ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი დავით ასუმბანი ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი 3 მეტოქის: ყაზახი ბაკიჟან ტურებეკოვის, ჰოლანდიელი ხეროენ მოურენისა და კანადელი ფრაზერ ვილის იპონ-იპონ ძლევის შემდეგ მეოთხედფინალში გავიდა. იქ კი რუს ბესლან მუდრანოვთან მხოლოდ სამწუთნახევარი გაძლო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც იტალიელ ელიო ვერდეს დაუპირისპირდება. თუ დაამარცხებს, მაშინ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართველ მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიასა და რუსი არსენ გალსტიანის ნახევარფინალურ წყვილში დამარცხებულს დაუპირისპირდება.
ამავე წონაში, ამირან პაპინაშვილმა 2 მეტოქე – ტაივანელი ჰსუან-ჰაო ჩანგი და კანადელი სერჯიო პესოა ჩამოიცილა. მერვედფინალში კი, გიორგი ზანთარაიასთან ვეღარაფერი გააწყო.
66 კილოგრამში მოჭიდავე საქართველოს ნაკრების წევრები საწყის ეტაპს ვერ გასცდნენ. მინდია ხომიზური ჩემპიონატში მე-2 წრიდან ჩაერთო და უმალ დამარცხდა სლოვენიელ როკ დრაკშიჩთან. შალვა ქარდავამ კი, სერბი მილოშ მიალკოვიჩის ძლევის შემდეგ, უმთავრეს ფავორიტთან, მონღოლ ცაგაანბაატარ ხაშბაატართან წააგო.
მედლებისთვის ბრძოლას შერჩენილი ძიუდოისტები ტატამზე თბილისის დროით 12:30 საათიდან გავლენ.
ოთარ მაღლაკელიძე







