მათი მშობლიური გუნდებიც მოესწრებიან დიდ ევროპულ ტურნირებს. ეს არის იმედი, რომელიც არასოდეს უნდა დავკარგოთ და სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ის რაც ბელარუსის “ბატეს“ შეუძლია, შეუძლებელი არც ჩვენთვის იქნება!
დასაწყისში ტყუილად არ მიხსენებია ადამიანები, რომლებიც დიდ ფეხბურთს ქმნიან და გუნდურ სახეობას განსაკუთრებულ ინტერესს და ხიბლს აძლევენ. ასეთ ადამიანებს, ჩვენდა სასიხარულოდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ვნახავთ. მაგრამ, თუ მაინც ყველაზე გამორჩეულ პერსონაზე მიდგება საქმე, თავს ნებას მივცემ და ასეთად, ლონდონის “ჩელსის“ ახალგაზრდა იტალიელ მწვრთნელს - რობერტო დი მატეოს დავასახელებ.
მას შემდეგ, რაც ამ, ისე რა ტიტულოვანი ინგლისური კლუბის მართვას ხელი მრავლისშემძლე რომან აბრამოვიჩმა მოჰკიდა, “ჩელსის“ საქმეები, რა თქმა უნდა, წინ წავიდა და გუნდის მომდევნო წარმატებებს ხელი მაშინდელი მწვრთნელის - ჟოზე მოურინიოს ვეებერთელა ფიგურამაც შეუწყო.
გუნდის აღმასვლა მეტ-ნაკლებად პოსტმოურინიოულ პერიოდშიც გაგრძელდა, მაგრამ რაც ლონდონელ ფანებსა და საკუთრივ აბრამოვიჩს ყველაზე მეტად გულში ხინჯად ჰქონდა, ეს ევროტურნირებზე “ჩელსის“ პერმანენტული წარუმატებლობები იყო. “ჩელსიმ“ ერთხელ ლიგის ფინალშიც კი ითამაშა, მაგრამ სანუკვარი თასის აღება ვერა და ვერ ეღირსა (რომან აბრამოვიჩის აზრით, მის მიერ გუნდში ჩადებული თანხების ერთადერთი გამართლება, სწორედ ჩემპიონთა ლიგის თასის აღებით უნდა მოხდეს).
აი ახლა კი, როდესაც “ჩელსი“, პრემიერლიგაში არცთუ წარმატებულ სეზონს ატარებს, რასაც გუნდის მწვრთნელიც კი შეეწირა, სამზეოზე გამოჩნდა ჩია ტანის იტალიელი კაცი, რომელიც ლონდონურ კლუბს თავის მშობლიურ გუნდად მიიჩნევს და რომელსაც გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუკი დაამტკიცებს, რომ ლონდონელთა ოცნების ასრულება შეუძლია.
დიახ, რობერტო დი მატეომ ძალიან დიდი - მე ვიტყოდი, წარმოუდგენელი შრომა გასწია და “ჩელსი“ ფინალამდე მიიყვანა. თან ეს გააკეთა ბრისხანე “ბარსელონას“ ნახევარფინალიდან გამოგდების შედეგად, მაგრამ არის კი ეს საკმარისი ქომაგების იმედების გასამართლებლად? აბა, ერთი ახლა “ბაიერნის“ ფეხბურთელებსა და მიუნჰენელ ქომაგებს ჰკითხეთ, რომლებსაც უკვე “ხელები ექავებათ“, საკუთარ „ალიანც არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის თასის აღსამართად.
ვნახოთ, ყველაფერი მალე გაირკვევა. მაგრამ, იმის თქმა ახლავე შემიძლია, რომ ქართველმა ქომაგებმა დი მატეო უკვე აღიარეს და ამას საბურთალოზე ჩემს მიერ შემთხვევით მოსმენილი პატარა ბიჭების დიალოგიც ადასტურებს. “ხო იცი, “ჩელსი“ მაგრად არ მევასება, მაგრამ, ეს დი მატეო რა ძმაა, ხო აზრზე ხარ...“ – ერთ-ერთი ბიჭის ეს სიტყვები ბევრ რამეზე მეტყველებს.
წინ დიდი ფინალი გველის!
ლევან სეფისკვერაძე