26 წლის ამერიკელი დეონტა ვონი საქართველოს სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი უკანახაზელია. „შსს აკადემიასთვის“ შენაძენი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და თავად მოთამაშეც ძალიან კმაყოფილია გუნდის პირობებით.
როგორც ამერიკის უმეტეს ოჯახებში, ვონის ოჯახიც კალათბურთის დიდი მოყვარული იყო. შედეგად დეონტამ 8 წლის ასაკში დაიწყო საკალათბურთო კარიერა. ის წარმოშობთ შტატ ინდიანას მთვარქალაქ ინდიანაპოლისიდანაა. პირველი ნაბიჯები დიდი კალათბურთისკენ ცინცინატის უნივერსიტეტში გადადგა. დღეს ის უკვე 26 წლისაა და საკმაოდ კარგი სპორტული ბიოგრაფია აქვს. ნათამაშები აქვს პოლონეთისა და უკრაინის კლუბებში, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, საქართველო ყველა იმ ქვეყანას სჯობს, სადაც ნამყოფია.
„რა თქმა უნდა, ძნელია აქ თამაში, თუმცა ძალიან მომწონს აქაურობა და გუნდსაც კარგად ვეწყობი. ჩვენი კლუბის მთავარი პრიორიტეტი გუნდურობაა. გუნდი იმდენად შეკრულია, ვარჯიშებისა და თამაშების გარდა, საჭმელადაც კი ერთად დავდივართ, რაც ძალიან მომწონს.
ახალ წლამდე ძალიან მიჭირდა, მერე ჩემი ცოლი და შვილები ჩამოვიდნენ და ახლა ყველანი ერთად ვართ. მათ გარეშე ძალიან რთულია, მათთან ერთად კი თავს კარგად ვგრძნობ. მიყვარს, როცა ჩემს საგულშემატივროდ მოდიან“, - განაცხადა ვონმა.
დეონტა სუპერლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდს დადებითად აფასებს, თუმცა პლეი ოფის პირველ-მეორე ნომრებად „აკადემიასა“ და „ოლიმპის“ დასახელებაში ნამდვილად არ შემცდარა. სუპერლიგის გამორჩეულ მოთამაშეებად დაასახელა: „ოლიმპიდან“ სტენ სოკი, სტევან მილოშევიჩი, „რუსთავიდან“ – ნეით ბოუი, თსუ-დან – გივი ბაქრაძე, „ქუთაისიდან“ – რიჩარდ მათიაშვილი, „არმიადან“ – ბესო ლეჟავა და „სოხუმიდან“ – ირაკლი ჩლაიძე. საკუთარი გუნდის ლიდერებად კირკ არჩიბეკს, ჩად პრევიტსა და საკუთარ თავს მიიჩნევს. ასევე აღნიშნავს მერაბ ბოქოლიშვილს, ილია ლონდარიძესა და რევაზ როგავას.
რაც შეეხება საქართველოს, საკუთრივ ქვეყანა ძალიან მოსწონს. ასევე მოხიბლულია ქართული კერძებით: ქაბაბი, ხაჭაპური, შემწვარი წიწილა და სხვა. განსაკუთრებით კმაყოფილია კლუბთან გაფორმებული კონტრაქტით და როგორც აღნიშნა, შემოთავაზებებიდან საუკეთესოს მოაწერა ხელი. „თუ გუნდს დავჭირდი, კიდევ ჩამოვალ საქართველოში. ისე, სეზონის ბოლოს კონტრაქტი მიმთავრდება“, - აღნიშნა ვონმა.
აღმოჩნდა, რომ სპორტსმენი ნამდვილი მეოჯახეა. ცდილობს, თავისუფალი დრო შინ, „იქსბოქსის“ თამაშში და ოჯახთან ერთად გაატაროს. როგორც აცხადებს, აქტიურობა მხოლოდ ვარჯიშებზე უყვარს და ღამის კლუბებში განტვირთვის დიდი მოყვარული არ არის.
ქართველებზე საკმაოდ მრავალფეროვანი წარმოდგენა აქვს. „ვინც შემხვედრია, 50% დიდად მეგობრული არ არის, სწორად ვერ იგებენ ნათქვამს. ბევრი უსიამოვნო საუბარი მქონია, რადგან ჩემი ნათქვამი არასწორად გაუგიათ. ქუჩაშიც ძალიან უცნაურად მიყურებს ხალხი, მაკვირდებიან – ალბათ იმიტომ. რომ ბევრი ტატუ მაქვს“.
ინტერვიუს ასევე ესწრებოდნენ მისი მეუღლე დიანა, ქალიშვილი დეიზი და ვაჟი დეონტა. დიანას საქართველოში ყოფნის პერიოდში მეუღლის თითქმის არცერთი თამაში არ გამოუტოვებია. „მომწონს, მეტიც, აღფრთოვანებული ვარ დის(დეონტა ვონი) თამაშით“, - განაცხადა მან. როგორც შემდგომში გაირკვა, დიანა პროფესიით ჟურნალისტია და ახლა ბიზნესს და კომუნიკაციებს სწავლობს. თავისუფალ დროს მუსიკას უსმენს. საქართველოში მისი ძირითადი საქმიანობა ბავშვების აღზრდას და დიასახლისობას უკავშირდება. ამბობს, რომ ძალიან უჭირს უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხთან კომუნიკაცია, ასევე ქართული ენის გაგება და ასო „ხ“-ს გამოთქმა. აღნიშნავს, რომ ქართველები ძალიან მეგობრულები არიან, თუმცა მაინც ეუცხოება ქუჩაში უცნობი ადამიანებისგან ზედმეტი ყურადღება და ის, რომ ყველას მათი შვილების ხელში დაჭერა უნდა. უკვე სცადა ქართული კერძების მომზადება და ხაჭაპურიც გამოაცხო.
პატარა დეონტა ჯერ ბაღის ასაკისაც არ არის. დეიზი საქართველოში რუსულ-ინგლისურ სკოლაში დადის. მისი საუკეთესო მეგობარი აქ კირკ არჩიბეკის („შსს აკადემიას“ ცენტრი) ქალიშვილი ლეიაა.