არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ დუბაის ტურნირის (საპრიზო ფონდი მილიონ 785 ათასი დოლარი) პირველი ნახევარფინალისტი გახდა. პლანეტის კლასიფიკაციის მეშვიდე საფეხურზე მყოფმა პატაგონიელმა 25 წლის გერმანელ დანიელ ბრანდსს 6:4, 6:2 მოუგო.
დელ პოტროსა და ბრანდსის შეხვედრა საათსა და 2 წუთს გაგრძელდა. ხუან მარტინმა 3 ბრეიკი განახორციელა და 8 ეისი შეასრულა. არგენტინელის სანახევარფინალო მოწინააღმდეგეს ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ანდრეას სეპის მატჩი გაარკვევს.
დუბაის შეჯიბრების მეოთხედფინალის წინა დღეს დელ პოტრო დიეგო არმანდო მარადონას შეხვდა. “დონ დიეგოსთან ურთიერთობა ძალიან გამიხარდა. იგი ნებისმიერ არგენტინელს უყვარს. მარადონასთან ჩოგბურთიც კი ვითამაშე”, - შეგახსენებთ გასულ კვირას მარადონამ იხუმრა, საფეხბურთო მწვრთნელობას თავს ვანებებ და დელ პოტროს დამრიგებელი ვხდებიო.
დუბაის ტურნირის ნახევარფინალში გააღწია ტომაშ ბერდიხმაც. ჩეხმა იოლად მოუგო რუს დმიტრი ტურსუნოვს 6:3, 6:2 და მის მომავალ ოპონენტს როჯერ ფედერერისა და ნიკოლაი დავიდენკოს მეოთხედფინალი გაარკვევს.