გულშემატკივრის სვეტი

16:20 | 26.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

დღე, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება!

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. ქვეყნისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სამი რამისთვის იბრძოდა: დამოუკიდებლობისათვის, ქვეყნის ერთიანობისათვის და საკუთარი ხმის მიწვდენისათვის მთელი მსოფლიოსთვის. ჯერ რუსული ცარიზმის, შემდეგ კი განსაკუთრებით ბოლშევიკური ოკუპაციის პერიოდში, მილიონობით ქართველი ოცნებობდა იმაზე, რომ ქართველი სპორტსმენები მსოფლიო არენებზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოსულიყვნენ. საბჭოეთგამოვლილი ქართველი სპორტსმენები დღესაც დიდი დარდით იხსენებენ იმას, რომ მათი დიდი გამარჯვებების შემდეგ, ფლაგშტოკზე ავადსახსენებელი წითელი დროშა იწეოდა და “დიადი საბჭოეთის“ ჰიმნი ისმოდა. საქართველოს ნაკრები – აი, ყველაზე დიდი ოცნება, რაც სპორტის ქართველ მოყვარულებს ჰქონდათ. სპორტის ნებისმიერ სახეობაში საქართველოს ეროვნული გუნდის არსებობაზე ბევრს ალბათ ოცნებაც კი არ შეეძლო. დამოუკიდებლობა ის ფენომენია, რომლის შესახებ რაც უნდა ისაუბრო, მთლიანიობაში მაინც ერთ დასკვნამდე მიდიხარ – დამოუკიდებელობა უპირველეს ყოვლისა ხალხის არჩევანია და თუკი ხალხმა ერთხელ მაინც ირწმუნა, რომ მას ქვეყნის შექმნა სურს და უნდა, ამას როცა იქნება, აუცილებლად მიაღწევს!
დღეს ჩვენს ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს. ჩვენი მიწის მეხუთედზე რუსეთის საოკუპაციო არმიის ჯარისკაცები დგანან. ვერც იმას ვიტყვით, რომ ეკონომიკურად ვართ დალხენილები. ბევრი ჩვენი თანამემამულე საკუთარი ოჯახის სარჩენად, ცხრა მთას იქით ქვეყნებშია მიმოფანტული. ჯერ კიდევ ბევრ სფეროში გვჭირდება წელში გამართვა და ფეხზე დადგომა.
მაგრამ სულ მალე დაიწყება ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადა და ყველა დარდი კიდევ ერთხელ დაგვავიწყდება. აუცილებლად დაგვავიწყდება, რადგან სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩვენი სპორტსმენებიც ქართული დროშით გავლენ ბრიტანეთის მრავლისმნახველ არენებზე და ყველას გვჯერა, რომ ეს ოლიმპიადა ჩვენთვის სხვა ოლიმპიადებზე წარმატებული იქნება.
მეგობრების, ნათესავებისა და ნაცნობ-ახლობლების გარდა, ვის შეიძლება მიულოცოს საქართველოში მცხოვრებმა კაცმა დამოუკიდებლობის დღე? ეს დღე უნდა მივულოცოთ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც სამაჩაბლოსთან და აფხაზეთთან რუსული საოკუპაციო ჯარის პირისპირ დგანან. ქართველ მორაგბეებს, რომლებმაც ხალხს გამარჯვების რწმენა და იმედი დაუბრუნეს. ქართველ მოჭიდავეებს, რომლებმაც წარმატებულად დაძლიეს კრიზისული პერიოდი და 7-7-კაციანი სრული შემადგენლობით წავლენ ოლიმპიადაზე. ქართველ მოჭადრაკეებს, რომლებმაც წელი არ გავა ისე, რაიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება რომ არ მოიპოვონ. ჩვენს მეღვინეებსა და მევენახეებს, რომელთა მიერ შექმნილმა ღვინოებმა შარშან და წელს, გერმანიაში და საფრანგეთში გამართულ ყველაზე დიდ ღვინის კონკურსებში გაიმარჯვეს. ჩვენს საამაყო კალათბურთელებს. ბიჭებს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ თავს აჯობეს და ტურნირის დასკვნით რაუნდში გავიდნენ. საქართველს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების ბიჭებს, რომლებმაც დაგვარწმუნეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი ჯერ არ მომკვდარა.
“თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო“, – ხშირად მოგვისმენია ასაკოვანი ქართველი პოეტის მიერ დაწერილ ლექსზე შექმნილი ქართული სიმღერა. თავისუფლება არა მხოლოდ “ლომთა“ ხვედრია... თავისუფლება და დამოუკიდებლობა ხვედრია იმ ხალხის, ვინც ამისათვის იბრძოლა და ქვეყნისათვის საკუთარი სიცოცხლეც კი არ დაინანა.
ეს დღე ეკუთვნის ყველა იმ დიდ ქართველ სპორტსმენს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ვერ მოესწრნენ. მათი ყოველი გამარჯვება საბჭოთა კავშირმა მიითვისა და დღეს “წითელი იმპერიის“ ზოგიერთი მეხოტბე “საბჭოთა ერების“ სპორტსმენების წარმატებას, სამწუხაროდ, კვლავაც საბჭოთა კავშირის წარმატებასთან აიგივებს. უცნაურ ადამიანებს ამქვეყნად რა დალევს, მაგრამ დღეს, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი საერო დღესასწაულია, უცნაურ ხალხზე საუბარი არაფერში გვჭირდება.
ათწლეულების წინ, 1918 წლის 26 მაისს, ჩვენი ქვეყნა ხელახლა დაიბადა. მაგრამ მაშინ, სამწუხაროდ, მხოლოდ სამი წელი დაგვცალდა თავისუფლება. იმედია, ის წარსული აღარასოდეს განმეორდება. ჩვენი ქვეყანა კიდევ იტყვის თავის სათქმელს. ამის იმედით ვცხოვრობთ და ამის იმედით გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ავიღოთ ხელში დიდებული კახური ღვინით სავსე ჭიქები და ყველამ ერთად ვთქვათ: ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს!
 

 

ლევან სეფისკვერაძე
 

0.129158