ჭიდაობა

17:42 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავით მარსაგიშვილი: “ვაღიარებ, სწორად არ მოვიქეცი, მაგრამ თავადაც მოვტყუვდი”

“დავით მარსაგიშვილმა და იაკობ მაქარაშვილმა პირადი ინტერესები ნაკრების ღირსებაზე მაღლა დააყენეს და მათი უპასუხისმგებლო საქციელის გამო საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა “ევროპის ერთა თასის” მოგების რეალური შანსი დაკარგა” – განაცხადა დღეს ვაკის ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ და იქვე დამსწრეთ მკაცრი სანქციის შესახებაც აუწყა – ორივე მოჭიდავეს 6 თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

კურტანიძემ ასევე თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დავით მარსაგიშვილთან ჯერ არ უსაუბრია, მაგრამ მოსკოვშივე ჰქონდა სპორტსმენთან კონტაქტი და მას დიდი გულდაწყვეტა ვერ შეამჩნია.

პრესკონფერენციას დავით მარსაგიშვილი არ დასწრებია. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაკის ფალავანთა კლუბში კურტანიძის ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულებიდან ოციოდ წუთში გამოჩნდა, მაგრამ ოფიციალური განცხადებისგან თავი შეიკავა და უმალ ფედერაციის პრეზიდენტის კაბინეტს მიაშურა. დაახლოებით ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ კი გარეთ გამოვიდა და განცხადებაც გააკეთა.

“ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ჩემს წილ პასუხისმგებლობას სრულად ვიღებ. ვაღიარებ, სწორად არ მოვიქეცი, მაგრამ აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს მიზანმიმართული ნაბიჯი არ ყოფილა. თავადაც მოტყუებული დავრჩი. ირანში საკლუბო დონეზე საჭიდაოდ ვიყავი და ერთი დღით დამაყოვნეს. რომ მცოდნოდა, ნაკრებში ჭიდაობას ვერ ვასწრებდი, ირანში საერთოდ არ გავემგზავრებოდი. მოსკოვში მაინც ჩავედი, მაგრამ სამწუხაროდ ხალიჩაზე გასვლა ვეღარ მოვასწარი. დისკვალიფიკაციის შესახებ აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი. ცოტა ხნის წინ ჟურნალისტისგან შევიტყვე და მაშინვე ფედერაციაში წამოვედი. დღეს ისედაც ვაპირებდი მოსვლას და კურტანიძესთან დალაპარაკებას. მოსკოვში ეს არ მოხერხდა. ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი სათქმელი ვუთხარით. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ჭიდაობაში მოტრიალე კომპეტენტური ადამიანები მიიღებენ. დისკვალიფიკაციის თაობაზე იმსჯელებენ და იმედია გააუქმებენ” – განაცხადა დავით მარსაგიშვილმა.

0.114055