ჩოგბურთი

15:10 | 29.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრომ სოდერლინგს სძლია და ფინალში გავიდა

ხუან მარტინ დელ პოტრომ (#5) ლონდონის რვაკაცას მეორე ნახევარფინალურ შეხლაში რობინ სოდერლინგს (#8) სძლია და ახლა ფინალში ნიკალაი დავიდენკოს (#6) დაუპირისპირდება.
21 წლის არგენტინელმა, ვინაც შარშან შანხაიში, თავის პირველ რვაკაცაზე ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო, 4 წლის უფროს შვედ მეტოქეს ორ საათსა და 11 წუთში, 6:7 (1:7) 6:3 7:6 (7:3) აჯობა.
დელ პოტრო გახდა პირველი არგენტინელი მეჩოგნე ტურნირის 2005 წლის გამარჯვებულ დავიდ ნალბანდიანის შემდეგ, ვინაც წლის შემაჯამებელი შეჯიბრების ფინალში გავიდა.
დავიდენკოს პირად დავაში 1:2 აგებს – მათ ბოლოჯერ ზუსტად ერთი წლის წინ, შანხაის რვაკაცას ჯგუფურ ეტაპზე იპაექრეს და 28 წლის რუსმა მაშინ ორ სეტში იმარჯვა.
ფინალში დელ პოტრო წლის მე-4, ხოლო კარიერის მე-8 ტიტულისთვის იბრძოლებს. წლეულს მან აშშ-ის ღია პირველობამდე ოკლენდისა და ვაშინგტონის მაგარსაფრობები მოიგო. ხოლო დავიდენკო წლის მე-5 და კარიერის მე-19 ტიტულის მოგებას ეცდება. ამ სეზონში მან ჰამბურგისა და უმაგის თიხნარობებზე, ასევე კუალა ლუმპურის მაგარსაფრობასა და შანხაის მასტერსმაგარსაფრობაზე იჩემპიონა.
სოდერლინგმა კი თავისი საუკეთესო სეზონი, რომლის მსვლელობისასაც როლან გაროს ფინალს უწია და ბასტადში კარიერის მე-4 ტიტული მოიხვეჭა, ღირსეულად დაასრულა. ჯგუფში, სანამ დავიდენკოსთან თანაბარ ბრძოლაში დათმობდა, ის სეტისწაუგებლად აღემატა ამქრის ორ წამყვან მოთამაშეს – ესპანელ რაფაელ ნადალსა (#2) და სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს (#3) – და გახდა პირველი, ნახევარფინალში რომ გავიდა. მეჩოგნისათვის, რომელიც რვაკაცაზე მას შემდეგ მოხვდა, რაც რეიტინგსიის ამერიკელ მე-6-ადგილოსანმა ენდი როდიკმა იქ ტრავმის გამო თამაში იუარა, ეს ჩინებული შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.155896