ფეხბურთი

19:27 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავით კვირკველია: “ჩვენი ჯგუფი ყველაზე რთულია”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდისა და თბილისის “დინამოს” მარცხენა მცველმა დავით კვირკველიამ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ ევრო-2016 შესარჩევ ციკლში, თემურ ქეცბაიას შეგირდებს ყველაზე რთული ჯგუფი შეხვდათ. აქვე გეტყვით, რომ კვირკველიას სანაკრებო დონეზე, გიბრალტარის გარდა, D ჯგუფში საქართველოს ნაკრების ყველა მეტოქესთან უთამაშია. 

- კენჭისყრის შედეგებს როგორ შეაფასებთ? რამდენად გაგვიმართლა?

- რა შეფასება უნდა. ალბათ, ჩვენი ჯგუფი ყველაზე რთულია. სხვა ჯგუფებიც ვნახე და ყველაზე ძნელი მეტოქეები ჩვენ შეგვხვდა. გერმანიაზე საუბარი არაა, ხოლო შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და პოლონეთთან თამაში საჩუქარი არავისთვისაა.

- გერმანია უპირობო ფავორიტია. საქართველოს, შოტლანდიას, ირლანდიასა და პოლონეთს შორის მეორე ადგილი დაკავების უკეთესი შანსი ვის აქვს?

-  შოტლანდიასთან სახლში მოგვიგია. ირლანდიასთან ძალიან ცუდი შედეგი გვაქვს. ჩემი აზრით, პოლონეთი მათზე უკეთესი გუნდია. თუ არ ჩავთვლით ირლანდიისა და შოტლანდიის საშინაო მატჩებზე არსებულ ატმოსფეროს, პოლონეთი კლასით მათზე უკეთესი გუნდია.

- საქართველოს შეუძლია მე-2 ადგილისთვის იბრძოლოს?

- ბრძოლას წინ რა უდგას, მაგრამ მთავარია როგორ იბრძოლებ.

- პლეი ოფში მოხვედრა რამდენად რეალურია?

- წინა შესარჩევ ციკლში ის შედეგი ვერ ვაჩვენეთ რაც გვსურდა. ეს ჯგუფი უფრო რთულია, ვიდრე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გვქონდა.

0.112469