საჩხერის “ჩიხურას” მარჯვენა მცველი დავით ოდიკაძე ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. “ოდომ” 30-ს გადააბიჯა, მაგრამ ძველებური ჟინითა და წყურვილით თამაშობს. ძალიან გაიხარა 22 დეკემბერს საღამოს, როცა “ჩიხურამ” სუპერთასისთვის ბრძოლაში 1:0 აჯობა თბილისის “დინამოს”. განსაკუთრებულ სიხარულს თავისი მიზეზი ჰქონდა, რასაც ოდიკაძე “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუშიც აღნიშნავს.
- რა იყო მთავარი ფაქტორი, რითაც “ჩიხურამ” დინამოს” სძლია?
- ძალიან მონდომებულები ვიყავით. თანაც, გაბრაზებულები გახლდით და გვინდოდა ზოგიერთი ადამიანისთვის დაგვემტკიცებინა, რომ “დინამოდან” ასე გაშვების ღირსნი არ ვიყავით.
- ბრაზს ზოგჯერ უკუშედეგი მოაქვს...
- არა, ჩვენ “დინამოზე” არ ვყოფილვართ გაბრაზებული. “დინამო” ჩემთვის მუდამ უსაყვარლეს კლუბად დარჩება. კონკრეტულად მათზე ვიყავი გაბრაზებული, რომლებმაც იმიტომ გამიშვეს, თითქოს სიტუაციის ამრევი ვიყავი.
- საწყის წუთებში გაგიჭირდათ და შემდეგ აშკარად გამოასწორეთ თამაში.
- თავიდან მართლაც გაგვიჭირდა. ჩისკოს, მგონი, ორი მომენტი ჰქონდა. ერთხელ პირისპირ გავიდა და ააცილა, თუმცა ჩვენთვის ადრე იმდენჯერ გაუტანია, ვფიქრობ, საკმარისი იყო... შემდეგ ნელ-ნელა გამოვასწორეთ თამაში და დამსახურებულად მოვიგეთ.
- რაშია “ჩიხურას” ძალა?
- უპირველესად, ძალიან მეგობრული გუნდი ვართ. მწვრთნელები, ფეხბურთელები, უფროსობა – ყველანი ერთად ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ. ატმოსფეროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, კარგი შემადგენლობა გვყავს.
- აქამდე “დინამოსთან” ვერაფერს ახერხებდით. რატომ?
- სუპერთასზე პირველად მოხდა, რომ სრული შემადგენლობით ვეთამაშეთ. ახლა კიდევ რომ შევხვდეთ “დინამოს”, შესაძლოა, ვეღარ მოვუგოთ, მაგრამ მთავარია, რომ სუპერთასი ავიღეთ და იმ დღეს მეტოქეზე ძლიერები ვიყავით.
- ჩემპიონატში მეორე ადგილზე ხართ და 7 ქულით ჩამორჩებით “დინამოს”. როგორ ფიქრობთ, გაქვთ ჩემპიონობის მცირე შანსი მაინც?
- ძალიან ძნელი იქნება. 7 ქულა დიდი სხვაობაა და “დინამო” ის გუნდი არაა, ხელიდან გაუშვას ამხელა ჰანდიკაპი.
- თასზე კი, მეოთხედფინალში “სიონს” ხვდებით.
- “დინამო” და “სიონი” არ მინდოდა მეტოქეებად. ერთ-ერთი მაინც შეგვხვდა.
- “სიონი” რატომ არ გინდოდათ?
- ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია შემადგენლობით და როგორც ვიცი, გაძლიერებას გეგმავენ. “სიონის” მწვრთნელ ლადო ბურდულთან ვმეგობრობ და წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ არა ჩვენს წინააღმდეგ.
- “ჩიხურა” ქუთაისში ატარებს საშინაო მატცებს. ხომ არ იცით, როდის იქნება სტადიონი მზად ივანწმინდაში?
- ბალახს აგებენ და როგორც ვიცი, თებერვლიდან უკვე ივანწმინდაში ვითამაშებთ. ანუ, როგორც კი თასისა და ჩემპიონატის მატჩები განახლდება.
- 32 წლის ხართ და როგორ ატყობთ, ასაკი თამაშის ხარისხზე ხომ არ მოქმედებს?
- არა. ძალა, ენერგია და ჟინი ძველებურად მაქვს. როცა შევატყობ, რომ აღარ შემიძლია, ჩემით წავალ. შესაძლოა, მე ვერ შევატყო და სხვამ მითხრას. ვნახოთ. ჯერ მაგაზე არ ვფიქრობ.
- საქართველოში ადრეც მოგიგიათ ტიტული და “ჩიხურაში” მოპოვებულ სუპერთასს რა ადგილი უჭირავს?
- ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერ თუნდაც იმიტომ, რომ პატარა ქალაქის გუნდია და ასე გავახარეთ ხალხი. “ჩიხურა” ხომ წელიწადნახევრის წინ გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში. თანაც, ეს ჩემი პირველი ქართული ტიტულია, რომელიც “დინამოს” მიღმა მოვიპოვე. აქამდე მხოლოდ “დინამოში” ვიგებდი. ორ-ორჯერ მაქვს მოგებული ჩემპიონობა და თასი, სამჯერ კი – სუპერთასი. აზერბაიჯანში ცალკე: “ინტერში” როცა ვიყავი, ჩემპიონატი და თასი მოვიგეთ. “ინტერიდან” “დინამოს” სიყვარულმა დამაბრუნა და მეგონა, რომ კარიერას სწორედ იქ დავამთავრებდი. სხვაგვარად მოხდა, თუმცა ახლა არ ვნანობ.