ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები რომ გაიგო, მისი შეგირდების მიერ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგება გაიხსენა.
ესპანელები ჯგუფში უკრაინის, სლოვაკეთის, მაკედონიის, ბელარუსისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან მოხვდნენ, რის გამოც ბევრმა ეს ჯგუფი სუსტად მიიჩნია, მაგრამ 63 წლის სპეციალისტი სხვაგვარად ფიქრობს.
“ისეთი სუსტი ჯგუფი სულაც არაა, როგორც ზოგიერთს მოეჩვენა. ჩვენს წინააღმდეგ ახალგაზრდა და ძლიერი გუნდები ითამაშებენ. გასვლით მატჩებში ცივმა ამინდმა შესაძლოა გარკვეული როლი ითამაშოს. ჩვენ ძალიან ბევრი თამაშის ჩატარება გვიწევს აღმოსავლეთ ევროპის გუნდებთან. მგზავრობა ხანგრძლივი იქნება და მეტოქეები პრობლემებს შეგვიქმნიან. ყველაზე სახიფათო მეტოქე უკრაინაა და ჩვენ ყველა გუნდს პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. ვიმედოვნებ, რომ ამ გუნდთან თამაშის შემდეგ ისეთივე ემოცია გვექნება, როგორც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგებისას” – განაცხადა დელ ბოსკემ.