ნიკალაი დავიდენკომ (#6) ლონდონის რვაკაცას ნახევარფინალში ამქრის უსტაბაშ როჯერ ფედერერს სძლია და წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალს ზედიზედ მეორედ მიატანა.
28 წლის რუსმა შვეიცარიელ მაესტროს საათსა და 55 წუთში – 6:2 4:6 7:5 აჯობა. ეს მათი მე-13 დაპირისპირება გახლდათ და დავიდენკომ ფედერერს პირველად მოუგო.
ისევე როგორც ჯგუფში ჩატარებულ სამ შეხვედრაში, ფედერერმა ამ მატჩის პირველი სეტიც ჩააგდო. და, მართალია, მეორეში სამიზნე გაისწორა და უფრო აგრესიულადაც ათამაშდა, საკუთარ თავს ბოლომდე ეგრეც არ დამსგავსებია – დიდოსტატურ დარტყმებს ის კვლავაც უხვად უზავებდა გაუგებარ შეცდომებს. არადა, შანსები მას მესამე სეტშიც ჰქონდა – განსაკუთრებით მეათე გეიმში, დავიდენკოს მოწოდებაზე, როცა გამარჯვებისგან მხოლოდ ორ ბურთიღა აშორებდა...
რუსმა კი გადამწყვეტი სეტის დამლევს საოცარი სიმტკიცე გამოავლინა და დამსახურებელი გამარჯვება მიითვალა. არა მარტო ამ შეხვედრაში, არამედ მთელი ტურნირის განმავლობაში მის მიერ ნაჩვენები ბარაქიანი და შეუპოვარი ჩოგნაობით მოხიბლულმა 17 500-იანმა ლიანგმა ის ნამატჩევს დგომელა ოვაციით დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, შარშანდელ, შანხაიურ ფინალში მან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დათმო. ახლა კი გადამწყვეტ მატჩში ის არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსა (#5) და შვედ რობინ სოდერლინგს (#8) შორის გამარჯვებულს შეხვდება.







