კაცმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგიის მეშვიდეადგილოსანმა ნიკალაი დავიდენკომ პარიზის მასტერსტურნირის მერვედფინალში რობინ სოდერლინგთან დათმო, თუმცა ამის მიუხედავად წლის დამაგვირგვინებელ რვაკაცა ტურნირზე მოსახვედრი საგზური მაინც მოიხვეჭა.
ამაში მას რეიტინგსიაში მისი უშუალო მდევარი – ესპანელი ფერნანდო ვერდასკოც – დაეხმარა, ვინაც ხორვატ მარინ ჩილიჩთან დამარცხდა 6:3 3:6 4:6. ამ მარცხით ვერდასკომ თავად მდგომარეობა გაირთულა, დავიდენკოს კი ლონდონისკენ მიმავალ გზაზე მწვანე შუქი აუნთო.
ამრიგად, 8 წლის რუსი მეჩოგნე, რომელმაც მეოთხედფინალში შვედი რობინ სოდერლინგი გაატარა 3:6 6:3 4:6, ლონდონში 22-29 ნოემბერს გასამართ რვაკაცა შეჯიბრებაზე როჯერ ფედერერთან, რაფაელ ნადალთან, ენდი მარეისთან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან და ენდი როდიკთან ერთად გამოვა.
დარჩენილი მერვე საგზურის მოპოვების შანსი კი ვერდასკოს, დავიდენკოს მძლეველ სოდერლინგს, ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულ ჟო-ვილფრიდ ცონგას და ჩილელ ფერნანდო გონსალესს დარჩათ.
ამათგან ცონგამ მერვედფინალში თვისტომ ჟილ სიმონს იოლად – 6:2 6:3 – სძლია და მომდევნო წრეში ამქრის ესპანელ მეორეადგილოსან რაფაელ ნადალსა და ესპანელსავე ტომი რობრედოს შორის გამარჯვებულს შეხვდება; გონსალესი კი კორტზე არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან (#5) ერთად სულ ბოლოს უნდა გასულიყო.
დანარჩენ შეხვედრებში:
30 წლის ჩეხმა რადეკ შტეპანეკმა, ვისაც რეიტინგსიაში მე-14 ადგილი უკავია, ტიტულისთვის ბრძოლას ერთ-ერთი ფავორიტი – თავისზე რვა წლით უმცროსი ბრიტანელი ენდი მარეი (#4) – გამოთიშა 1:6 6:3 6:4.
მარეის მათ სამსავე წინა შეხლაში ემარჯვა და მოგება ალბათ არც ამ ჯერზე გაუჭირდებოდა, წინა დღეს ღამის ოთხ საათზე რომ არ დაწოლილიყო – მისი და ამერიკელი ჯეიმს ბლეიკის თამაში ოთხშაბათს ძალზე გვიან დასრულდა!
22 წლის სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც დიდებულ ფორმაშია, ფრანგ არნო კლემანს 6:2 6:2 გაუსწორდა და პირველად გავიდა პარიზის მასტერსტურნირის მეოთხედფინალში. იქ ის სოდერლინგთან იდავებს.
ჩილიჩის მომდევნო მეტოქე კი ფრანგი გაელ მონფისი იქნება. მან წინა წრეში ამქრის უსტაბაშ როჯერ ფედერერის მძლეველი თანამემამულე ჟულიენ ბენეტო დაიმორჩილა 6:4 6:3.







