WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ახალი ჩემპიონი, ბრიტანელი დავიდ ჰეი მომავალ ბრძოლას ტიტულის პრეტენდენტ ამერიკელ ჯონ რუისთან გამართავს, მაგრამ ამბიციური მძიმეწონოსანი უკვე არათუ საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებაზე, არამედ სხვა ვერსიების ქამრების მოგებაზე ფიქრობს. ამ ოცნების ასასრულებლად ჰეის უკრაინელი ძმების – ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოების წინააღმდეგობის დაძლევა დასჭირდება. ვიტალი WBC-ის ვერსიითაა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე. ვლადიმერი კი WBO-ისა და IBF-ის ვერსიებით.
29 წლის ბრიტანელმა რამდენიმე დღის წინ, BoxingScene.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კლიჩკოების ძლიერ მხარეებსა და ტექნიკურ-ფიზიკურ თავისებურებებზე ისაუბრა.
“ვფიქრობ, ძმები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან, მაგრამ მათ შორის სრული მსგავსებაც არაა. ვლადიმერი ბევრად სწრაფია. თუმცა, მოწინააღმდეგეებისგან მეტ დარტყმას იღებს და შესაბამისად, მათ შეტევებს უფრო მეტად უფრთხის, ვიდრე საკუთარი ძმა. თავადაც ნაკლებ დარტყმას ანხორციელებს. ვიტალი გაცილებით თავდაჯერებულია და რინგზე უფრო აქტიურადაც მოქმედებს – მეტოქეს მეტ დარტყმას აყენებს. მოგეხსენებათ, მას მუხლზე პრობლემები აქვს, რაც ბოლომდე აქტიურობაში ხელს უშლის. მოკლედ, თითოეულთან ბრძოლას სხვადასხვაგვარად უნდა მივუდგე და განსხვავებული ტაქტიკით უნდა მოვემზადო” – განაცხადა დავიდ ჰეიმ.
ბრიტანელ მოკრივეს უკვე ორივე უკრაინელთან შეხვედრის შანსი მიეცა, მაგრამ ორივე შემთხვევაში უარი თქვა ბრძოლებზე, მიზეზად კი კლიჩკოების მიერ შეთავაზებული საშინელი პირობები დაასახელა. ძმები კი დავიდის უარმა ძალიან გააღიზიანა. მათი აზრით, ნამდვილი მიზეზი შიში იყო და ჟურნალისტებს პირდაპირ უთხრეს, მშიშარასთან შეხვედრის სურვილი მომავალში უკვე ჩვენ თვითონ აღარ გვექნებაო. ალბათ ამ სიტყვების ერთგულებიც დარჩებოდნენ, რომ არა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, რომელიც დავიდ ჰეიმ ახლახან, რუსი ნიკოლაი ვალუევის ძლევით მოიპოვა. კლიჩკოების ოცნებაც ხომ საჩემპიონო ქამრების სრული კოლექციის მოგროვებაა. ამაზე არაერთგზის დაწერილა და თქმულა.
“მჯერა მოლაპარაკების მაგიდას ისევ მივუსხდებით და ფინანსური პირობები უკვე ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. ამ ბრძოლების ნახვა ხალხს სურს და იმედია, კლიჩკოები სამართლიან ბიზნეს-გადაწყვეტილებას მიიღებენ” – დასძინა ჰეიმ.







