დევისის თასის მეოთხედფინალის წყვილთა მატჩის შემდეგ ყაზახეთი შვეიცარიას 2:1-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ როჯერ ფედერერმა და სტანისლას ვავრინკამ თავიანთი ქვეყნის ნაკრების ნახევარფინალში გაყვანა მაინც მოახერხეს. ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა ვავრინკამ კუკუშკინს მოუგო და შეხვედრის ანგარიში გააყაიმა, გადამწყვეტი, მესამე ქულა კი შვეიცარიელებს ფედერერმა მოუპოვა.
32 წლის როჯერმა ანდრეი გოლუბევს 7:6, 6:2, 6:3 სძლია. მატჩი 2 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში როჯერმა 5 ბრეიკი და 4 ეისი შეასრულა. ბოლო 11 წლის განმავლობაში შვეიცარიელები პირველად გავიდნენ დევისის თასის ნახევარფინალში და ამ ეტაპზე იტალიას შეხვდებიან.
თავის მხრივ აპენინელებმა მეოთხედფინალში დიდ ბრიტანეთს მოუგეს. სამხრეთელებს გადამწყვეტი ქულა ანდრეას სეპიმ მოუპოვა, რომელმაც ჯეიმს უორდი 6:4, 6:3, 6:4 დაამარცხა.
მეორე ნახევარფინალური წყვილი ჩეხეთმა და საფრანგეთმა შეადგინეს. დევისის თასის მოქმედმა ჩემპიონმა ჩეხეთმა იოლად, 5:0 დაამარცხა იაპონია, ფრანგებმა კი გერმანელებს 3:2 მოუგეს. ფრანგებისა და გერმანელების მეხუთე შეხვედრაში გაელ მონფისმა პეტერ გოევჩიკი 6:1, 7:6, 6:2 დაამარცხა.
დევისის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან
შვეიცარია – იტალია
ჩეხეთი - საფრანგეთი