იმერული დერბი ძალზე დაძაბული და დრამატული გამოდგა. გასულ ტურში წარუმატებლად გამოსული გუნდების საცქერლად კი, ზესტაფონში უჩვეულოდ ცოტა მაყურებელი მოვიდა. ზოგიერთი ქომაგი ამას ბილეთის სიძვირეს აბრალებს, ხოლო ბევრის აზრით, ბოლო დროს კლუბის არც თუ ისე წარმატებულმა გამოსვლამ, "ზესტაფონის" გულშემატკივრებზე დადებითად ვერ იმოქმედა.
"დავით აბაშიძეზე" მოპაექრე საფეხბურთო კოლექტივებს, ქომაგები დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ჰყავდათ. ორივე გუნდის ფეხბურთელებს გამარჯვების სურვილი ჰკლავდათ. ეს ბუნებრივიც იყო, რადგანაც მასპინძლებმა ზუგდიდში გამაოგნებელი მარცხი იწვნიეს, ხოლო უმაღლესში დაბრუნებულ ტორპედოელებს, გამარჯვების გემო ჯერაც არ უგემნიათ. ორივე მხრიდან ამბიციურად განწყობილ ქომაგებსაც, ბუნებრივია, მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებდათ.
მატჩი ზესტაფონში მასპინძელთათვის მოულოდნელად დაიწყო. სადებიუტო მონაკვეთი აშკარად "ტორპედოს" უპირატესობით ჩატარდა და ხიფათიც, ძირითადად, როინ კვასხვაძის კართან იქმნებოდა. უკვე მეორე წუთზე, გოლის გატანის ჩინებული შანსი მიეცათ სტუმრებს, თუმცა ეს რომ მომხდარიყო, ალბათ, გოლი კურიოზული ხასიათის იქნებოდა. მარჯვენა ფლანგიდან ნიკა კვასხვაძის მიერ ჩაწოდებული, ფეროელების კარს საფრთხეს არ უქმნიდა, თანაც ბურთთან ყველაზე ახლოს მასპინძელთა მცველები იყვნენ. სიტუაციას აკონტროლებდა მეკარეც, თუმცა ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და ვახტანგ კვარაცხელიას ფეხებში აღმოჩნდა. ქუთათურთა ფორვარდს, ზესტაფონელთა კარის დარაჯი ფეხებში ჩაუვარდა და გატანის შანსი არ მისცა. ამ სიტუაციაში, ბურთი ძელსაც შეეხო და ფორვარდმაც მცირეოდენი ტრამვა მიიღო.
მე-8 წუთზე სტუმრებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მიიღეს. ნიკა კვასხვაძის მიერ შესრულებულ სტანდარტულზე, ყველას ჩიკვილაძემ აჯობა და ჩინებული თავური დარტყმით, საკუთარი თანაგუნდელები დააწინაურა – 0:1. ასე მოულოდნელ დასაწყისს არავინ ელოდა და ბუნებრივია, ზესტაფონელებსაც კარგა ხანს მოუწიათ გონს მოსვლა. თანაც, გუშინ გია გეგუჩაძის მიერ დაყენებულ შემადგენლობაში თვალსაჩინო ცვლილებები იყო. მწვრთნელმა სასტარტოში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ დააყენა, ზოგიერთი მათგანი კი, მეორე ტაიმიდან ჩართო თამაშში. სიმართლე რომ ვთქვათ, ფეროელებს რეალური საგოლე მომენტი პირველ ნახევარში არც შეუქმნიათ. რამდენიმეჯერ იყო შორეული დარტყმის მცდელობა, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია.
მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე, "ზესტაფონის" ფეხბურთელები შეეცადნენ უპირატესობის მოპოვებას. გეგუჩაძემაც მალევე მოახდინა შეცვლები და მოედანზე ალადაშვილი, აფციაური და გელაშვილი შეუშვა. მანამდე კი, გრიგალაშვილმა დაარტყა საჯარიმოს ხაზიდან ცაციათი არც თუ ისე ძლიერად. ბურთი ქვილითაიას ხელიდან გაუვარდა, წესით წინამძღვრიშვილს უნდა ემარჯვა, მაგრამ დასწრებაზე ჩინებულად ითამაშა გურულმა და სიტუაციაც განმუხტა. ორიოდ წუთში, ქუთათურებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ ხაჭიპერაძეს მხარი არავინ აუბა და ტორპედოელებმაც ვერ იხეირეს.
პირველი რეალური საგოლე მომენტი ზესტაფონელებმა 62-ე წუთზე შექმნეს. ბენაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან მშვენიერი ჩაწოდება გაუკეთა დვალს, რომელმაც ნახტომში ახლო მანძილიდან თავურით დაარტყა, მაგრამ ქვილითაიამ ისეთი ბურთი აიღო, მისთვის ტაში მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებმაც არ დაიშურეს. 70-ე წუთზე კი, მატჩში წონასწორობა აღდგა. კუთხურიდან აფციაურის ჩაწოდების შემდეგ, დაუშვილმა დასწრებაზე გურულს აჯობა და თავით ქვილითაიასაგან შორეულ კუთხეში გაგზავნა ბურთი. ქუთაისელთა კიპერი ამ შემთხვევაში უშანსოდ იყო – 1:1.
როგორც მოსალოდნელი იყო მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. მათ კიდევ რამდენიმეჯერ შეეძლოთ გატანა, თუმცა კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო ქვილითაია. მაქსიმემ ჯერ აფციაურის ეშმაკურად დარტყმული ჩამოხსნა ცხრიანიდან, ხოლო შემდეგ მასთან პირისპირ დარჩენილ დვალს არ მისცა თავის გამოჩენის შანსი.
სიტუაცია ისე ვითარდებოდა, თითქოს ქუთათურებს ქულა უნდა აეღოთ, მაგრამ უკანასკნელ წუთზე, ისინი კვლავ სტანდარტული სიტუაციიდან დაისაჯნენ. ალადაშვილის მიერ ჩაწოდებულზე, საჯარიმოში კვლავ დაუშვილმა ივარგა და თავის გუნდს საჭირო სამი ქულა მოუტანა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა დუბლი ჩაიწერა აქტივში -2:1.
ნესტორ მუმლაძე("ტორპედო"): "საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვიდა. მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, სამწუხაროდ სტანდარტული სიტუაციებიდან გავუშვით. არადა, ქულის მოპოვება შეგვეძლო".
გია გეგუჩაძე("ზესტაფონი"): "ძალიან რთული მატჩი გამოგვივიდა. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, სწორედ ამის წყალობით მოვიპოვეთ 3 ქულა. "ტორპედომ" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, ეს გუნდი მოუმატებს კიდევ. ძალიან კარგი სპეციალისტი უდგას სათავეში, მაგრამ გუნდის გაკეთებას დრო სჭირდება".
15. 09 19:00 ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 1000 მაყურებელი
"ზესტაფონი" - "ტორპედო" 2:1 (0:1)
"ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, ბენაშვილი, გიორგი ონიანი, კობახიძე, ელიავა, დაუშვილი, გრიგალაშვილი(აფციაური 53), გორგიაშვილი(ალადაშვილი, 52), დვალი, ძარია, წინამძღვრიშვილი(გელაშვილი, 53).
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე
"ტორპედო”: ქვილითაია, გურული, ფარულავა, სევასტი თოდუა, დაჩი ფოფხაძე, ჩიკვილაძე, გიგაური(ლომაშვილი, 82), ნიკა კვასხვაძე(თარხნიშვილი, 63), გივი ჩხეტიანი, გიორგი დათუნაიშვილი, ვახტანგ კვარაცხელია(ხაჭიპერაძე, 12).
მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე
გოლები: 0:1 ჩიკვილაძე(8), 1:1, 2:1 დაუშვილი(70, 90)
გაფრთხილება: ჩიკვილაძე(6), დათუნაიშვილი(13), ხაჭიპერაძე(21), თოდუა(74), კობახიძე(87), ლომაშვილი(89).
არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი(ყვარელი)
ზაზა ლეთოდიანი ზესტაფონიდან







