ჩოგბურთი

20:57 | 18.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტროც თამაშგარეში

 

მონტე კარლოს "მასტერსზე" სენსაციები გრძელდება. ამჯერად, ტურნირს მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო გამოეთიშა, რომელმაც მესამე რაუნდის მატჩში, მოულოდნელად წააგო ვეტერან ფინელ იარკო ნიემინენთან - 4:6, 6:4, 7:6 (4).

შეხვედრა იარკომ ბრწინვალედ დაიწყო და მალევე ბრეიკით დაწინაურდა - 2:0, თუმცა სეტის მიწურულს, მეცხრე გეიმში დელ პოტრომ უკუბრეიკი შეასრულა და სხვაობა გეიმებს შორის მინიმუმამდე დაიყვანა - 4:5. არგენტინელმა მოულოდნელად მომდევნო გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე ძალზე სუსტად ჩაატარა, რამაც საშუალება მისცა ფინელს, პარტია სათავისოდ დაეტოვებინა - 6:4.

მეორე სეტში არგენტინელი დროულად "გამოცოცხლდა", მესამე გეიმში შესრულებული ერთადერთი ბრეიკით, პარტიებს შორის ანგარიში იოლად გაათანაბრა - 1:1 (4:6, 6:4).

გადამწყვეტ, მესამე სეტში მოვლენები ძალზე დრამატულად განვითარდა. ორივე ჩოგბურთელმა 3-3 ჯერ შეძლო ერთმანეთის ჩაწოდების აღება, რის შემდეგაც დაინიშნა "საჩემპიონო" ტაიბრეიკი, რომელზეც ფინელმა გაცილებით უკეთ იასპარეზა და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა.

მატჩი 2 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, ხუან მარტინმა 7 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ნიემინენმა 4 ეისით გამოიჩინა თავი და არცერთი ორმაგი არ დაუშვია.

დღევანდელი მატჩი, ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში რიგით მეხუთე გამოდგა და დელ პოტრო, ჯერჯერობით, დამაჯერებლად ლიდერობს - 4:1.

ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ფინელი სპორტსმენი მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე, ასპარეზობას კიდევ ერთი არგენტინელი, ხუან მონაკო გამოთიშა - 4:6, 6:2, 6:2.

 

0.13059