კალათბურთი

1:59 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავით უსტიაშვილი: “ახალგაზრდების თამაშით კმაყოფილები ვართ”

ჰიკმანის ტრავმა სერიოზული არ სჩანს...

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საკონტროლო მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას 81:78 სძლია და ეს გამარჯვება რამდენიმე ფაქტორის გამო გახლდათ გამოსარჩევი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ტრავმირებული მოთამაშეების – კაპიტან ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას გარეშე ემზადება, კონკრეტულად ბოსნიასთან მატჩს კი დაშავებული მანუჩარ მარკოიშვილი ხომ გამოაკლდა და ასევე ტრავმის გამო, მოედნის ადრე დატოვება ნატურალიზებულ ამერიკელ უკანახაზელ რიკი ჰიკმანსაც მოუხდა...

მოკლედ, საქართველოს ნაკრებს გასული შეხვედრა რომ წაეგო, მოულოდნელი არ იქნებოდა, თუმცა, იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და 3 ქულის სხვაობით იმარჯვეს. განსაკუთრებით სასიხარულო ნაკრების სათადარიგო კალათბურთელების შედეგიანი გარჯა გახლდათ, რომელთაც ჯამში 35 ქულა ჩააგდეს და ქართველ გულშემატკივარს გარკვეული იმედი ჩაუსახეს.

თამაშის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური სლოვენიის ქალაქ იესენიცეში (მატჩი სწორედ იქ შედგა) ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტ დავით უსტიაშვილს დაუკავშირდა და მატჩის პერიპეტიებზე ესაუბრა.

- რიკი ჰიკმანის ტრავმა რამდენად სერიოზულია?

- ჰიკმანმა ფეხი მეორე მეოთხედში ამოიბრუნა, როდესაც დაახლოებით 12 წუთი ჰქონდა ნათამაშები. ის სასწარაფოდ შევცვალეთ და საქმეში ექიმები  ჩაერთვნენ. წინასწარი დათვალიერებით, სერიოზული ტრავმა არ ჩანს, რეალური სურათი კი ხვალ გამოჩნდება. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება და იგი ჩვენს ნაკრებს დაეხმარება.

- მის და ზოგადად საქართველოს ნაკრების თამაშზე რას იტყვით?

- ჰიკმანმა 12 წუთში 10 ქულა მოაგროვა და ალბათ, გაცილებით მეტი ექნებოდა, ტრავმა რომ არ მიეღო. ის კარგი მოთამაშეა და თუკი მწყობრში იქნება, დიდ დახმარებას გაგვიწევს. რაც შეეხება დანარჩენ კალათბურთელებს, ყველას გარჯით კმაყოფილები ვართ, განსაკუთრებით ახალგაზრდების – ოთარ ფხაკაძის და დუდა სანაძის. კარგად ითამაშა ბესიკ ლეჟავამაც. ამ 3 კალათბურთელის ანგარიშზე, ჯამში, 26 ქულაა.

- მატჩის გადამწყვეტი წუთები როგორ წარიმართა?

- ბოლო წუთზე 1 ქულით ვაგებდით, როცა შეტევა გავაცუდეთ, თუმცა ვიქტორ სანიკიძემ დაამატა და ქულით დაგვაწინაურა. შემდეგ დაცვაში ბურთი ავიღეთ და ბოსნიელები ლეჟავაზე დაჯარიმდნენ, რომელმაც მტკიცე ნებისყოფა გამოავლინა და ორივე საჯარიმო ჩააგდო. დარჩენილ წამებში ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ, 3 ქულით გავიმარჯვეთ. ხვალ საფრანგეთში მივემგზავრებით, სადაც 2 ძალიან ძლიერი მეტოქე გველოდება – სერბეთი და საფრანგეთი.

0.139473