გიორგი დეკანოსიძე, რომელიც “ა” ლიცენზიას ფლობს და საფეხბურთო “საბურთალოში” 1999 წელს დაბადებულ მოზარდებს ავარჯიშებს, რამდენიმე დღით ჰოლანდიაში მწვრთნელთა სემინარებზე იმყოფებოდა. ევროპიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდა სპეციალისტმა “საბურთალოს” ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.
გიორგი დეკანოსიძე: “მწვრთნელთა სემინარები რამდენიმე დღის განმავლობაში ჰოლანდიის ქალაქებში, ზეისტსა და ამსტერდამში იმართებოდა. იყო, როგორც “ა”, ასევე “ბ” კატეგორიის ლიცენზირების კურსები. სემინარებს ანდრეს ოიერი ხელმძღვანელობდა”.
- ვისი დაფინანსებით ჩატარდა ლიცენზირების კურსები?
- კურსები უეფას დაფინანსებით ჩატარდა. ქართულ დელეგაციას გაიოზ დარსაძე ხელმძღვანელობდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მას მადლობა გადავუხადო. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჰოლანდიაში სემინარებზე ვიმყოფებოდი.
- აქცენტები განსაკუთრებით რაზე იყო გაკეთებული?
- ძირითადად მეთოდოლოგიაზე. ძალიან კარგად გადმოგვცეს, თუ როგორ უყურებენ და ცდილობენ ფეხბურთის განვითარებას, რა კუთხით არის მუშაობა გასააქტიურებელი, რაზე უნდა გამახვილდეს განსაკუთრებული ყურადღება.
ჰოლანდიელებს სასწაული ინფრასტრუქტურა აქვთ - საუკეთესო მინდვრები, როგორც ხელოვნური, ასევე ბუნებრივსაფარიანი. ენით აუწერელია იმ ყველაფრის გადმოცემა, რაც უშუალოდ ვნახე. ჰოლანდიაში შეძენილი ცოდნა, მომავალში აუცილებლად წამადგება.
- როგორ ფიქრობთ, რა ინტერვალით უნდა ხდებოდეს მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება?
- რაც უფრო ხშირად იქნება სემინარები, ბუნებრივია მწვრთნელებისთვის უკეთესია. ჩემი ინფორმაციით, ლიცენზირების აღებიდან 3 წელიწადში, კვლავინდებურად გიხდება ლიცენზირების დაცვა. ასე, რომ, ადამიანი მუდამ სწავლებაში უნდა იყო, თუ გინდა რომ პროგრესი გქონდეს და გარკვეულ წარმატებას მიაღწიო.
- თქვენს და ბატონ გაიოზის გარდა, ჰოლანდიაში სხვა რომელი მწვრთნელები იმყოფებოდნენ?
- ვასილ მაისურაძე, გელა შეყილაძე და გიორგი დევდარიანი.
- სემინარებზე ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები თუ იყვნენ?
- ბევრი იყო ნაცნობი თუ უცნობი სახე - იყვნენ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე იყო ბუდევეინ ზენდენი, რომელიც წლების განმავლობაში ჰოლანდიის ნაკრებში თამაშობდა.
- ევროპიდან საქართველოში გადმოვინაცვლოთ. სადაცაა ელიტ-ლიგის პირველი წრე დასრულდება. როგორ შეაფასებთ თქვენი გუნდების გამოსვლას?
- ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვების სწორ განვითარებას ვაქცევთ. მთავარია, მოზარდები განვითარდნენ, ამასთან ერთად თუ შედეგიც იქნება, რა თქმა უნდა უკეთესია. ძალიან ბევრს ვმუშაობთ და გვსურს ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღოს.
- ბავშვების სელექციას რეგიონებში თუ აწარმოებთ?
- ძირითადად თბილისში გვიწევს მატჩების გამართვა. თუმცა, როდესაც სხვა ქალაქებს ვსტუმრობთ, ვაკვირდებით ფეხბურთელებს. ჩვენთან თამაშობენ, როგორც ფოთიდან, ასევე ბათუმიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ნიჭიერი ბავშვებისთვის “საბურთალოს” კარი მუდამ ღიაა.
- საუბრის ბოლოს, ანდრეს კარასკოზეც მინდა გკითხოთ. ესპანელთან თქვენ ყოველდღიური მუშაობა გიწევთ, იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რაზე აკეთებს აქცენტებს?
- დისციპლინა მაღალ დონეზე აქვს დაყენებული. ამის გარეშე წარმოუდგენელია. ყველას, როგორც მწვრთნელებს, ასევე ფეხბურთელებს სთხოვს, რომ ვარჯიშებზე მაქსიმალურად დაიხარჯონ. კარასკო “საბურთალოს” ბავშვებზე მაქსიმალურად ფლობს ინფორმაციას და ფაქტობრივად ყველა თამაშს ესწრება.
fcsaburtalo.ge