ძიუდო

22:45 | 5.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დღე მეორე – უდესიანის ბრინჯაო

 

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის დღეს მედლების 5 კომპლექტი გათამაშდა. ვაჟებში ჩემპიონ-პრიზიორები 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდნენ, გოგონებში – 52, 57 და 63 კილოგრამებში. საქართველოს სახელით ტატამზე 6 სპორტსმენი გავიდა და მათგან პოდიუმზე ასვლა მხოლოდ ბექა უდესიანმა შეძლო – 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უდესიანმა მეოთხედფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან იპონით წაგებით. იქამდე რუმინელი რაზვან ბოდეა და უნგრელი სანად ორი იპონ-იპონ ჩამოიშორა. ბრინჯაოს გზაზე კი პორტუგალიელი დავიდ რეისი ვაზარით, ხოლო სლოვენიელი იან კოსაკი და სერბი მილან ბუნჩიჩი სუფთად დაამარცხა.

ვაჟთა ნაკრების სახელით საქმეში 73 კილოგრამში მოჭიდავე სიმონ მამარდაშვილი და გიგა გიგაურიც ჩაერთნენ, მაგრამ ევროპირველობაზე გამოსვლა ორივემ წინასწარ ეტაპზე დაასრულა. მამარდაშვილმა ჩერნოგორიელ დანილო ტოდოროვიჩსა და რუმინელ ტეოდორ ბალდეანს სამ-სამ წუთში სძლია, მერვედფინალში კი ბრიტანელ სტიუარტ მაკვეტთან ვაზარით წააგო და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი უმალ დაკარგა. გიგაურმაც წარმატებულად დაიწყო – სლოვენიელ პეტერ კრანჩ პოზარს ვაზარ-იუკოთი გასცდა. ლატვიელ ნიკიტა დუინოვსთან კი ვეღარას გახდა.

დღესვე, საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრებმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ხატია ჯანაშვილმა და სალომე მჭედლიშვილმაც (ორივე 63 კგ) იჭიდავეს. ლიპარტელიანი და მჭედლიშვილი ევროპირველობას თითო შეხვედრით გამოეთიშნენ. პირველი ჰოლანდიელ ფლორ დენ დეკერთან დამარცხდა, მეორე – ჩერნოგორიელ მირჟანა მილიჩთან. ჯანაშვილმა კი შვეიცარიელი ლორიანა კუკასა და დანიელი ლაერკე მარიე ოლსენის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში იპონითვე წააგო გერმანელ ლარა რეინმანთან. დამამშვიდებელ ეტაპზე კი ფრანგ კლემენს ემესთან დაპირისპირებისას გადამწყვეტი როლი ერთადერთმა გაფრთხილებამ შეასრულა, ფრანგის სასარგებლოდ და ქართველი ძიუდოისტი საბოლოოდ მე-9 ადგილს დასჯერდა.

ხვალ კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა 81, 90 და +90 კილოგრამ წონით კატეგორიებში და გოგონათა 70 და +70 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ კი იჭიდავებენ: დავით იმერლიშვილი (81 კგ), დავით რამაზაშვილი და გიორგი გველესიანი (ორივე 90 კგ).

 

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი

ჭაბუკები

ათენი

 

4 ივლისი

 

ვაჟები

 

50 კგ

1 რუსტამ ზაბოლოტნი (რუსეთი)

2 თემურ ნოზაძე (საქართველო)

3 კირილ სამოტუგი (უკრაინა)

3 კონსტანტინ სიმეონიდისი (რუსეთი)

5 ვანო ხუბაშვილი (საქართველო)

 

55 კგ

1 ნათიგ გურბანლი (აზერბაიჯანი)

2 აიუბ ბლიევი (რუსეთი)

3 რობიზონ ბეგლარაშვილი (საქართველო)

3 მანუელ ლომბარდო (იტალია)

 

60 კგ

1 რომარიკ ვენდ იამ ბოუდა (საფრანგეთი)

2 ოფეკ შანი (ისრაელი)

3 ნეილ მაკდონალდი (ბრიტანეთი)

3 ასიმ მამიედოვი (უკრაინა)

 

გოგონები

 

40 კგ

1 ჟასტინ დელოი (საფრანგეთი)

2 ლუის პეტი (ბელგია)

3 ჩიჩეკ აკიუზი (თურქეთი)

3 მარია ივკოვიჩი (სერბეთი)

5 ნატალია ყიფშიძე (საქართველო)

 

44 კგ

1 მიშელა ფიორინი (იტალია)

2 ლეილა ალიევა (აზერბაიჯანი)

3 ანიეკ ნორდერი (ჰოლანდია)

3 იანა შმიტსი (გერმანია)

 

48 კგ

1 რაბია სენიაილა (თურქეთი)

2 ბლანდინ პონტი (საფრანგეთი)

3 ეკატერინა დოლგიხი (რუსეთი)

3 მარუსა სტანგარი (სლოვენია)

 

5 ივლისი

 

ვაჟები

 

66 კგ

1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

2 ისმაილ ჩასიგოვი (რუსეთი)

3 ბექა უდესიანი (საქართველო)

3 დანიელ ჟეანი (საფრანგეთი)

 

73 კგ

1 ალექსანდრ კოლესნიკი (რუსეთი)

2 ტიმ გრამკოვი (გერმანია)

3 ნიკოლას ჩილარდი (საფრანგეთი)

3 მარტინ ჰოჟაკი (სლოვენია)

 

გოგონები

 

52 კგ

1 ანდრეა ლესკი (სლოვენია)

2 ბეტინა ტემელკოვა (ბულგარეთი)

3 გვენელ პატინი (საფრანგეთი)

3 პაულინ სტარკი (გერმანია)

 

57 კგ

1 ტეა გერცკენი (გერმანია)

2 ანა დაბროვსკა (პოლონეთი)

3 ჰილდე ხაგერი (ჰოლანდია)

3 იულია კოვალჩიკი (პოლონეთი)

 

63 კგ

1 ლარა რეიმანი (გერმანია)

2 მიხაელა პოლერესი (ავსტრია)

3 ლუბიანა პიოვესანა (ბრიტანეთი)

3 ივანა სუნევიჩი (ჩერნოგორია)

0.119719