საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ხახალეიშვილმა ბოლო დღეებში მეორე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. “მსოფლიო სპორტისთვის” ელექტრონული ფოსტით მოწოდებულ წერილს აქვე გთავაზობთ.
პატივცემულო მეგობრებო
როგორც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, ამა წლის 26 ნოემბერს ტარდება საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, სადაც მონაწილეობას მეც ვიღებ.
ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ადრეც ვმონაწილეობდი. მაშინაც მინდოდა ქართულ ძიუდოში არსებული ვითარება უკეთესობისკენ შემეცვალა, მქონდა პროგრესული იდეები, მოფიქრებული მქონდა მათი გახორციელების გზები და საშუალებები. მაგრამ ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულმა ძიუდოს „მესვეურებმა“ უღირსი ქმედებებით და ზემოდან ჩარევით ხელში ჩაიგდეს სადავეები. პროფესიონალის ჩამოცილება და მათთვის სასურველი კანდიდატის უცერემონიო ლობირება - ნაციონალების დანერგილი ამ მახინჯი პრაქტიკის სავალალო შედეგი ერთხელ გვიგვრძნია თუ ორჯერ?! ამის მაგალითად ფეხბურთის ფედერაციაში განვითარებული ცნობილი მოვლენების გახსენებაც საკმარისია. ქართულ ძიუდოში კი ამან ის მოიტანა, რომ სპორტის ამ ულამაზეს სახეობას უკიდურესად დაუგდეს გულშემატკივრების თვალში ავტორიტეტი. უამრავი სიკეთის გაკეთება იყო ამ წლების მანძილზე შესაძლებელი, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობასთან სიახლოვემ ეს ადამიანები ძალიან გაათამამა და საერთო საქმის კეთებას პირადი ინტერესები, პირადი გამორჩენა ამჯობინეს. ასეთი ქმედებებით, უსამართლობითა და უწესრიგობით, ძიუდოს ოჯახში რთული ფსიქოლოგიური გარემო ჩამოყალიბდა, გაჩნდა დაპირისპირება და ეჭვიანობა ერთმანეთის მიმართ. ასეთ პირობებში კი ძალიან ძნელია შედეგზე სრულად კონცენტრირება, მაღალი სინჯის მედლების მოპოვება და ჩვენი გულშემატკივრისთვის სიხარულის მოტანა.
მაშინდელი არჩევნების შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ ის ადამიანები, ვინც მაშინ ნაციონალების მხარდაჭერით გათამამებულნი სჩადიოდნენ უღირს ქმედებებს, დღეს „ქართული ოცნების“ სახელით აპირებენ იგივეს გაგრძელებას.
მინდა მათ გასაგონად სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო - ეს აღარ გაგივათ!
დროა განერიდოთ ამ სფეროს, დროა შეაჩეროთ თქვენი მოქმედებები „ქართული ოცნების“ სახელით. ქართველ ხალხს იმისათვის არ უთქვამს უარი სააკაშვილის რეჟიმისათვის, რომ თქვენნაირებმა ახლა უკვე ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით გააგრძელონ დანაშაულებრივი ქმედებები. დროა საშუალება მოგვეცეს ალალად და პატიოსნად, კაცურად ვემსახუროთ ძიუდოს სფეროს, დროა აღდგეს ჩვენს დიდ ოჯახში სამართლიანობა და წესიერება. ქართულ ძიუდოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს მერკანტილური ინტერესების მქონე შემთხვევითი ადამიანების პარპაში.
ჩემს თანამოაზრეებს, ქართული ძიუდოს ღირსეულ წარმომადგენლებსა და ჭეშმარიტ გულშემატკივრებს კი მინდა ერთი რამ ვუთხრა - ჩვენ გავიმარჯვებთ!
უღრმესი პატივისცემით დავით ხახალეიშვილი
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი







