ლონდონის “ჩელსის” სენეგალელი თავდამსხმელი დემბა ბა ფერნანდო ტორესთან მის კონკურენციაზე საუბრობს. 27 წლის შემტევის თქმით, მან არ იცის, შეძლებენ თუ არა ის და ესპანელი შეტევაში ერთდროულად თამაშს.
რაფაელ ბენიტესის დროს, “ჩელსის” შეტევაში როტაციის პრინციპი მოქმედებდა. ბასა და ტორესს სათამაშო დრო თანაბრად ეძლეოდათ. თუმცა, მომდევნო სეზონიდან, ლონდონელებს ახალი მწვრთნელი, სავარაუდოდ ჟოზე მოურინიო ეყოლებათ.
“შევძლებთ თუ არა მე და ტორესი დუეტში თამაშს? უპირველესად, ახალი მწვრთნელის დანიშვნას უნდა დაველოდოთ. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებთ, რომელი სქემით ვითამაშებთ, იქნება თუ არა ჩვენი თამაში 2 თავდამსხმელზე აგებული.
მივიჩნევ თუ არა ფერნანდოს ჩემს მოწინააღმდეგედ? არა. ჩვენ ჯანსაღი კონკურენცია გვაქვს. ეს მოდუნების საშუალებას არ მაძლევს.” – ავრცელებს დემბა ბას სიტყვებს Sky Sports-ი.