სტატიები

15:14 | 17.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

“დეტროიტ პისტონსი”

ბოლო სეზონები
მძიმე საკალათბურთო დროება დგას ბოლო ხანებია დეტროიტში. არადა, თითქოს ყველაფერი სხვა სცენარით უნდა განვითარებულიყო, როდესაც კლუბს 2011 წლის 8 აპრილს, ამერიკელი მილიარდელის, ტომ გროსის სახით, ახალი მფლობელი გამოუჩნდა. შეიცვალა მთავარი მწვრთნელიც - ჯონ კუესტერი ლოურენს ფრენკმა ჩაანაცვლა.
კლუბის გენერალურმა მენეჯერმა, ჯო დუმარსმა ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებული სტილით გადაწყვიტა გუნდის წარმატებისაკენ წაყვანა, თუმცა საბოლოოდ ისეთ ჩიხში შეიყვანა “დეტროიტი” რომ იქიდან გამოსვლა დღემდე უჭირს “პისტონსს”. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში რეგულარულში გუნდის საუკეთესო შედეგი 30 მოგება და 52 წაგებაა.
ამ შეეგების ფონზე, ნებისმიერ სხვა კლუბში გულშემატკივრები დუმარსს, ალბათ, ცეცხლში დაწვავდნენ, მაგრამ დეტროიტელი პუბლიკა ჯერ კიდევ დუმს, ჯო ხომ წლების განმავლობაში მათი სათაყვანებელი კალათბურთელი გახლდათ.

 

მთავარი მწვრთნელი: ლოურენს ფრენკი
ლოურენს ფრენკი ნბას ისტორიაში ერთადერთი მთავარი მწვრთნელია, რომელმაც კარიერა ზედიზედ 13 მოგებით დაიწყო (“ნიუ ჯერსიში”, 2004 წელს). თუმცა, ბედის ირონიით, 2009 წლის ნოემბერში გუნდიდან გაათავისუფლეს კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებლის გამო – “ნეთსმა” სეზონის სტარტზე მიჯრით 16 მატჩი წააგო.
ამის შემდეგ, ფრენკი ცოტა ხანს “ნბა ტვ”-ზე საკალათბურთო ანალიტიკოსად მუშაობდა, 2011 წლის 3 აგვისტოს კი, “დეტროიტის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლოურენს თვითონ უწევს სრულიად ახალი გუნდის მშენებლობის დაწყება. გასული სეზონი ძირითადად ექსპერიმენტებსა და გუნდში არსებული კონტიგენტიდან იმ მოთამაშეების არჩევას დაეთმო, ვის ირგვლივაც მომავალში უნდა აშენდეს ახალი, საჩემპიონო ამბიციების მქონე “დეტროიტი”.
ფრენკი საკალათბურთო სპეციალისტთა შორის ვერ სარგებლობს მაინდამაინც დიდი ავტორიტეტით, თუმცა, 2012-13 წლების სეზონის წინ მაინც მოახერხა ახალგაზრდა და პერსპექტიული, წინა ხაზის მოთამაშეთა შეკრება, რომელიც მთავარ დამრტყმელ ძალად უნდა იქცეს კლუბში.
ლოურენს ფრენკს აუცილებლად სჭირდება კარგი შედეგის ჩვენება სეზონის ბოლოსთვის, თორემ იგი დუმარსი ნამდვილად არ არის, ადგილობრივმა  პუბლიკამ მაგდენი რომ მოუთმინოს.

 

ახალი იმედი: ანდრე დრამონდი
ანდრე დრამონდს საკმაოდ შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემები გააჩნია – სიმაღლე 211 სმ, წონა 125 კილოგრამი, ამასთან, ძალიან ათლეტურია, არადა ჯერ მხოლოდ 19 წლისაა. მისი პლიუსები, ჯერჯერობით, ამით მთავრდება.
დერიკ ფეივორსის ნბა-ში მოსვლისას, სპეციალისტები თვლიდნენ, რომ მას ორ წელიწადში უნდა გაემართლებინა მასზე გაცემული ავანსები, დრამონდზე კი, ფიქრობენ, რომ 4 წელი მაინც დასჭირდება, საკალათბურთო სამყაროსთვის თავისი სრული შესაძლებლობების დასანახად.
“დეტროიტში” ეცდებიან, აღარ გაიმეორონ დარკო მილიჩიჩზე დაშვებული შეცდომების კასკადი და ანდრეს არავინ მოსთხოვს თავიდანვე წინა ხაზის ლიდერობას. მას ნელ ნელა შეაჩვევენ ახალ საკალათბურთო გარემოს და ეცდებიან, თვითონ გამოზარდონ უმაღლესი დონის ცენტრი, როგორც ეს თავის დროზე, “მემფისმა” გააკეთა, მარკ გასოლის და ზაკ რენდოლფის შემთხვევაში.

http://www.youtube.com/watch?v=HuXR7fFCbU4

 

მთავარი გმირი: გრეგ მონრო
როდესაც მოთამაშე დაჯილდოებულია განსაკუთრებული ნიჭით და გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, იქ ათლეტიზმი შეიძლება უკვე მეორე პლანზე გადავიდეს. გრეგ მონრო – მთლიანად ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული „მაღალი“ მოთამაშეა, რომელმაც უკვე დაუმტკიცა ყველას, რომ სწორედ მის გარშემო უნდა აშენდეს ახალი “დეტროიტი”. მას მომავალ სეზონში მძიმე ფორვარდის პოზიციაზე გადმოწევენ და ამით, უფრო მეტ თავისუფლებას მიანიჭებენ პარკეტზე.
მონრო, საკალათბურთო გამოცდილების მატებასთან ერთად, ყოველ წელს პროგრესირებს: აუმჯობესებს საშუალო დისტანციიდან ტყორცნას, გაცილებით უკეთ არჩევს პოზიციას, თუ სად უნდა დახვდეს მეტოქის ფარიდან ასხლეტილ ბურთებს და კვირიდან კვირამდე ხვეწავს შედეგიანი პასის გადაცემის კულტურას.
გრეგს მომავალში დიდი კარიერა ელის და სავარაუდოდ, 2013 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩში მან უნდა ჩაანაცვლოს აღმოსავლეთ კონფერენციის ხუთეულში “მაიამელი რეპტილია” - კრის ბოში.

http://www.youtube.com/watch?v=NISqxaC1xCE

მეხუთე ბორბალი: ჩარლი ვილიანუევა
ჩარლი ვილიანუევა 2009 წელს მოვიდა “დეტროიტში” და სამი სეზონის განმავლობაში, წლების მატებასთან ერთად, ნელ-ნელა კლებულობს მისი შედეგიანობაც.
2009 წელს, იგი საშუალოდ მატჩში 11,9 ქულას „აკეთებდა“, გასულ სეზონში კი, ამ მონაცემმა 7-ქულიან ნიშნულამდე ჩამოიწია.
ის 28 წლის გახლავთ და თუ გავითვალისწინებთ, რომ მის პოზიციაზე გადმოიწევს გრეგ მონრო, მაშინ სავარაუდოდ, ჩარლის მატჩში საშუალოდ ათ წუთზე მეტი დრო არ მიეცემა (თუ, რა თქმა უნდა, ტრავმების ეპიდიემია არ დაატყდა სრულიად “დეტროიტს”).
თუმცა, მისი 35-მილიონიანი კონტრაქტი ამოწურვის პირასაა და თუ უნდა, რომ 29 წლის ასაკში არ დაასრულოს კარიერა ნბა-ში, მაშინ განსაკუთრებით უნდა მოინდომოს და რაიმე ხერხებით მოაწონის თავი სხვა კლუბების გენერალურ მენეჯერებს. გრეგ მონროსგან განსხვავებით, მას ხომ დიდი წარმატებით შეუძლია პერიმეტრზე ამოსვლა და მეტოქეების 3-ქულიანებით დაბომბვა. მოტივაცია საკმაოდ დიდია და სწორედ ეს ასპექტი შეიძლება წაადგეს როგორც ჩარლის, ასევე “დეტროიტს”.

http://www.youtube.com/watch?v=T3La4-F7Mp8

 

Xფაქტორი: ბრენდონ ნაითი
“დეტროიტში” სჯერათ, რომ ბრენდონ ნაითი მათი გამთამაშებელი კიდევ მინიმუმ 10 წელი მაინც იქნება და მანამდე პირველ ნომრის პოზიციაზე არსებული პრობლემები სრულიად ამოწურულია.
ბრენდონის პროფილს თუ გადავხედავთ, გაგვიჭირდება ისეთი კომპონენტის პოვნა, რომლის ხარჯზეც შეუძლია განსაკუთრებული გახდეს და უცვლელი წევრი შეიქმნას ყველა ვარსკვლავთა მატჩებისა.
არ გამოირჩევა ათლეტური აღნაგობით, ვერც მაღალი დონის მექულეა, სადებიუტო სეზონში საშუალოდ 8 ქულას და 5 შედეგიან გადაცემას აკეთებდა მატჩში, რაც არც თუ ისე მაღალი შედეგია, ძირითადი გამთამაშებელისთვის. არადა, ჩონსი ბილაფსი კვლავ განაგრძობს კარიერას, დეტროიტელი პუბლიკისთვის სამწუხაროდ, ამჯერად,  “ნიუ-იორკის” მაისურით.

http://www.youtube.com/watch?v=grfj6DXq7q0

სასტარტო ხუთეული: ბრენდონ ნაითი, როდნი სტაკი, ტაიშონ პრინსი, გრეგ მონრო, ანდრეს დრამონდი


ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში
ქულები: მონრო – 16,8
მოხსნები: მონრო – 9,5
გადაცემები: ნაითი – 5
ჩაჭრები: მონრო – 1,5
დაფარებები: დრამონდი –1,5
დაკარგვები: ნაითი –2,5


დასკვნა: კლუბის გენერალურმა მენეჯერმა წლეულს პირველი ზაფხული გაატარა ისე, რომ თავისი გადაწყვეტილებებით არ ავნო კლუბს. თუ დრამონდის დრაფტზე მე-9 ნომრად არჩევაც გაამართლებს, მაშინ კლუბის პროგრესი აშკარა იქნება.
წინა ხაზისგან განსხვავებით, “დეტროიტის” უკანა ხაზი ერთ-ერთი ყველაზე სუსტია მთლიანად ლიგაში. მთავარ პრობლემად მაინც გუნდში არსებული კონტიგენტის ახალგაზრდული ასაკი რჩება, არადა, გამოცდილება, უმეტეს შემთხვევებში, გადამწყვეტ როლს თამაშობს პლეიოფისთვის ბრძოლაში. ტაისონ პრინსის გუნდში დატოვებაც სწორედ ამ პრობლემის რამენაირად გამოსწორებას ემსახურება.
“დეტროიტს” ძალიან აკლია ისეთი ძლიერი მთავარი მწვრთნელის ხელი, როგორიც თავის დროზე ლარი ბრაუნი გახლდათ.
2013 წლის პლეი ოფში მოხვედრა, ჯერჯერობით, მაინც ბუნდოვნად მოსჩანს.
 

 

გიორგი ბარბაქაძე

 

0.13566