WBA-ის ვერსიით მსოფლიოს უძლიერესი მძიმეწონოსანი, ბრიტანელი დევიდ ჰეი აცხადებს, რომ WBA-ის ჩემპიონ ვიტალი კლიჩკოსთან სატიტულო ბრძოლის თაობაზე მოლაპარაკებას, ჯონ რუიზთან შეხვედრის ჩატარების შემდეგ დაიწყებს.
“მესმის, რომ კრივის მოყვარულებს ჩემი და კლიჩკოს დაპირისპირება ძალიან აინტერესებს, ვიდრე ამ ბრძოლის დასაგეგმად შევუდგებოდეთ მუშაობას, ჩემს გულშემატკივრებს ერთი ლამაზი გამარჯვება უნდა მივუძღვნა. ჩემპიონის ქამარს რუიზთან შეხვედრაში დავიცავ და მხოლოდ ამის შემდეგ დავილაპარაკებ უკრაინელებთან. როგორც შევიტყვე, ვიტალის ჟურნალისტებისთვის განუცხადებია, თითქოს ჩემს ბანაკთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე წამოუწყია. ეს ტყუილია და აზრზე არ ვარ რატომ იცრუა” – განუცხადა ჰეიმ The Guardian-ს.
29 წლის ბრიტანელს ოთხივე ვერსიის საჩემპიონო ქამრის შემორტყმა რომ სურს, აქამდეც არაერთგზის უთქვამს და ახლაც გაიმეორა - ევანდერ ჰოლიფილდის, ლენოქს ლუისისა და მაიკ ტაისონის დარად, ყველა ქამრის შეგროვებას ვაპირებ და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონიც აუცილებლად გავხდებიო.







