ფეხბურთი

15:08 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ დე ხეა: “იუნაიტედში” ბევრ ესპანელ ფეხბურთელს ვინატრებდი”

 ესპანეთის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეა ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, თუმცა, უკვე საკმარისი ტიტულებიც მოიხვეჭა და გულშემატკივრებში ავტორიტეტითაც სარგებლობს. ინგლისური პრემიერლიგის მოქმედ ესპანელ ჩემპიონს ოლდტრაფორდელთა გუნდის ისტორიაში ღირსეული ადგილის დაკავება და ისეთ ლეგენდებთან გატოლება სურს, როგორებიც ედვინ ვან დერ სარი და პეტერ შმაიხელი არიან.

 - უკვე 2 წელიწადია, ინგლისურ პრემიერლიგაში ასპარეზობთ დამანჩესტერ იუნაიტედისღირსებას იცავთ. რას გვეტყვით მთლიანობაში ინგლისურ ფეხბურთზე და კონკრეტულადიუნაიტედზე”?

- როდესაც ნისლიან ალბიონზე მოვდიოდი ვიცოდი, რომ აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძალისმიერ თამაშს და ფიზიკურად უნდა მოვმძლავრებულიყავი. ალბათ ყველანი ხედავთ ამ ასპექტით როგორ შევიცვალე. სპორტდარბაზში ყოველდღიურად ინდივიდუალური გრაფიკით, მონდომებით და დიდხანს ვვარჯიშობ. ინგლისში ჩამოსვლის შემდეგ მეტად დაძაბული, ინტენსიური რეჟიმი მაქვს. ესპანეთში ყოფნასთან შედარებით დიეტის მხრივაც დიდი ცვლილებაა. ამჟამად უფრო მეტს ვჭამ, ვიდრე უწინ. ეს აუცილებელია, რათა მეტად დაძაბული და უდიდესი ფიზიკური დატვირთვების მქონე საპრემიერლიგო მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდე. წვრთნების დროს ბიჭები შეგნებულად კარის სიახლოვეს აწოდებენ ბურთს და ჩემთან შეჯახებასაც არ ერიდებიან. ყოველივე ეს იმისთვის კეთდება, რომ ინგლისურ ფეხბურთს კიდევ უფრო გავუშინაურდე.

19 წლისა გახლდით, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩავირიცხე, რაც ორმაგად რთული და საპასუხისმგებლო გახლდათ. ჯერ ერთი, უდიდესი ტრადიციისა და ავტორიტეტის მქონე კლუბში მოვხვდი, მეორეც უცხო გარემოში ამოვყავი თავი. “მანჩესტერის” მეკარეობა მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე რთული პოზიციაა, იმის გათვალისწინებით, თუ გუნდის რენომესა და მისი ყოფილი გოლკიპერების ძლიერებას გავითვალისწინებთ. უდიდესი პასუხისმგებლობა ვიტვირთე მხრებზე და ბევრსაც ვშრომობ, მინდობილ საქმეს სათანადოდ რომ გავართვა თავი. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს ბევრმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისა, რამდენად რთულია ახალგაზრდულ ასაკში ჩემპიონატის გამოცვლა და სრულიად განსხვავებული სტილის საფეხბურთო გარემოში მოხვედრა. მართალია, ოჯახის წევრები მანჩესტერში გამომყვნენ, მაგრამ მეგობრებთან ყოველდღიური ურთიერთობის ნაკლებობას დღემდე განვიცდი.

- პრემიერლიგის მატჩებში დაშვებული შეცდომები დიდხანს გამახსოვრდებათ?

- გასულ იანვარში “ტოტენჰემთან” თამაშისას უპატიებელი შეცდომა დავუშვი, რის შემდეგაც ლონდონელებმა ბოლო წუთზე ანგარიში გაგვიყაიმეს. ეს ყველაზე მწარე მომენტია ჩემ პრემიერლიგურ კარიერაში. მთლიანობაში ის შეხვედრა კარგად ჩავატარე, ისევე როგორც სხვა მატჩების აბსოლუტური უმრავლესობა, შეცდომისგან დაზღვეული კი არავინაა.

- “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ განაცხადა, რომ სესკ ფაბრეგასი “კამპ ნოუზე” თავს კარგად გრძნობს და ინგლისში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა, ბრიტანელი ჟურნალისტები ჯიუტად იმეორებენ, სესკი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავაო. გხიბლავთ სანაკრებო პარტნიორთან ერთად “ოლდ ტრაფორდზე” თამაში?

- მშვენიერი იქნებოდა, ფაბრეგასი ჩვენთან რომ მოსულიყო. შესკი ბრწყინვალე ფეხბურთელია, ტექნიკური და მშვენივრად იცის, როგორ დაეხმაროს გუნდს მოგების მიღწევაში. საერთოდ, “იუნაიტედში” ბევრ ესპანელ ფეხბურთელს ვინატრებდი.

- ამას წინათ იკერ კასილასმა ესპანეთის ნაკრებში თავის მემკვიდრედ დაგასახელათ...

- ძალიან სასიამოვნო გასაგებია, როდესაც ესოდენ მაღალი კლასის მეკარე ამგვარად დაგაფასებს. ორიოდე წლის წინათ ედვინ ვან დერ სარმა დამასახელა მის ღირსეულ შემცვლელად. ჩემი უპირველესი ამოცანაც ესაა – სათანადოდ მსურს ლეგენდარული ჰოლანდიელი კიპერის შეცვლა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე უნდა გავხვდე და ძალიან მინდა, როდესაც კარიერას დავასრულებ, გულშემატკივრებმა ისეთივე სიყვარულითა და სითბოთი მომიხსენიონ, როგორითაც ედვინს და პეტერ შმაიხელს ახასიათებენ. საამისოდ ვარჯიშის დროს არაფერს ვიშურებ და იმედია, ჩემი მონდომება და შრომა უკვალოდ არ ჩაივლის.

0.118953