ფეხბურთი

14:35 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუისი: ”სკოლარი მამასავითაა”

 

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველმა დავიდ ლუისმა The Blizzard-თან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა. “პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეულმა “სელესაოს” თავკაცის – ლუიშ ფელიპე სკოლარის საიდუმლოებზე გააკეთა კომენტარი და სხვა პირად თუ გუნდურ თემებსაც შეეხო.

- ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გასახდელში ბრწყინვალე ატმოსფეროა. ჰალკი ამბობს, რომ ბრაზილიის ნაკრები ერთი დიდი ოჯახია და იქიდან წასვლა არ სურს. ნაკრების წევრები მართლა ასე ახლოს ხართ ერთმანეთთან?

- მეტად სასიამოვნო ატმოსფეროა, სადაც პროფესიონალურ კარიერაში ხშირად მიწევს ყოფნა. იყო ამ კოლექტივის ნაწილი – განსაკუთრებული შეგრძნებაა. ვფიქრობ, ერთ ოჯახად ვიქეცით და ეს დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს. იმედია, ერთად ყოფნის საშუალება დიდ ხანს მოგვეცემა, რადგან მინდა, ეს შეგრძნება დიდ ხანს გამყვეს. ჩვენი წარმატების საიდუმლოც სწორედ ერთიანობაა. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ და დისციპლინასაც ვიცავთ. როცა ყველა ბედნიერია, საუკეთესო შედეგებიც მაშინ მოდის.

- როგორ მოახერხა სკოლარიმ გუნდის ასე შეკვრა და დაახლოვება?

- ჩემი აზრით, საქმე გამოცდილებას ეხება. მან იცის, როგორ უხელმძღვანელოს ეროვნულ ნაკრებს. სკოლარიმ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაც იცის. ჩვენი მწვრთნელი ხან მკაცრია, ხან კეთილი. ეს კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. სკოლარი ფეხბურთელებთან გახსნილია და ეს სამუშაოზე კარგად აისახება. მას ყველა იცნობს და ვიცით, როგორც მუშაობს. ფანტასტიკური მწვრთნელი, ფანტასტიკური მეთაური და ფანტასტიკური ადამიანია. ის, ფაქტობრივად, ჩვენთვის მამასავითაა. სკოლარი ყოველი მატჩის წინ გვეუბნება, რომ მოედანზე ბედნიერები უნდა ვიყოთ. დიახ, ის ბევრ მუშაობს და ტაქტიკურ განსწავლულობას ითხოვს, მაგრამ ამავდროულად, ჩვენს თვალებში ბედნიერების ნახვაც სურს. ვფიქრობ, ეს ბრაზილიური კულტურის ნაწილია და ამას გუნდი არ ივიწყებს.

- ნაკრებში ყველაზე ახლოს ბერნარდთან ხართ, ხომ ასეა?

- ის ჩემთვის უმცროსი ძმასავითაა. როდესაც ნაკრებში პირველად უხმეს, დავპირდი, რომ დავეხმარებოდი და მასზე ვიზრუნებდი. ეს ჩემი, როგორც გუნდის მეორე კაპიტნის მოვალეობაა. ბერნარდი ბრწყინვალე ფეხბურთელი და კარგი გულის ადამიანია. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და დროს მხიარულად ვატარებთ. ვცდილობ, მას ფეხბურთში ბევრი რამ ვასწავლო.

- რა არის შენი ცხოვრების მთავარი მიღწევა?

- ერთხელ, როცა “ბენფიკაში” ვთამაშობდი, ლისაბონის ერთ-ერთ მაღაზიაში ქალმა გამაჩერა და მადლობა გადამიხადა. დავინტერესდი, რისთვის მემადლიერებოდა. “იმისთვის, რომ გასული კვირის ერთ-ერთ ინტერვიუში შენს ცხოვრებისეულ მიზნებზე, ოჯახისა და მეგობრების სიყვარულზე ისაუბრე. შენ თქვი, რომ მშობლებს სიყვარულს ყოველდღე უმხელ. გუშინ, ჩემმა შვილმა პირველად მითხრა, მიყვარხარო. ამისთვის მადლობა უნდა გადამეხადა”, - მითხრა ქალბატონმა.

ამის შემდეგ, მივხვდი, რომ ჩემი კარიერა მხოლოდ ის არაა, რაც მოედანზე ჩანს. ვერც საფეხბურთო მატჩები და ვერც ლამაზი გოლები ამას ვერ შეედრება. მთავარია, ხალხის ცხოვრებაზე როგორ გავლენას ახდენ. ვცდილობ, მოქალაქეობრივი პოზიცია დავიცვა და ხალხს გულით დავეხმარო. ამავდროულად, მოედანზე სრულად ვიხარჯები. თანამედროვე ფეხბურთელებს ხალზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.

- ჩანს, რომ ამ ტურის ყველა მონაწილეს კარგად იცნობ. ნაკრების დაცვიდან დაწყებული, მატჩის ინსპექტორით დამთავრებული, ყველას ესალმები და ესაუბრები...

- მწვერვალს მარტო ვერ მივაღწევ. ჩემთვის ყველა მნიშვნელოვანია. ჩემს წარმატებაში ყველა მათგანმა თავისი როლი ითამაშა. ხალხს უნდა აჩვენო, რომ მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ეს მათ აბედნიერებთ. ასეთი ვარ მე და ასეთია ჩემი კულტურა. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ხალხს დიდი პატივი უნდა ვცე. არ აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტია თუ უბრალო ბიჭი.

- კონფედერაციის თასი ტრიუმფით დაასრულეთ. რა შეიცვალა იმ ტურნირის მსვლელობისას?

- ვფიქრობ, ამ ტურნირზე ყველას ძველი ბრაზილია გავახსენეთ. როცა პატარა ვიყავი, დიდი ბრაზილიელების თამაშს ტელევიზორში ვუყურებდი. ფანტასტიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ბრწყინვალე გუნდი იყო. შანსი გვაქვს, ასეთ დიდ ტურნირზე ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ ვითამაშოთ. “ჩელსიში” მოთამაშე ესპანელებმა მითხრეს, რომ როცა გულშემატკივრების ნამღერი ბრაზილიის ჰიმნი მოისმინეს, მიხვდნენ, გამარჯვების შანსი არ ჰქონდათ. მუნდიალს დიდი მოლოდინით ვხვდებით. ინტრიგა მართლაც დიდია. ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ. ღრუბლებში არ დავფრინავთ და ჩვენი საქმე ვიცით.

- ალბათ, დიდი ზეწოლის ქვეშ იქნებით...

- ზეწოლა კარგია. პოზიტივი იმაშია, რომ ჩანს, რამდენად მზადაა ქვეყანა მსოფლიოს ჩემპიონობისთვის.

- და მზად ხართ?

- რა თქმა უნდა!

0.164324