ბოლო სეზონები: შეტევა, მხოლოდ შეტევა
კარმელო ენტონის “ნიუ ორკში” გაშვების შემდეგ, “დენვერი”, ალბათ, საუკეთესოა ნბა-ს იმ გუნდებს შორის, რომელთაც სუპერვარსკვლავი არ ჰყავთ, თუმცა, წარმატებებს მათ გარეშეც აღწევენ.
ზაფხულში გუნდის ხელმძღვანელობამ შესანიშნავი სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა, რამაც ახალ სეზონში “ნაგეთსი” წარმატების უფრო მაღალ მწვერვალზე უნდა აიყვანოს: გაუგრძელეს კონტრაქტი ახალგაზრდა ცენტრ ჯავალ მაკგის და ვეტერან ანდრე მილერს (ეს უკანასკნელი შესრულებული შედეგიანი გადაცემების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა ნბა-ს ისტორიაში); დრაფტზე აიყვანეს პერსპექტიული ევან ფურნიე, რომელსაც ძალუძს სეზონის სტარტიდანვე მნიშვნელოვანი როლის მოთამაშე გახდეს კლუბის ცხოვრებაში; დაიმატეს ენტონი რენდოლფი, რომელსაც, ჯერჯერობით, კარიერაში მიღებული ხშირი ტრავმები არ აძლევს სრულად გახსნის საშუალებას; და მთავარი: დენვერის რიგები შეავსო “ფილადელფიის” ბოლო წლების უდავო ლიდერმა, ანდრე იგუადალამ. მართალია, მის გადმოსაყვანად გუნდმა დათმო ელ ჰარინგტონი და აარონ აფლალო, მაგრამ ჯორჯ კარლის სათამაშო სტილს იგი უფრო მიესადაგება.
მთავარი მწვრთნელი: ჯორჯ კარლი
ჯორჯ კარლს ცხოვრების მთავარ გამარჯვებად თამამად შეგვიძლია რამდენიმე წლის წინათ ყელის კიბოს დამარცხება მივიჩნიოთ, ხოლო საკალათბურთო ბატალიებზე თუUგადავერთვებით, რეგულარულში მის გაწვრთნილ კლუბებს უკვე 1074 გამარჯვება აქვთ მოპოვებული, თუმცა, მიუხედავად ასეთი წარმატებისა, კარლის თითებზე საჩემპიონო ბეჭედი კვლავ არ ჩანს.
იგი ჯიუტად ცდილობს დაუმტკიცოს საკალათბურთო სამყაროს, რომ მხოლოდ კარგი შემტევებით დაკომპლექტებული გუნდითაც შეიძლება ნბა-ს ჩემპიონობის მოგება.
რაც “დენვერში” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა, “ნაგეთსი” ყოველ წელს ახერხებს პლეი ოფში გასვლას, თუმცა, იქ, პირველი ეტაპის გადალახვა, ჯერჯერობით, შეუსრულებელ მისიად ექცა. გასულ სეზონში, მხოლოდ მე-7 მატჩში დათმო სერია “ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან” და კალიფორნიელ მეტოქეებს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის საგზური უბოძა.
უკანა ხაზი: ლოუსონი, იგუადალა, გალინარი
გუნდის ძირითადი გამთამაშებელი ტაი ლოუსონი ყოველ წელს პროგრესირებს და ყველა მატჩში თავისუფლად შეიძლება შეამჩნიოს უცხო თვალმაც, თუ რა არის მისი ძლიერი მხარე და - რა სუსტი. მისი სტიქია სწარფ ტემპში თამაშია, კონტრშეტევებისას, მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა, მისი პოზიციიდან გამომდინარე, აშკარად გამოსაწორებელი აქვს მოედნის ხედვა. ხშირ შემთხვევებში, გაუმართლებლად, საკუთარ თავზე იღებს და არ აწვდის პასებს გაცილებით უკეთეს პოზიციაში მდგომ პარტნიორებს.
ანდრე იგუადალას სუსტმა თამაშმა მნიშვნელოვნად განაპირობა 2012 წლის პლეი ოფში “ფილადელფიას” მარცხი “ბოსტონთან”, თუმცა, წინა კლუბისგან განსხვავებით, ანდრეს თამაშის სტილი “ნაგეთსისას” უფრო მიესადაგება. აქ, მას გაცილებით უფრო მეტჯერ მიუვა ბურთი და სწრაფი შეტევების ფონზე, ხშირად მოუწევს გიჟური სლემ დანქებით შეტევების დასრულება. იგი ძალიან საიმედოა დაცვაში თამაშისას, რაც მის აქციებს “დენვერში” გაცილებით მაღლა სწევს.
http://www.youtube.com/watch?v=l6BkB2mTkRE
იტალიელი დანილო გალინარი ძალიან არასტაბილური თამაშით გამოირჩევა, თუ თამაში წაუვიდა, მას შეუძლია მარტომ მოიგოს შეხვედრა, ანდაც პირიქით - საბოლოოდ გაწიროს კლუბი. გამოსასწორებელი აქვს სამქულიანი ზონიდან ზუსტი ტყორცნების პროცენტული მაჩვენებელი. პლეი ოფში “ლეიკერსთან” დაპირისპირებისას, მისთვის კატასტროფული 17,4% დაფიქსირდა.
http://www.youtube.com/watch?v=LHAYqfWREQs
წინა ხაზი: კენეტ ფარიდი, ჯავალ მაკგი
მიუხედავად იმისა, რომ კენეტ ფარიდი დრაფტზე 22-ე ნომრად აირჩიეს, მან სადებიუტო სეზონშივე მოახერხა ძირითადი ხუთეულის წევრად გახდომა და საკმაოდ სტაბილური მოთამაშის სტატუსიც მიიღო საკალათბურთო სპეციალისტებისგან. ფარიდი გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, ძალიან ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს პარკეტზე და შეტევაშიც საკმაოდ აგრესიულია.
მისი მეწყვილე კი, გახლავთ “ვაშინგტონიდან” გადმოყვანილი ჯავალ მაკგი, რომელიც გამოირჩევა როგორც თავისი ფიზიკური მონაცემებით, ასევე თამაშის უხეში სტილით. ძალიან საიმედოა დაცვაში თამაშისას, წარმატებით იბრძვის მოხსნებზე, როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის ფარზე. თუ მოახერხებს და საკალათბურთო ინტელექტით გაამდიდრებს საკუთარ არსენალს, მაშინ შეუძლია, პრეტენზია იქონიოს გუნდის ლიდერობაზე.
http://www.youtube.com/watch?v=nDWdmiqXq0I
სათადარიგოთა სკამი: ანდრე მილერი, ევან ფურნიე, ვინსონ ჩენდლერი, ტიმოფეი მოზგოვი, კოსტას კუფოსი
“დენვერს” ძალიან ძლიერი და დაბალანსებული სათადარიგოთა სკამი ჰყავს. სასტარტო ხუთეულის უკანა ხაზს დიდ დახმარებას გაუწევს ანდრე მილერი, რომელიც მიუხედავად სოლიდური ასაკისა (36), გასულ სეზონში საშუალოდ ოცდაორ წუთში 6,7 გადაცემას აწვდიდა პარტნიორებს.
ჯორჯ კარლს თამაშის მიმდინარეობისას ეპიზოდურად შეეძლება მსუბუქი ხუთეულის გამოყვანისას 2 გამთამაშებლით ითამაშოს და ანდრე მსროლელის პოზიციაზე გადაწიოს. მის გარემოცვაში დიდ გამოცდილებას მიიღებს ახალგაზრდა ევან ფურნიე, რაც მისი კარიერის განვითარებას მხოლოდ წაადგება.
წინა ხაზშიც საკმაოდ სოლიდური დამხმარეები ჰყავს მარქაფაში “ნაგეთსს”: რუსეთის ნაკრების ძალიან მოძრავი ცენტრი, ტიმოფეი მოზგოვი ნორმალური საშუალო ტყორცნით და ბერძენი კოსტას კუფოსი, რომლის ქმედებებშიც ისახება ელადური საკალათბურთო სკოლის დამახასიათებელი დადებითი ელემენტები. იგი ყოველთვის მზად არის უყურადღებობისთვის მყისიერად დასაჯოს მეტოქე.
სასტარტო ხუთეული: ტაი ლოუსონი – ანდრე იგუადალა – დანილო გალინარი – კენეტ ფარიდი – ჯავალ მაკგი
გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში
ქულები: ლოუსონი 18,4
მოხსნები: ფარიდი 10,2
გადაცემები: ლოუსონი 6,9
ჩაჭრები: იგუადალა 1,9
დაფარებები: მაკგი 2,2
დაკარგვა: მილერი 2,5
დასკვნა: “დენვერის” თამაშის ყურება არცერთ ნეიტრალურად განწყობილ გულშემატკივარს არ ტოვებს გულგრილს. “ნაგეთსი” ხომ 2011-12 წლების სეზონში ყველაზე რეზულტატური გუნდი იყო, აგროვებდა რა საშუალოდ მატჩში 104,1 ქულას. კლუბის ხელმძღვანელობა კი მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ბოლო წლებია ერთ ადგილს ტკეპნის და ვერ პროგრესირებს, მაინც ჯიუტად არ ცვლიან აღებულ კურსს და ცდილობვენ დაუმტკიცონ მთელს სამყაროს რომ დაცვითი სტილის კალათბურთის გარეშეც შესაძლებელია პლეიოფში წარმატების მიღწევა, წლეულს გუნდის თამაშის სისწრაფე გაცილებით უფრო მაღალ დონეზე ასწიეს და წინა ხაზის მოთამაშეები ფიზიკურად გაცილებით ძლიერი მოთამაშეებით დააკომპლექტეს. საინტერესოა გაამართლებს კი ახალი ცვლილებები?გადალახავენ ბოლოსაბოლოს თუნდაც ერთ ეტაპს პლეიოფში? მოახლოვებული სეზონი ყველა კითხვაზე გაგვცემს პასუხს.
http://www.youtube.com/watch?v=rCkA4v6kJxQ
გიორგი ბარბაქაძე