“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ ინტერვიუ მისცა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს. ოლდ ტრაფორდელთა მეციხოვნემ მთავარი მწვრთნელის ცვლილებაზე, უეინ რუნის შესაძლო წასვლაზე, საკუთარ მომავალსა და შვებულებისას დროის გატარების პრიორიტეტებზე ისაუბრა.
- საუბრობენ უეინ რუნის მიერ “ოლდ ტრაფორდის” დატოვებაზე. მისი წასვლის შემთხვევაში გუნდის თამაში შეიცვლება?
- პირადად ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია “იუნაიტედი” რუნის გარეშე. “შრეკი” ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და როდესაც იგი მინდორზეა დანარჩენი მოთამაშეები უფრო იმედიანად ვართ. Uეინი მისაბაძი ფეხბურთელია. მან “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად კიდევ ბევრი ტიტულის მოპოვება შეუძლია.
- თქვენი საფეხბურთო მომავალი უკვე გარკვეული გაქვთ?
- “ოლდ ტრაფორდიდან” აბარგებას არ ვაპირებ. ჯერ ერთი, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, მეორეც, “იუნაიტედში” თავს მეტად კომფორტულად ვგრძნობ და სხვა კლუბში თამაში ვერცკი წარმომიდგენია. როდესაც მანჩესტერში ახალი გადასული ვიყავი, კლუბთან ადაპტირება ცოტათი გამიჭირდა, მაგრამ გასაკვირი ის იქნებოდა, საპირისპირო რომ მომხდარიყო. მე ხომ ევროპის უკიდურესი სამხრეთიდან, ესპანეთიდან კონტინენტის შორეულ ჩრდილოეთში, ინგლისში ჩამოვედი. ახალ, ჩემთვის უჩვეულო ქვეყანასთან, ენასთან გაშინაურება იოლი საქმე არაა. ძალიან ბევრი ვიშრომე და შეძლებისდაგვარად მოკლე ხანში ყველაფერი ნორმაში, თავის ადგილად დადგა. ვიმეორებ – მანჩესტერში ყოფნით ფრიად კმაყოფილი ვარ.
- გუნდის მთავარმწვრთნელობიდან სერ ალექს ფერგიუსონის წასვლას რა კომენტარს გაუკეთებდით?
- როდესაც შოტლანდიელის გადაწყვეტილება გავიგე, ერთდროულად რამდენიმე გრძნობა დამეუფლა. დავიბენი, გული დამწყდა და მომავლისადმი გაურკვევლად ვიყავი. მართლაც მეტად რთული წარმოსადგენია კარინგტონში ჩატარებული ვარჯიში, რომელსაც ფერგიუსონი არ წარმართავს. ასევე ძნელია შეეგუო იმ აზრს, რომ მატჩების მსვლელობისას სათადარიგოთა სკამზე სერ ალექსი არ იქნება და ასპარეზობის მსვლელობისას კორექტივებს არ შეიტანს ჩვენ თამაშში. ფერგიუსონი “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” უდიდესი ფიგურაა და მისი წასვლა იოლი გადასატანი ნამდვილად არაა. თუმცა, ვიმედოვნებ და დიდწილად დარწმუნებულიც ვარ, რომ “იუნაიტედი” წარმატებული გუნდი ახლო მომავალშიც იქნება.
- დევიდ მოიესზე რა აზრის ხართ?
- ფერგიუსონის თანამემამულე მოიესმა 11 წელიწადი გაატარა ლივერპულის “ევერტონის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე და ამ ამპლუაში მაღალპროფესიული სამსახური გასწია. ჩვენ ყველანი გვერდით უნდა დავუდგეთ მისტერ დევიდს, რადგან ალექს ფერგიუსონის სათანადოდ შეცვლა ურთულესი საქმეა. თუმცა, “იუნაიტედის” დამრიგებლის პოსტზე მოიესის კანდიდატურა შემთხვევით არ შეურჩევიათ. მისტერ დევიდს ხელეწიფება “მანჩესტერის” ისტორიაში ახალი წარმატებული ფურცლების ჩაწერა.
- თქვენც იზიარებთ იმ თვალსაზრისს, რომ ინგლისური პრემიერლიგა გამორჩეული ტურნირია?
- დიახ, ასეა. ვამაყობ, რომ პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო კლუბის, “მანჩესტერ იუნაიტედის” სრულუფლებიანი წევრი რომ ვარ. ამ გუნდის მაისურის მოზომვით მისი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გავხდი და შეუძლებელია ამან ამაღლებულ გუნება-განწყობაზე არ დამაყენოს.
- ფეხბურთელებს მცირეხნიანი შვებულების პერიოდი დაგიდგათ. როგორ აპირებს დასვენების დღეების გამოყენებას?
- ოჯახის წევრებთან ერთად გავატარებ თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს. ძალიან მიყვარს კინოფილმების ცქერა და მეგობრებთან ერთად ვიდეოთამაშებით გართობა. დასვენების მხრივ ორიგინალობით არ გამოვირჩევი. მანჩესტერში ყოფნისას ხშირად გავდივარ ქალაქში, დავდივარ საყიდლებზე მაღაზიებში, ხშირად ვათვალიერებ ცენტრალურ უბნებს. ვცდილობ, კიდევ უფრო უკეთ შევისწავლო ინგლისური ენა. ამ მიზნით სუბტიტრებიან ინგლისურ ფილმებს ვუყურებ. ასე უკეთ ვიგებ, რაზე საუბრობენ კინოსურათის გმირები.
- ზემოთ განაცხადეთ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად ატარებთ თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს. კონკრეტულად რით ხართ დაკავებული?
- აკი მოგახსენეთ, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ – ერთად ვსადილობთ, ბოულინგს ვთამაშობთ. იგივენაირად ვატარებ დროს მეგობრებთან ერთადაც. შვებულების დროს თავისაუფალი დროით ვტკბები.
- ფეხბურთელი რომ არ გამოსულიყავით, რა პროფესიას აირჩევდით?
- ეს ჩემთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რადგან რაც თავი მახსოვს, მხოლოდ და მხოლოდ საფეხბურთო კარიერაზე ვფიქრობდი. ისე, ფეხბურთელი რომ არ გამოვსულიყავი, სკოლაში სწავლას გაცილებით მეტ დროს დავუთმობდი. ალბათ, რომელიმე უნივერსიტეტში ჩავირიცხებოდი და სპორტულ საკითხებზე დავიცავდი სამეცნიერო ხარისხს. სკოლაში კი ყველაზე მეტად ისტორია მიყვარდა. მომწონდა ჩემთვის უცნობი მნიშვნელოვანი თარიღებისა და მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება.
- თქვენი საფეხბურთო გზა როდის დაიწყო?
- მამასთან ერთად ფეხბურთს ადრეული ასაკიდან ვთამაშობდი. ჩემი პირველი ცხოვრებისეული გამოცდილება ეზოში მშობელთან ერთად ბურთის გორებას უკავშირდება. მადრიდის “ატლეტიკოს” საბავშვო სკოლაში 6 წლისა მივედი და ვთვლი, რომ იმ პერიოდიდან მოყოლებული პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ.
- არიან მეკარეები, რომლების გოლების გატანითაც არიან გამორჩეულნი...
- ჭაბუკობისას ფორვარდი ვიყავი და საკმარისი რაოდენობის გოლიც გამქონდა. ახლა მეკარე ვარ, თუმცა, ფეხით თამაშის დახვეწასაც დიდ ყურადღებას ვუთმობ. მეკარეს საკუთარი გუნდის იერიშის წამოწყებაც უნდა შეეძლოს.