რაც დრო გადის უფრო და უფრო გვენატრება ჩვენი გენიოსი, ქართული ფეხბურთის მშვენება და სიმბოლო. ადამიანი, რომელმაც ნაღდი ქართველი ფეხბურთელისა და არა მარტო ფეხბურთელის დაუვიწყარი სახე შექმნა. დათო ყიფიანის თამაში “ლოკომოტივის” ძველი სტადიონიდან მოყოლებული კარგად მახსოვს და 1982 წლის აპრილამდე ლამის ყოველი მისი მატჩის ცალკეული მომენტები სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში, მაგრამ ქართული ფეხბურთის უპირველესი ფიგურის გახსენებისას ყიფიანის არასაფეხბურთო ეპიზოდი ამოტივტივდება ხოლმე. 1976 წელს თბილისის “დინამომ” საკავშირო თასი მოიპოვა და თასების მფლობელთა თასის საწყის ეტაპზე “კარდიფ სიტის” შეხვდა. უელსში ყოფნისას დათოს ერთმა ბრიტანელმა 100-გირვანქიანი კუპიურა გაუწოდა, ვიცი, უბედურ საბჭოელებს როგორ გიჭირთ და შენი ბრწყინვალე თამაშის დამფასებლისგან ეს მცირედი თანხა ფეშქაშად მიიღეო. ყიფიანი არ დაიბნა, უელსელს ბანკნოტი გამოართვა, მასზე თავისი ავტოგრაფი დასვა და პირღია ბრიტანელს უკან დაუბრუნა...
...1977 წლის შემოდგომაზე, უეფას თასზე თბილისის “დინამოს” მეტოქედ ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი მილანის “ინტერი” ერგო, რომლის ავტორიტეტსა და მოთამაშეთა ძლიერებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. მხოლოდ 2 გვარის დასახელებაც კმარა. იმდროინდელი “ნერაძურის” რიგებს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მცველი ჯაცინტო ფაკეტი და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ალესანდრო ალტობელი იცავდნენ. პირველი მატჩის ჩატარება დინამოელებს მრისხანე მოწინააღმდეგის მინდორზე მოუწიათ და ყოველგვარი გადაჭარაბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისელთა მეათე ნომერმა მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული დიდოსტატები აშკარად დაჩაგრა. დათო გუნდის მცველთა მოქმედებასაც ადუღაბებდა, შუა ხაზზეც კოორდინაციას უწევდა და აწესრიგებდა პარტნიორთა თამაშს, ხოლო “ინტერის” კარის სიახლოვეს დათოს ნებისმიერი გამოჩენა ჩრდილოიტალიელთა მეკარეს შიშის ზარს სცემდა. ყველას კარგად გვახსოვს იმ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლი. მინდვრის ცენტრის სიახლოვეს, ყიფიანმა ბურთი “თვით” ფაკეტის აართვა, ელვისებური სისწრაფით შეიჭრა “ინტერის” საჯარიმოში და მოხდენილი დარტყმით “სან სირო” დაადუმა.
1971 წლიდან მოყოლებული, ყიფიანი 11 სეზონის განმავლობაში იცავდა თბილისის “დინამოს” ღირსებას და ყოველ სეზონში გულშემატკივარი მინდორზე “ახალ დათოს” იხილავდა ხოლმე. იგი ყოველწლიურად უფრო დაოსტატებული, დაღვინებული, კონდიციამომატებული დაატყდებოდა მოწინააღმდეგეს, სპორტის ულამაზესი და რაინდული სახეობის ჭეშმარიტ გურმანებს კი, უდიდეს ესტეთიკურ სიამოვნებას ანიჭებდა.
დათო ყიფიანზე საუბარი 1977 წლით შემთხვევით არ დაგვიწყია. 1974-ის დასაწყისში მან მენისკის ოპერაცია გაიკეთა, რომლის გამოც მთელი წელი გაუცდა. არადა, იმავე წლის დასაწყისში, დათოს დებიუტი ჰქონდა საკავშირო ნაკრებში და იუგოსლავიასთან მატჩში ერთადერთი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა. 1975 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, ყიფიანმა ჩვეული სპორტული ფორმა თანდათან დაიბრუნა. “დინამოს” იმდროინდელმა დამრიგებელმა მიხაილ იაკუშინმა დათო იმ პოზიციაზე დააყენა, რომლითაც კიდევ უფრო გაითქვა სახელი საშინაო თუ საერთაშორისო ასპარეზზე. 1976 წლიდან კი, დათო ყიფიანი გუნდის დისპეტჩერად და ჭეშმარიტ ლიდერად იქცა.იმხანად საკავშირო ნაკრები მონრეალის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა. ლობანოვსკის გუნდი კიეველებით ჰყავდა დაკომპლექტებული, მაგრამ ყიფიანი იმდენად შთამბეჭდავად თამაშობდა, ვალერი ვასილიჩი იძულებული გახადეს, კანადაში ქართველი ათიანიც წაეყვანა. იმის მომიზეზებით, რომ ყიფიანი კიეველთა შორის თავს უცხო სხეულად გრძნობდა, ლობანოვსკიმ დათოს დასავლეთ ნახევარსფეროში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა, რითაც უპირველესად საბჭოთა ნაკრების შედეგმა იზარალა. ტურნირზე დასკვნითი, მესამე ადგილისთვის მატჩი იწურებოდა, როცა მწვრთნელმა ყიფიანს მინდორზე გასვლა შესთავაზა. ლობანოვსკის ეს ჟესტი დათოსთვის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მიკუთვნებას ნიშნავდა, დათომ კი მატჩში ჩაბმა იუარა – ამხელა გზა მედლისთვის არ გამომივლია, თამაში და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა მწყურიაო. ლობანოვსკის სიჯიუტემ დათო “სპორტულად” გააღიზიანა და მან მონრეალში დაგროვილი “ბოღმა” ჯერ საკავშირო თასის ფინალში დაატეხა თავს ერევნის “არარატს”, მთელი მომდევნო სეზონი კი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და წლის მიწურულს სპორტულ ჟურნალისტებს ბევრი არ უყოყმანიათ, ისე დაასახელეს იგი საუკეთესო ფეხბურთელად. სწორედ იმ სეზონის შუაწელიდან დაიწყეს ნამდვილი ნადირობა დათო ყიფიანზე წამყვანი ევროპული კლუბების მენეჯერებმა, რომლებიც “დინამოს” ლიდერს საარაკო პირობებს სთავაზობდნენ მათ გუნდში გადასვლის სანაცვლოდ...
სხვადასხვა წლებში დათოს ვიზავები საქვეყნოდ აღიარებული ვარკვლავები იყვნენ: მარტინ პიტერსი, მარტინ ჩივერსი, ალესანდრო ალტობელი, ზიკო, კენი დალგლიში, ტრევორ ბრუკინგი, რენე ნოტენი, კევინ კიგანი, პაულ ბრაიტნერი... დათო მათთან შედარებით, არათუ ოდნავ მაინც სუსტ ფეხბურთელად გამოიყურებოდა, პირიქით, ინდივიდუალური თუ გუნდური თამაშით, ჩვენ მიერ ჩამოთვლილ დიდოსტატებს ჩაგრავდა კიდეც.
...ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული 1979 წლის 3 ოქტომბერს განვიცადე. ბედნიერებას კი სათავე დავით ყიფიანის მოხდენილმა ფინტებმა და ზუსტმა პასმა დაუდო სათავე, რომლის შემდეგაც ვოვა გუცაევმა გოლი გაიტანა. იმ დღეს, თბილისის “დინამომ” იმხანად ევროპის საუკეთესო გუნდს, “ლივერპულს” 3:0 მოუგო.
დღეს დავით ყიფიანს 63 წელი შეუსრულდებოდა...