ნიკალაი დავიდენკომ (№6) ლონდონის რვაკაცას ფინალში ხუან მარტინ დელ პოტრო (№5) დაამარცხა და გახდა პირველი რუსი ტურნირის ისტორიაში, ანუ 1970 წლიდან დღემდე, წლის შემაჯამებელი შეჯიბრების მოგება რომ შეძლო.
28 წლის რუსმა, ვინაც შარშან, შანხაის რვაკაცას ფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დათმო, 21 წლის არგენტინელ მეტოქეს დამაჯერებლად, საათსა და 24 წუთში, 6:3 6:4 სძლია.
ამ მოგებამ დავიდენკოს საკმაოდ მსუყე თანხა – 1,51 მილიონი დოლარი – მოუტანა და რეიტინგსიაში მეშვიდედან მეექვსე ადგილამდე აღაზევა, სადაც ის ამერიკელ ენდი როდიკს ჩაენაცვლება.
ეს მისი და დელ პოტროს მეოთხე დაპირისპირება გახლდათ და იგი აშშ-ის წლევანდელი ღია პირველობის გამარჯვებულთან უკვე 3:1 უპირატესობს.
დავიდენკომ ტურნირი ჯგუფში ჯოკოვიჩთან (№3) მარცხით დაიწყო, მაგრამ შემდეგ
ესპანელ რაფაელ ნადალსა (№2) და რობინ სოდერლინგს (№8) გაუსწორდა და ნახევარფინალში ამქრის უსტაბაში როჯერ ფედერერიც დაჯაბნა.
“ნიკალაის სახით ტურნირს დიდებული ჩემპიონი ჰყავს – აღნიშნა დელ პოტრომ ნაფინალევს – მას მთელი კვირის მანძილზე თავი არ დაუზოგავს და დღესაც ზღაპრულად ითამაშა.”
დავიდენკომ წლის მე-5, ხოლო კარიერის მე-19 ტიტული მოიხვეჭა. მან ამ სეზონში, რომლის პირველი ხუთი თვეც ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა, ლონდონამდე ჰამბურგისა და უმაგის თიხნარობებზე, ასევე კუალა ლუმპურის მაგარსაფრობასა და შანხაის მასტერსმაგარსაფრობაზე იმარჯვა.
რაც შეეხება დელ პოტროს, მას შანსი ჰქონდა, სეზონის მე-4, ხოლო კარიერის მე-8 ტიტული მოენაგრა.







