ნიკალაი დავიდენკომ (№6) ლონდონის რვაკაცაზე ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში რობინ სოდერლინგს (№8) მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ამქრის შვეიცარიელი უსტაბაში როჯერ ფედერერი იქნება.
28 წლის რუსმა თავისზე 3 წლით უმცროს შვედ მეტოქეს 7:6 (7:4) 4:6 6:3 აჯობა. ეს მათი მე-10 დაპირისპირება გახლდათ და დავიდენკომ სოდერლინგზე წლეულს 3 მარცხის წილ მე-2, ხოლო საერთო ჯამში 6 მარცხის წილ მე-4 გამარჯვება იზეიმა.
დავიდენკოს ეს მატჩი რომ წაეგო, მათი ჯგუფიდან შვედთან ერთად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდოდა. გამოცდილ ვოლგოგრადელსა და 22 წლის ბელგრადელს მოგებული და წაგებული მატჩების თანაბარი რაოდენობა – 2:1 – დაუგროვდათ, მაგრამ რუსმა მსოფლიო რეიტინგსიის მესამეადგილოსანს სეტების უკეთესი თანაფარდობის წყალობით გაუსწრო: 5:3 – 4:3.
სხვათა შორის, სოდერლინგი, რომელმაც ნახევარფინალის საგზური უკვე მეორე ტურის შემდეგ მოიპოვა, დავიდენკოსთან მოგებულმა ერთმა სეტმა ნახევარფინალში ფედერერის წინააღმდეგ თამაშისგან იხსნა. შვეიცარიელი მაესტრო ორივე მათგანთან პირად დავაში ერთნაირი – დამთრგუნველი – ანგარიშით – 12:0 – უპირატესობს.
შვედი, ვინაც დავიდენკომდე ჯგუფში სეტისწაუგებლად გაუსწორდა ესპანელ რაფაელ ნადალსა (№2) და ჯოკოვიჩს, ფინალში გასასვლელად არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან (№5) იპაექრებს. მათ შორის თანაბრობაა: 1:1. შვედმა 21 წლის ტანმაღალ არგენტინელს ორი წლის წინ დევისის თასის მეოთხედფინალში შინ, ხალიჩაზე სძლია, თავად კი მასთან წლეულს იანვარში – ოკლენდის მაგარსაფრობაზე დამარცხდა.







