მადრიდში დაბადებული დავიდ დე ხეა 23 წლისაა, თუმცა უკვე 2 კლუბთან ერთად მნიშვნელოვანი ტიტულების მოგება მოასწრო. “ატლეტიკოს” შემადგენლობაში მან ევროპა ლიგის თასი და კონტინენტის სუპერთასი მოიგო, “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში კი პირენელმა კიპერმა პრემიერლიგის ჩემპიონობა და ინგლისის სუპერთასი (ორჯერ) მოიპოვა. დე ხეამ ინტერვიუ მისცა მანკუნიანელთა საკლუბო ჟურნალ Inside United-ს და ამ გამოცემის ჟურნალისტის რამდენიმე კითხვას უპასუხა.
- “მანჩესტერ იუნაიტედი” ყოველსეზონურად პრემიერლიგის მოგებას ისახავს მიზნად. წლეულს გუნდის მიერ გადასაჭრელი ამოცანა ხომ არ შეცვლილა?
- არაფერი შეცვლილა. “იუნაიტედი” ის კლუბია, რომელსაც საჩემპიონო ტიტულის დასაკუთრებას მოვალეობად უთვლიან. ამ მხრივ ყველაფერი ძველებურადაა – ამჯერადაც პირველობისთვის ვიბრძოლებთ. ამასთან, პრემიერლიგის მოგება ჩვენი ერთადერთი ამოცანა არაა. ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასებიც “მანჩესტერის” პრიორიტეტული ტურნირებია. შევეცდებით, ყველა ეს შეჯიბრება მოვიგოთ.
- პრემიერლიგაში უმთავრეს კონკურენტებად რომელი გუნდები მიგაჩნიათ?
- რთული კითხვაა. მიმდინარე გათამაშებაში სოლიდურ თამაშს ბევრი გუნდი აჩვენებს და ჩემი აზრით, საჩემპიონო წოდების დასასაკუთრებლად ერთდროულად რამდენიმე კლუბი იბრძოლებს. ცხადია, მათ რიცხვში “მანჩესტერ იუნაიტედი” იქნება. ვფიქრობ, “არსენალთან”, “ტოტენჰემთან”, “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტისთან” კონკურენციისთვის მზად ვართ.
- პირველივე ტურებიდან ლიდერობა ხელთ “არსენალმა” იგდო. რამდენად სერიოზულად თვლით ჩრდილოლონდონელთა ამბიციას?
- უდავოა, არსენ ვენგერის გუნდი მაღალ დონეზე რომ თამაშობს. “არსენალის” სათამაშო პოტენციალი საგრძნობლად აამაღლა “ემირეიტსზე” მესუთ იოზილის მისვლამ. მისი კლასის შესახებ ყველას მოგეხსენებათ. “არსენალმა” მშვენიერი სტარტი აიღო, მაგრამ ჩემპიონატის ბოლომდე დიდი დრო და ბევრი მატჩია. “იუნაიტედი” მსგავს მდგომარეობაში ადრეც ყოფილა, ამიტომაც მწვრთნელები და ფეხბურთელები მშვიდად ვაგრძელებთ მუშაობას და არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.
- შარშანდელ პრემიერლიგას თუ გავიხსენებთ, “მანჩესტერს” იოლი სტარტი არც მაშინ ჰქონია. საკმარისზე მეტ გოლს უშვებდით და რამდენიმე “ქამბექის” შესრულებაც დაგჭირდათ. ყველაფერი “თავის ადგილას” შობის დღესასწაულისთვის დადგა. წლეულსაც იგივეს გამეორებას უნდა ველოდეთ?
- სეზონის დასაწყისი არასდროსაა იოლი. გუნდს ხომ ახალ ფეხბურთელებთან ადაპტირება სჭირდება. მიმდინარე პრემიერლიგას თუ ავიღებთ, მთავარი მწვრთნელიც ახალი გვყავს. სერ ალექსის წასვლის შემდეგ მცირეხნიანი დაღმასვლა ბუნებრივიცაა, მაგრამ უკვე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ძველებურ დონეს თანდათან ვუახლოვდებით. დეკემბრის მიწურულისთვის შეთამაშების სირთულეები საბოლოოდ დაძლეული იქნება, მე კი, როგორც მეკარე, იმასაც დაგპირდებით, რომ იანვრიდან ნაკლებ გოლს გავუშვებთ.
- პირადად თქვენი თამაშით დევიდ მოიესი და “იუნაიტედის” გულშემატკივრები კმაყოფილები არიან...
- ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია მთავარი მწვრთნელის დადებითი შეფასების მოსმენა. იმედია, სამომავლოდაც მისტერ მოიესს კმაყოფილს დავტოვებ. მწვრთნელის, თანაგუნდელებისა და “მანჩესტერის” ქომაგებისთვის ვთამაშობ. განსაკუთრებით სასიამოვნო “იუნაიტედის” გულშემატკივრებში დამსახურებული პატივისცემა და სიყვარულია. ყოველკვირეულად ისინი ფულს იხდიან, რათა ჩვენი წარმატებული თამაში იხილონ და რა უფლება გვაქვს ერთგულ ფანებს იმედი გავუცრუოთ.
- მომავალ წელს ბრაზილიაში მსოფლიოს მორიგი ჩემპიონატი ჩატარდება. მუნდიალ2014-ზე ასპარეზობას აპირებთ?
- ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში გამოსვლაა, მსოფლიოს პირველობაზე თამაში კი განსაკუთრებული მიზანი. ვფიქრობ, სადღეისოდ კარგ ფორმაში ვარ. იმედი მაქვს, თანდათან კიდევ უფრო მოვუმატებ და ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ბრაზილიაში გავემგზავრები. ჯერჯერობით კი მთლიანად “მანჩესტერ იუნაიტედში” წარმატებით ასპარეზობაზე ვარ ორიენტირებული.