30 აგვისტოს გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, გორის “დილას” მთავარ მწვრთნელს გიორგი დევდარიანს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია განუსაზღვრეს და 600-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
დევდარიანმა ეს სასჯელი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-2 ტურში, თბილისის “დინამოსთან” მატჩში (1:1) მთავარი არბიტრის თორნიკე გვანცელაძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მიირო.
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამ თამაშს გამოტოვებს ბოლნისის “სიონის” თავდამსხმელი გიორგი კახელიშვილი, რომელიც ამასთანავე 500 ლარს გადაიხდის.
“სიონი”-“გურიას” დაპირისპირების დროს, კახელიშვილმა მსაჯის სასტვენის შემდეგ, ლანჩხუთელთა კამერუნელ ლეგიონერს ჩუენსუს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მაშინ, ამ ფაქტზე მთავარმა მსაჯმა დავით სანოძემ რეაქცია არ მოახდინა. თუმცა, ხსენებულ მატჩში მსაჯების დამკვირვებელმა მერაბ მალაღურაძემ მომხდარი დააფიქსირა და სადისციპლინო კომიტეტს სამსჯელოდ გადასცა.
აქვე გეტყვით, რომ 4 სექტემბერს ეს კომიტეტი კიდევ შეიკრიბება და სხვა საკითხებზე იმსჯელებს. “დისციპლინარები” “დილა”-“დინამოს” მატჩის სხვადასხვა საკამათო ეპიზოდების ვიდეოჩანაწერების განხილვასაც აგრძელებენ.