ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში, სტატისტიკის მოყვარულთათვის 2 გამორჩეული მოვლენა მოხდა. პირველი ის, რომ გასული წლის 30 ოქტომბრიდან პირველად წააგო ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა “ზესტაფონმა”. იმერლები გორის “დილას” შინ ეთამაშებოდნენ და საგრძნობ სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ ტაბლოზე შიდაქართლელთა გამარჯვება დაფიქსირდა - 3:2. მიმდინარე ქართული სეზონის რეკორდი ზედიზედ წაუგებელი 15 საჩემპიონატო (ამ შუალედში ყვირილისპირელებმა 3 წაუგებელი სათასო მატჩიც ითამაშეს) მატჩია.
ამ რეკორდთან ყველაზე ახლოს თბილისის “დინამო” იყო, რომელსაც გუნდის სათავეში გიორგი დევდარიანის მოსვლის შემდეგ ჯერ არ წაუგია. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის დაუმარცხებელი სერია 10 მატჩს (აქედან ბოლო 6 ფრედ დასრულდა) ითვლის. თუმცა, ბოლო ტურში მომხდარი მეორე გამორჩეული მოვლენა სწორედ ამ სერიის შემადგენელი ნაწილია, რომელიც “დინამოს” ეროვნულ ასპარეზზე თამაშების ისტორიაში ანტირეკორდის “ნომინაციით” დამკვიდრდება. 1990 წლიდან, ზედიზედ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია, საქართველოს 13-გზის ჩემპიონსა და თასის 9-გზის მფლობელს ჯერ არ ჰქონია.
ვიდრე “დინამოს” ისტორიას შევავლებდეთ თვალს, ერთი უნდა ავღნიშნოთ. სტატისტიკოსთა გამოთვლებით, ზედიზედ 6 ფრე, რასაც თბილისურმა გუნდმა 16 მარტიდან დღემდე “მოუყარა თავი”, მიმდინარე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების მიმდინარე სერიებში რეკორდული მაჩვენებელია. თბილისელთა მსგავსად, მიჯრით 5 ფრე ინგლისის პირველი ლიგის მკვიდრ “სტივენიჯს” ჰქონდა დაგროვილი, მაგრამ პარასკევს “ტრანმერთან” წაგების (0:3) შემდეგ, ქართველებს უახლოესი კონკურენტი ჩამოშორდა.
“დინამო” ერთადერთი ქართული კლუბია, რომელიც უკლებლივ ყველა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობს. დღეის მდგომარეობით, “ლურჯ-თეთრებმა” 715 მატჩი გამართეს, რომელთაგან 503 მოიგეს, 120 ფრედ ითამაშეს და 92 წააგეს (ბურთები – 1790:532). ამ რიცხვების შემხედვარენი, იოლად დავრწმუნდებით იმაში, რომ თბილისური გუნდისთვის მოუგებელი მატჩების ხანგრძლივი სერიები იშვიათობაა. ქვემოთ, სწორედ ამ იშვიათობებს შემოგთავაზებთ.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ მიმდინარე სეზონამდე იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, როცა თბილისის “დინამომ” ზედიზედ 2 საჩემპიონატო მატჩი წააგო. ეს მოხდა შორეულ 1999 წლის აგვისტოში. 15-ში თბილისელებმა (გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა) ბათუმში 0:1 წააგეს თანამოსახელეებთან, 21-ში კი, თანაქალაქელ “არსენალთან” 0:2-ით დამარცხდნენ (ამ მატჩზე სათამაშოდ “დინამო” უკვე ოთარ კორღალიძემ გაიყვანა მინდორზე).
ასეთი კაზუსი თბილისელებმა მიმდინარე ჩემპიონატში 2-ჯერ (!) გაიმეორეს და ორჯერვე ალექს გარსიას თავკაცობისას; პირველად შარშან ოქტომბერში - ჯერ რუსთავის “მეტალურგთან” (2:3), მერე ზუგდიდის “ბაიასთან” (1:2), მეორედ – დეკემბერში: “ზესტაფონთან” (1:5) და მარტვილის “მერანთან” (1:2).
ახლა კი, იმ ანტირეკორდის წინამორბედებზე, რომელიც “დინამომ” გუნდში გიორგი დევდარიანის მოღვაწეობის ბოლო პერიოდში დაამყარა. გასულ 22 ჩემპიონატში 2 შემთხვევა იყო, როცა “ლურჯ-თეთრებმა” ზედიზედ 5 მატჩში ვერ შეძლეს მეტოქის დამარცხება. პირველად ეს 2000 წლის გაზაფხულზე (აპრილ-მაისი) მოხდა და მაშინაც გუნდმა ყველა მატჩი ფრედ დაასრულა. პირველ 3 თამაშში გუნდს ოთარ კორღალიძე წვრთნიდა, დანარჩენებში კი, ჯემალ ჩიმაკაძე.
“დინამოს” მეორე 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის “შემოქმედი”, თავიდან ბოლომდე კახა კაჭარავა გახლდათ. 2009 წლის შემოდგომაზე (სექტემბერ-ოქტომბერი) გუნდმა მისი თავკაცობით წარუმატებელ სერიაში 2 წაგებაც (“სამტრედიასთან” 1:3 და “სიონთან” 0:2) გამოურია.
ზემოთ დასახელებული ყველა წარუმატებელი სერიის სეზონს თბილისის “დინამოსთვის” ერთი საერთო ნიშანი ჰქონდა - გუნდმა ჩემპიონის ტიტული ვერ მოიგო. რა მოხდება წლევანდელი გათამაშების დასკვნით 8 ტურში, ამის გასაგებად თვენახევარიღა დარჩა.
ფრიდონ კერვალიშვილი