ფეხბურთი

15:52 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დენის ბერგკამპი: “ინგლისური საფეხბურთო ფილოსოფია ჩემსას დაემთხვა”

 დენის ბერგკამპი 1995 წლიდან 2006-ის ზაფხულამდე ჩრდილოლონდონური “არსენალის” ღირსებას იცავდა და “მეთოფეებთან” ერთად სამჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი და ამდენჯერვე დაეუფლა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასს. ამიტომაც უნიჭიერეს ჰოლანდიელ ფორვარდს “მეთოფეთა” გულშემატკივრები “თავისიანად” თვლიან და არც ისაა გასაკვირი, “გარდიანის” კორესპონდენტი ბერგკამპს ინტერვიუს მსვლელობისას ინგლისურ ფეხბურთზე რომ სთხოვდა აზრის გამოთქმას.

 - “არსენალსკვლავინდებურად თქვენს გუნდად თვლით? 

- რასაკვირველია. საკუთარ თავს ჯერ კიდევ “არსენალის” ნაწილად მივიჩნევ. ხშირი კონტაქტი მაქვს ადამიანებთან, რომელთაც ზუსტი წარმოდგენა და ინფორმაცია გააჩნიათ, თუ რა ხდება “ემირეიტსზე”. 11 წელი გამოვდიოდი ნისლიან ალბიონზე და საკუთარი ცხოვრებიდან და მეხსიერებიდან  “მეთოფეების” ამოშლა შეუძლებელია. ისე კი, ინგლისურ საფეხბურთო კულტურას მშობლიურად მივიჩნევ.

- ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში სამჯერ ითამაშეთ ინგლისის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. ეს შეხვედრები თუ გახსოვთ?

- როდესაც პირველად ვითამაშე ინგლისელთა წინააღმდეგ, იმ დღეს “ორანიეს” შემადგენლობაში სასტარტო მატჩს ვატარებდი. ეს 1993 წელს იყო. როდესაც ნაკრებში დამიძახეს, ნერვიულობისგან ღამე არ მძინებია. მე ხომ ლეგენდარულ “უემბლიზე” უნდა მეთამაშა ისეთი ბრწყინვალე ნაკრების პირისპირ, როგორიც ინგლისია. მატჩის წინ, მის მსვლელობისას და მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგაც ტრიბუნებზე საოცარი ატმოსფერო იყო. თამაში 2:2 დასრულდა, მე კი გოლი გავიტანე, რომელსაც სანაკრებო კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ვთვლი. ჰოლანდიის ნაკრებში 79 მატჩი ჩავატარე, სადებიუტოს კი მაინც განსაკუთრებული ადგილი უკავია.

- ინგლისში ასპარეზობაზე საფეხბურთო კარიერის დასაწყისში თუ ფიქრობდი?

- მეტსაც გეტყვით – ინგლისში თამაში ადრეული ასაკიდან მინდოდა. ჰოლანდიაში ნისლიანი ალბიონის უპირველესი საფეხბურთო ლიგის მატჩებს ჩემს ბავშვობაშიც აჩვენებდნენ და მეც პირდაღებული ვუცქერდი წამყვანი ინგლისელი ფეხბურთელების ჟინიან ასპარეზობას. განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალებს ვადევნებდი თვალყურს. ბრიტანულ ფეხბურთში მოთამაშეთა და გულშემატკივართა საქმისადმი მიდგომა, სტადიონებზე გამეფებული ატმოსფერო, გუნდების უმრავლესობის მიერ დანერგილი შემტევი სტილის თამაში მხიბლავდა. ინგლისური საფეხბურთო ფილოსოფია ჩემსას დაემთხვა. სიხარულით დავთანხმდი “არსენალის” წინადადებას “ჰაიბერიზე” გადასვლასთან დაკავშირებით და მილანის “ინტერიც” უყოყმანოდ დავტოვე. თავიდანვე ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი 4-4-2 სათამაშო სქემის დროს. მომეწონა მატჩების მსვლელობისას ფეხბურთელთა თავდადება, “ფეარ ფლეის” პრინციპების განუხრელი დაცვა, რაფინირებული ინგლისური იუმორი.

- ინგლისელ მოთამაშეებს ქების სიტყვებით მოიხსენიებთ, ბევრის აზრით კი, პრემიერლიგის კლუბების წარმატება დიდწილად არა ადგილობრივი, არამედ უცხოელი ვარსკვლავების დამსახურებაა...

- ეს სულაც არ აკნინებს ინგლისელ მოთამაშეთა ღირსებას. უცხოელმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა კი პრემიერლიგა ახალ სიმაღლეზე აიყვანეს. გარკვეულ საკითხებში კონტინენტურმა მიდგომამ ინგლისელებს ძალიან დიდი სამსახური გაუწია. რაღაც ეტაპზე ალბიონური ფეხბურთი თითქოს ჩაიკეტა. ამის მიზეზი დიდწილად ინგლისური კლუბების ხუთწლიანი საერთაშორისო იზოლაცია გახლდათ. ტექნიკური და ტაქტიკური ასპექტით ინგლისური ფეხბურთი ადვილად გასაშიფრი გახდა. მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა გასული საუკუნის მიწურულიდან, როცა კუნძულებზე ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე და მწვრთნელი გადავიდა. ინგლისელებმაც დაამტკიცეს, ისინი მზად იყვნენ ახალი საფეხბურთო ცხოვრება დაეწყოთ. ამასთან, მათ თავიანთი საუკეთესო თვისებები არათუ დაკარგეს, პირიქით, განიმტკიცეს და უკეთაც ათამაშდნენ. უცხოელთა მოზღვავება კი მხოლოდ ცალმხრივად დადებით მოვლენად არ უნდა შევაფასოთ. საქმე ისაა, რომ ინგლისში უკვე 15-16 წლის მოთამაშეებიც კი ჩაჰყავთ, ეს კი ადგილობრივ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნიჭის სრულად გამოვლენაში ხელს უშლის. სამაგიეროდ საგრძნობლად ამაღლდა საერთო-საფეხბურთო დონე, რამაც დადებითი ზეგავლენა ეროვნულ ნაკრებზეც მოახდინა. 

0.120192