კალათბურთი

10:44 | 5.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

"დენვერმა" "დალასის" საპლეიოფო შანსს ხაზი გადაუსვა

"დენვერ ნაგეთსი" აგრძელებს  შთამბეჭდავი თამაშის ჩვენებას. დღეს გამთენიისას ჯორჯ კარლის შეგირდებმა საკუთარ PEPSI CENTER-ში პლეი ოფში მოსახვედრად  მებრძოლ "დალას მავერიქსს" უმასპინძლეს და დრამატულ ბრძოლაში, ანდრე იგუდალას მიერ მეოთხე მეოთხედის ბოლო წამებზე შესრულებული ზუსტი საშუალო ტყორცნის შედეგად მეტოქეს ხელიდან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გამოგლიჯეს 95:94.

ტეხასელებს რეგულარული გათამაშების წინა მატჩში უშუალო კონკურენტ "ლეიკერსთან" განცდილი 20 ქულიანი  მარცხის შემდეგ უკანდასახევი გზა აღარ გააჩნდათ და მათაც მეტოქეს პირველი წუთებიდან აქტიურად შეუტიეს. ვეტერანი მაიკ ჯეიმსი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, რომელიც პასებსაც არიგებდა და თუ შანსი მიეცემოდა, კალათისკენაც ზუსტად ისროდა. პერიოდის მეორე ნახევარში შეცვლაზე ძალიან კარგად შემოვიდა ბრენდონ რაიტი, რომელმაც სისწრაფე შეძინა "დალასს" სამწამიან ზონაში, რამაც შედეგი მყისიერად გამოიღო და სტუმრები 23:19 დაწინაურდნენ.

მეორე მეოთხედში "დენვერი" ნელ-ნელა გამოფხიზლდა და სათამაშო ტემპს უმატა. მასპინძლეთა მეორე ხუთეული ერთ ერთი საუკეთესოა მთელს ლიგაში და ჯორჯ კარლმაც სცადა ამ უპირატესობის გამოყენება. კენეტ ფარიდმა და კოსტა კუფოსმა ახლო დისტანციებიდან ჩააგდეს, ვეტერანმა ანდრე მილერმა შეტევასა და დაცვაში რამდენიმე "პროფესორული" გადაწყვეტილება მიიღო და დიდ შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ 47:47.

მატჩის მეორე ნახევარშიც უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდა. ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას. შეხვედრის მიმდინარეობისას აუნაზღაურებელი დანაკარგი მიიღო "დენვერმა", როდესაც იტალიელი ფორვარდი დანილო გალინარი დაემტვრა და გაცხადდა, რომ "ნაგეთსი" პლეი ოფს მის გარეშე დაიწყებს (რამდენიმე კვირით ტრავმირებულია ასევე გუნდის ძირითადი გამთამაშებელი ტაი ლოუსონიც). მესამე მეოთხედის დასკვნით ნაწილში სტუმრები ისევ გააქტიურდნენ. ჯერ ენტონი მოროუმ გაისროლა პერიმეტრიდან, შემდეგ მერიონმა, კარტერმა და კოლისონმა დაასრულეს გათამაშებული კომბინაციები წარმატებით საშუალო დისტანციიდან, "მავერიქსმა" დროის ეს მცირე მონაკვეთი 11-3 მოიგო და უკანასკნელ მეოთხედს 7 ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა 77:70.

გადამწყვეტ მომენტში ლიდერობა საკუთარ თავზე უგამოცდილესმა ანდრე მილერმა აიღო, რომელმაც  დაცვაში დაალაგა გუნდის თამაში."ნაგეთსის" კალათბურთელებმა სრულად გადაკეტეს სტუმართა გერმანელი ლიდერი დირკ ნოვიცკი, რამაც დაბნეულობა შეიტანა ტეხასელთა რიგებში. საფინალო სირენამდე  10 წამით ადრე მასპინძელთა ჩამორჩენა მხოლოდ ერთ ქულას (93:94) შეადგენდა და კენეტ ფარიდს ორი საჯარიმო უნდა ესროლა, თუმცა მოულოდნელად "მენიმალმა" ორივე ერთ ქულიანი სროლა გააფუჭა... მხსნელად ამჯერად "დენვერს" კორი ბრიუერი მოევლინა, რომელიც მეტოქეთა ზურგს უკნიდან გამოხტა და შეტევაში ბურთი მოხსნა. ბოლო შანსი მასპინძლებმა გამოიყენეს, ანდრე იგუდალამ უყურადღებობისათვის დასაჯა მეტოქე და გამარჯვების მომტანი საშუალო ტყორცნა ჩასვა კალათში.

მატჩის საკუთესო მოთამაშე 37 წლის ანდრე მილერი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულა Dდა 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა, სტუმართა რიგებში კი გამოირჩა ბრენდონ რაიტი - 16 ქულა+6 მოხსნა.

დღევანდელი წარუმატებლობის შემდეგ "დალასმა" ფაქტიურად დაკარგა შანსი გავიდეს პლეი ოფში, ხოლო თავის მხრივ "დენვერმა" კიდევ უფრო განიმტკიცა საკუთარი პოზიცია დასავლეთ კონფერენციის მესამე საფეხურზე.

"ბრუკლინ ნეთსმა" საკუთარ არენაზე  "ჩიკაგოს" უმასპინძლა და 2 ქულიანი სხვაობით დათმო შეხვედრა 90:92. ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია პი ჯეი კარლესიმომ სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა.

 

დენვერი - დალასი 95:94 (19:23, 28:24, 23:30, 25:17)

დენვერი: მილერი (22), იგუდალა (8), კუფოსი (4), ფარიდი (12+19მ), გალინარი (9); ჩენდლერი (8), მაკგი (4), ბრიუერი (23), ფურნიე (3), რენდოლფი (2)

დალასი: ჯეიმსი (6), მეიო (4), კამანი (13), ნოვიცკი (13), მერიონი (10); კარტერი (11), რაიტი 916), კოლისონი (11), კრაუდერი (3), მორროუ (7)

 

ბრუკლინი - ჩიკაგო 90:92 (26:13, 21:23, 20:29, 23:27)

ბრუკლინი: უილიამსი (30+10პ), ჯონსონი (12), ლოპესი (28), ევანსი, ვოლესი (4); ბოგანსი, ჰამფრიზი (2), ვოტსონი (1), ბლაჩი (8), ბრუქსი (5)

ჩიკაგო: ჰაინრიხი (10), ბატლერი (16+10მ), მოჰამედი (4), ბუზერი (29+18მ), დენგი (18); რობინსონი (12), რადმანოვიჩი (2), ტიგი, კუკი (1)

 

ოკლაჰომა - სან ანტონიო 100:88 (29:18; 23:26; 25:27; 23:17)

ოკლაჰომა: ვესტბრუკი (27), სეფალოშა (11), დურანტი (25), იბაკა (11), პერკინსი (2); მარტინი (2), კოლისონი (2), ფიშერი (17), ჯექსონი (3)

სან ანტონიო: პარკერი (2), გრინი (6), ლეონარდი (24), დანკანი (24), სპლიტერი (4); ნილი (14), დიაუ (6), დე კოლო (8)

 

0.167594