სხვა

15:30 | 16.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

დავააჯარგალმა ჟიგჟიდიმი არ შეარცხვინა

ულან-ბატორის 25 წლის მკვიდრმა იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელიც იაპონიის მიწაზე საოცრებების მოხდენას განაგრძობს, მამის, მონღოლთა ეროვნული ჭიდაობა ბოხის დიდი ჩემპიონის მიღწევა გაიმეორა. ნაადამის ექვსზგის ჩემპიონ ჟიგჟიდიმ მუნბხბატს მიჯრით სწორედ 52 შერკინება ჰქონდა მოგებული ბრძოლებში, რომელიც სუმოს წესებს ძალიან წააგავს.
“ერისკაცობაში” დავააჯარგალ მუნხბატად ცნობილი ჰაკუჰოს წაუგებელი სერია სტარტს მიმდინარე წლის იანვრიდან იღებს, სექტემბრის ბაშოს მე-5 დღეს კი, მონღოლის შეჩერება ვერც ქართველმა ტოჩინოშინიმ შეძლო. მარჯვენამხრიან დგომა მიგი-იოცუში მეტოქეებს ერთმანეთის მავაში ჰქონდათ მოგდებული, როდესაც ჰაკუჰომ ილეთი სუკუინაგე განახორციელა.
22 წლის ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ბაშოს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და “თეთრ ფენიქსთან” წაფორხილების შემდეგ, 3 გამარჯვების წილ 2 მარცხი მოუგროვდა. ტოჩინოშინის მომდევნო ტურშიც რთული ბრძოლა ელის. 38 წლის იაპონელი ვეტერანი კაიო აკი ბაშოს კადობანში (თუკი დადებითი ბალანსი ვერ გაიფორმა, წოდებას ჩამოართმევენ) ჩაყენებული შეხვდა და ამჟამად, ქართველის დარი ბალანსი გააჩნია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გორგაძე კაიოს ხუთჯერ გადაეყარა და მხოლოდ ერთხელ, მაისის ტურნირზე იორიკირით აჯობა.
თუკი გორგაძემ დოჰიო დამარცხებულმა დატოვა, წარმატებული დღე ჰქონდათ დანარჩენ ქართველ სუმოისტებს. კოკაის შიკონათი ცნობილმა ლევან ცაგურიამ, რომელიც 4 წლის წინ სუმოს იერარქიაში მე-4 კომუსუბის წოდებას ატარებდა, მძლავრი ბიძგებით დოჰიოს მიღმა მე-9 მაეგაშირა კიმურაიამა გადააგდო. კოკაის შემდეგი მოწინააღმდეგე ფუკუოკელი მე-11 მაეგაშირა კოტოკასუგა იქნება. “შავ ზღვას” 4 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა და თუკი ასე განაგრძო, აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებას გაცილებით უკეთეს ტიტულზე გაცვლის.
5 დღის თავზე ერთადერთი მარცხი გააჩნია ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (202 კგ.) სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელსაც. გაგამარუს მეტსახელით მოასპარეზე 23 წლის ქართველმა 36 წლის ექს-სეკივაკე ტოჩინონადა ძალის ხარჯზე დაჩაგრა. გაგამარუმ ვეტერანი იაპონელის მავაში მყარად მოიგდო და შიტატენაგეს ორჯერ მოგერიების შემდეგ, იორიტაოში დააფიქსირა. ჯუღელი აკი ბაშოს აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და რეიტინგში წინსვლისთვის უცილობლად კაჩი-კოშის დაფიქსირება სჭირდება, წარმატებული სერიის გაგრძელებას კი მონღოლ ტამავაშისთან შერკინებისას ეცდება. გასულ ივლისის ბაშოზე ამ უკანასკნელს ქართველი სუკუინაგეთი ჰყავს დამარცხებული.
სექტემბრის ტურნირის დასრულებამდე 10 დღე რჩება, ჰაკუჰოს გარდა კი, დაუმარცხებლის სტატუსს კიდევ ორი სუმოისტი ინარჩუნებს – ოძეკი კოტოოშუ და მე-11 მაეგაშირა იოშიკაძე. 4/1-ზე ბალანსი კოკაისა და გაგამარუს გარდა, ოძეკებს – ბარუტოსა და ჰარუმაფუჯის, სეკივაკე ტოჩიოძანსა და მე-7 მაეგაშირა კიტატაიკის გააჩნიათ.   

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171109