ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი დარწმუნებულია, რომ გუნდის ლიდერი, ფორვარდი უეინ რუნი, “წითელ ეშმაკებთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ზაფხულში, მაშინ, როდესაც მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელად მოიესი დანიშნა, ბევრს საუბრობდნენ 28 წლის თავდამსხმელის სხვა გუნდში გადასვლის ალბათობის შესახებ, მაგრამ მერე ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგა.
“დაზუსტებით ჯერ ვერაფერს ვიტყვი. წინ მივიწევთ იმ სიტუაციასთან შედარებით, რომელიც ზაფხულში გვქონდა და დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდება. ამ საკითხს მაშინ განვიხილავთ, როდესაც საჭირო დრო დადგება. ამჟამად რუნი ძალიან კარგად თამაშობს” - განუცხადა მოიესმა Goal-ს.
რუნის “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 12 მატჩში კი, 8 გოლი გაიტანა.