გერმანიის ობერლიგის კლუბს ,,კოლერბახში’’ 35 წლის ქართველი ფეხბურთელი დავით ბახტაძე ირიცხება. გარდა იმისა, რომ ხშირად გააქვს გოლები, იგი მთავარი მწვრთნელის ფუნქციებსაც ითავსებს. ვფიქრობ, ახალგაზრდა ქართველ მწვრთნელთან საუბარი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და ინტერვიუს წაკითხვით ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ. იგი უახლოეს მომავალში გეგმავს ,,კაიზერსლაუტერნში’’ სტაჟირებაზე წასვლას. გარდა ამისა, მას ც კატეგორიის ლიცენზია აქვს და კიდევ უფრო დიდი ნაბიჯის გადადგმას 2014 წელს აპირებს, როცა უკვე ბ კატეგორიის ლიცენზიის აღებას შეეცდება. ამასთანავე, შეიტყობთ, რომ გერმანიის რანგით მე-5 ლიგაში არსებული სიტუაცია მრავალი ასპექტით წინ უსწრებს საქართველოს უმაღლეს ლიგაში არსებულ ვითარებას. მოკლედ, ბევრს აღარ განვავრცობ, დანარჩენს ინტერვიუში გაიგებთ.
-გვიამბეთ თქვენი საფეხბურთო კარიერის შესახებ.
-ფეხბურთის თამაში საკმაოდ გვიან, 12 წლის ასაკში დავიწყე, გუნდს ერქვა ,,ვაკე-91’’, შემდეგ სახელი შეეცვალა და ,,მაისი’’ დაარქვეს. ამ გუნდში ორი წელი ვთამაშობდი, ბევრმა ჩემმა თანაგუნდელმა მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა, ბევრის ჩამოთვლა შემიძლია: ლადო ბურდული, ლაშა ჯაკობია, რევაზ ქემოკლიძე, ზურაბ ბათიაშვილი და სხვები. მწვრთნელები იყვნენ გია გეგუჩაძე და კოტე ჯალიაშვილი.
-როგორ დაახასიათებდით გია გეგუჩაძეს?
-როგორც მახსოვს, ეს მისთვის პირველი კლუბი იყო. მაშინ ბავშვები ვიყავით და რა თქმა უნდა, ბავშვის თვალით ძნელი შესაფასებელია, თუმცა შემიძლია იმის თქმა, რომ იგი იყო ძალიან მეგობრული და ამავდროულად ძალიან მომთხოვნიც. გიამ თავისი პროფესიონალიზმი არაერთხელ დაამტკიცა. ყველა კლუბში, სადაც კი იმუშავა შედეგი აჩვენა. ვფიქრობ, სწორედ ამ კუთხით უნდა შეფასდეს მწვრთნელი.
-შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?
-გარკვეული პერიოდი ფეხბურთისთვის თავი მქონდა დანებებული, შემდეგ ბესო მჭედიშვილმა მიმიწვია პოლიციის აკადემიის კლუბში, კლუბი პირველ ლიგაში გამოდიოდა. ბესოს დიდი ფეხბურთი ჰქონდა ნათამაშები, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თბილისის ,,დინამოს’’ მაისურით გამოსვლა ყველაფერზე მეტყველებს. როგორც მწვრთნელს ჰქონდა ის თვისება, რომელიც დღეს ძალიან გამოადგებოდა ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, მას შეეძლო მთელი გუნდის ერთ მუშტად შეკვრა, წარმოიდგინეთ რა რთულია ამის მიღწევა, როდესაც კლუბში ფინანსები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, კლუბი მუდამ პირველობისთვის იბრძოდა.
-2000-იანების დასაწყისში საქართველო დატოვეთ და გერმანიაში წახვედით, რანგით მე-5 ლიგის კლუბ ,,პუტლინგენში’’ ჩაირიცხეთ. რამდენად მაღალი დონე იყო იქ?
-რა თქმა უნდა, გერმანიაში უფრო მაღალი დონე იყო, ვიდრე საქართველოს პირველ ლიგაში. აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა დამხვდა, აქ მე-5 ლიგაში ნებისმიერ კლუბში ფეხბურთელისთვის ძალიან კარგი პირობებია შექმნილი, ყველანაირი მხარეა უზრუნველყოფილი, მე კი როცა სამშობლოს ვტოვებდი კლუბების ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელო იყო.
-,,პუტლინგენის’’ შემდეგ ,,კოლერბახში’’ გადაბარგდით, სადაც საოცარი შედეგი აჩვენეთ, 208 თამაში 115 გოლი. რამდენად რთული იყო ამ შედეგის ჩვენება?
-ჩემს თავზე საუბარი მეუხერხულება. გერმანელებს აქვთ ერთი კარგი გამოთქმა: თავდამსხმელი ფასდება გოლებით. ჩემდა სასიხარულოდ სამ სეზონში გავხდი ,,ობერლიგის’’ საუკეთესო ბომბარდირი.
-გერმანიის ქვედა ლიგის გუნდებში, იქ სადაც თამაშობდით და ახლაც ასპარეზობთ, როგორ ხდება კლუბების დაფინანსება?
-ყველა კლუბში სხვადასხვანაირად არის. სახელმწიფოსთან ერთად კლუბებს პატარ-პატარა სპონსორები უწევენ დახმარებას, ხოლო თუ კლუბი კერძო ბიზნესმენის ხელშია, მაშინ ამ გუნდის ამბიციები დიდია და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.
-თქვენ ამჟამად ,,კოლერბახში’’ მოთამაშესთან ერთად მწვრთნელის ფუნქციებსაც ითავსებთ. როგორია მწვრთნელთა ლიცენზირების სისტემა გერმანიაში და თქვენ რომელ ლიცენზიას ფლობთ?
-ობერლიგაში გუნდის გაწვრთნისთვის ლიცენზია აუცილებელია. ორი წლის წინათ ავიღე ც კატეგორიის ლიცენზია. თვითონ ლიცენზიის აღების პროცესი არ არის ადვილი, სწავლების ხანგრძლივობა დაყოფილია ორ სამკვირიან ციკლად, მეცადინეობა მიმდინარეობს დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე და ბოლოს 15 სხვადასხვა გამოცდას აბარებ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გერმანულ ენაზე. ამ ლიცენზიის აღების შემდეგ მინიმუმ ერთი წელი უნდა იმუშავო მთავარ მწვრთნელად, რის შემდეგაც ბ კატეგორიის ლიცენზიაზე გასვლის უფლება გეძლევა. 2014 წელს ვაპირებ ბ კატეგორიის ლიცენზიაზე გასვლას.
სამწვრთნელო სისტემას გერმანიაში მათიას ზამერი ხემძღვანელობდა, ვიდრე ,,ბაიერნში’’ გადავიდოდა მენეჯერად.
-ტელევიზია და პრესა რამდენად ინტერესდება გერმანიის ობერლიგით? ინტერნეტის საშუალებით ვნახე თქვენი კლუბის მიერ ჩატარებული შეხვედრების მიმოხილვები, შეხვედრა აშკარად ტელევიზიით გადაიცემოდა.
-ტელევიზია და პრესა ძალიან დაინტერესებულნი არიან ობერლიგით. მიუხედავად იმისა, რომ რანგით დაბალი ლიგაა, პრაქტიკულად ყოველდღიურად აშუქებენ მიმდინარე მოვლენებს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მატჩის შემდგომი პრესკონფრენციების ხანგრძლივობა მინიმუმ ნახევარ საათს შეადგენს და ზოგჯერ საათამდეც გრძლედება. ჟურნალისტები მინიმუმ 10 კითხვას მუდმივად სვამენ, მოკლედ ყველაფერი დამოკიდებულია მატჩის მნიშვნელობასა და შეხვედრის შინაარსზე.
- დაახლოებით რამდენი გულშემატკივარი ესწრება ხოლმე თქვენი გუნდის საშინაო შეხვედრებს?
-არის მატჩები, რომელსაც 300 გულშემატკივარი ესწრება, მაგრამ თუ დერბია 1500-2000 ქომაგი მოდის. ყოფილა შემთხვევები მათ რაოდენობას რვა ათასამდე მიუღწევია. მოკლედ, ესეც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი დატვირთვა აქვს მატჩს.
-კონკრეტულად ობერლიგაში არსებულ ვითარებაზე ვისაუბროთ. ამ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს უფრო მაღალ დონეზე ასვლის პერსპექტივა აქვთ?
-ძალიან ბევრი მაგალითის დასახელება შემიძლია, ობერლიგიდან ბევრი ფეხბურთელი მოხვდა ბუნდესლიგაში. ყველაზე გასაოცარ მაგალითს დაგისახელებთ. ლევერკუზენის ,,ბაიერის’’ მცველი ფილიპ ვოლშაიდი, მის წინააღმდეგ მაქვს ნათამაშები და ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ საერთოდ პროფესიონალი ფეხბურთელი დადგებოდა, თუმცა ჯერ ,,ნიურნბერგის’’ დუბლებში გადავიდა, შემდეგ ,,ნიურნბერგის’’ პირველ გუნდში დააწინაურეს, ხოლო ამის შემდეგ ლევერკუზენის ,,ბაიერმა’’ მიიწვია და უკვე გერმანიის ეროვნულ ნაკრებში თამაშიც მოასწრო. ასე რომ, სკაუტები დადიან ობერლიგის თამაშებზე და მათი ინტერესი ამ ჩემპიონატის მატჩების მიმართ საკმოდ დიდია.
-მუხედავად იმისა, რომ გერმანია დიდი საფეხბურთო ქვეყანაა და საკმაოდ ბევრი გუნდი ჰყავს, მაინც მინდა გკითხოთ, თუ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ძლიერ კლუბებში სტაჟირებაზე წახვიდეთ?
-გეთანხმებით, გერმანიაში მართლაც ძალიან ბევრი კლუბია, ფეხბურთელთა რაოდენობა კი უფრო მეტია, ვიდრე საქართველოს მთელი მოსახლეობა შეადგენს, ოფიციალური მონაცემებით ფეხბურთელთა რაოდენობა ხუთ მილიონზე მეტია.
რაც შეეხება სტაჟირებას, მწვრთნელები ხშირად მიდიან სხვადასხვა კლუბებში სტაჟირებაზე. უახლოეს მომავალში ,,კაიზერსკაუტერნში’’ ვაპირებ წასვლას, რადგან ტერიტორიულად ჩემს ქალაქთან ახლოს არის.
დიმიტრი შარიქაძე