ფეხბურთი

21:37 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავით მახარაძე: "ისედაც ბევრი ავიტანე"

მას შემდეგ, რაც უმაღლეს ლიგაში გადმოვიდა, ლანჩხუთის "გურიას" გარშემო სულ გაუგებრობა ტრიალებს. საოცარია, ასეთ უფულობაში გუნდი ამდენ მატჩს როგორ იგებდა.  ერთი პერიოდი, "გურია" მესამე ადგილზე იყო ცხრილში და ბოლო თამაშები ჩაატარა სუსტად, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა: მაგალითად, "დინამოსთან" მატჩის წინ საერთოდ გავიდოდა თუ არა გუნდი მინდორზე, ისიც უცნობი იყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "გურიას" გიგლა იმნაძე გაწვრთნის, ხოლო გუნდი 20 იანვარს დაიწყებს ვარჯიშს. ისე, საინტერესოა, დავით მახარაძე რატომ რჩება განზე – სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიწყო გუნდმა სეზონი და ზედიზედ მოიგო თამაშები. მახარაძე ჯერ ოფიციალურად ისევ გუნდშია, თუმცა ნაწყენია და ეს გასაგებიცაა.

"მსოფლიო სპორტი" დავით მახარაძეს ესაუბრა:

- მწვრთნელი როცა ხარ, ამ დროისთვის უკვე უნდა იცოდე, როდის იწყებ ვარჯიშს, რათა დაგეგმო მოსამზადებელი ეტაპი. მე არც არავინ დამკავშირებია და პრესიდან ვიგებ, რომ გიგლა იმნაძეს ნიშნავენ მწვრთნელად. მგონი, ადამიანური წესია, რომ უნდა გამაგებინონ. თუმცა, რამდენიმე დღეა, ვურეკავ კლუბის დირექტორ კობა მირზაშვილს და ვერ ვუკავშირდები. დეკემბრის ბოლოს "სამტრედიამ" შემომთავაზა მწვრთნელობა და უარი ვუთხარი. გია ჩხაიძემ და სხვებმაც მითხრეს, არ წახვიდე, "გურიაში" სიტუაცია გამოსწორდებაო. სიმართლე გითხრათ, არც მინდოდა სამტრედიაში წასვლა, თუმცა აქ სხვა ფაქტორი იყო: პირველ ლიგაში "სამტრედია", დიდი ალბათობით, გავა ფლეი-ოფში, სადაც შესაძლოა, ფოთის "კოლხეთს" შეხვდეს და ფოთელ კაცს ჩემი ქალაქის გუნდის წინააღმდეგ ასეთ გადამწყვეტ მატჩში მწვრთნელობა მაინცდამაინც არ მიზიდავდა.

- ანუ, თქვენ გუნდის ამბებზე არ გესაუბრებიან?

- ასეა. უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა უმადურობას. რომან პოკორა მოიყვანეს ჩემს ნაცვლად იმ დროს, როცა უხელფასო გუნდს მშვენიერი შედეგი გვქონდა. მაშინ სპონსორს დაუკავშირეს პოკორას მოყვანა. შემდეგ თქვეს, ფიზიკურად კარგად ვერაა მზად გუნდი, ქუთაისში ამის გამო წავაგეთო და პოკორა გამოასწორებსო. არავითარი ანალიზი არ გაკეთებულა, თუ რატომ არ იყო ფიზიკურად გუნდი მზად. როგორ იქნებოდა ბოლომდე ფიზიკურად მზად შეკრებაგაუვლელი გუნდი ყველა მატჩში? ამას თავი დავანებოთ. პოკორასგან ბევრი ვისწავლე, კარგი მწვრთნელი და ადამიანია. საწყენია, რომ სწორედ პოკორას დააბრალეს ბოლო 5 მატჩში 4 წაგება. როგორ იკრიბებოდა გუნდი იმ მატჩებში და რა საცოდავ დღეში იყო, ეს ვითომც არაფერი. თბილისში "დინამოსთან" მატჩზე თბილისში მცხოვრები ფეხბურთელები ცალკე მოვიდნენ, სხვები ცალკე  და ასე თამაშის წინ შეიკრიბა გუნდი. პოკორა ამბობდა, ასეთი რამ უკრაინაში რომ მოვყვე, მეზღაპრეობას დამაბრალებენო. თანაც, უმაღლესი ლიგის გუნდზეა ლაპარაკი. საბოლოოდ, პოკორას დაბრალდა წაგებები. ჩვენთან ხომ ასეა: მოიგებდა "გურია"? ყველა თავის თავს უკავშირებდა წარმატებას. წააგებდა? მწვრთნელის ბრალია.

- რამდენი თვის ხელფას-პრემიებია გუნდში გასასტუმრებელი?

- 5 თვის ხელფასი. სამი თამაშის პრემიაც არის ასაღები. 15 იანვრამდე დარიგდებაო. ბიუჯეტიც გაიწერა. დიდი თანხა არაა, 665 000 ლარი ყოფილა წლიური.  6 თვეა, "გურიაში" ვარ და მსგავსი რამ არსად მინახავს: ვინაა უფროსი, ვერ გავიგე. წარმოიდგინეთ, ექიმები და გუნდის კიდევ რამდენიმე პერსონალი მე მირეკავდა ხელფასებზე. მე რა შუაში ვარ... მაგრამ რა ვქნათ, სხვა არავინ პასუხობს ტელეფონსო. აი, ასეა საქმე.

-  ანუ, გამოდის, რომ არ იცით, როგორი იქნება თქვენი მომავალი გუნდში?

- ორპირ ხალხთან მუშაობას არ ვაპირებ. როგორც სხვას ვექცევი, იგივეს ვითხოვ სხვებისგან. და ეს ხალხი თუ დარჩა კლუბის ირგვლივ (ყველას არ ვგულისხმობ), აუცილებლად წავალ. თავმოყვარეობა მაქვს და ასეთ იგნორს ვერ ავიტან. ისედაც ბევრი ავიტანე. აქ უკვე ხელფას-პრემიაზე არაა ლაპარაკი. ადამიანურ ურთიერთობაზეა საუბარი. არადა, "გურიას" მართლაც მაგარი გულშემატკივრები ჰყავს. მინდა ვისარგებლო და თბილი სიტყვებით მადლობა გადავუხადო მათ თავდადებისთვის. ყველა მატჩში აქტიურად გვიჭერდნენ მხარს. რა თქმა უნდა, მადლობა ფეხბურთელებსაც.  

0.136531