სტატიები

16:10 | 17.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

დაუფასებელი რეფორმატორი

ვისენტე ფეოლას წინამძღოლობით ბრაზილიის ნაკრებმა 74 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 55 მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 5 წააგო. მართლაც შთამბეჭდავი სტატისტიკაა, თუმცა, მისი ყველაზე დიდი დამსახურება ბრაზილიის ნაკრების მიერ პირველად მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონობა და პენტაკამპეონთა ეროვნულ გუნდში დანერგილი რევოლუციური ტაქტიკური ცვლილებაა. ამის მიუხედავად, ფეოლამ “საკუთარ ტყავზე” გამოსცადა სამწვრთნელო საქმისადმი ტრადიციული უმადური მიდგომა და სადამრიგებლო კარიერა გულნატკენმა დაასრულა...
ვისენტე ფეოლა ბრაზილიის ეროვნულ გუნდს სათავეში შვედეთის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩაუდგა. მან კარგად აუღო ალღო გუნდში შექმნილ ვითარებას, ტაქტიკური სქემის შეცვლის აუცილებლობაში მალე დარწმუნდა და საკუთარი თამამი იდეა მინდორზე გადაიტანა. ფეოლას გუნდის ცენტრში 2 ბრწყინვალე შუახაზელი, ზიტო და დიდი გამოდიოდნენ, რომლებიც მოწინააღმდეგეთა შეტევას ჩაფუშვას საკუთარი საჯარიმო მოედნის მოშორებით ახერხებდნენ. ამასთან, დიდი დისპეტჩერის ბუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, უნარიანად წარმართავდა და ცვლიდა სელესაოს შეტევათა მიმართულებას. “დუბლ-ვე” სისტემით მოთამაშე მეტოქე მცველთა ტრიოს ბრაზილიელ თავდამსხმელთა კვარტეტი უტევდა. მარჯვენა ფლანგზე გარინჩა აბითურებდა ოპონენტებს, მარცხენა ფრთაზე მარიო ზაგალო ავიწროვებდა მცველებს, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, უკანახაზელთა დასახმარებლად მინდვრის სიღრმეშიც იხევდა, შეტევის ცენტრიდან კი მეტოქეს ვავა და პელე უტევდნენ. დაცვას რაც შეეხება, ფეოლამ მოწინააღმდეგეთა მწვრთნელებს კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა. ცენტრში მან 2 უკანახაზელი დააყენა, რითაც ერთის მხრივ, ეს ზონა გაცილებით საიმედო გახადა, ამასთან, განაპირა მცველებს თამამად შეეძლოთ შეტევაში ჩართვა, რითაც გუნდის ისედაც ძლიერი საიერიშო პოტენციალი კიდევ უფრო საშიში გახდა მეტოქეთათვის.  ნილტონ და ჯალმა სანტოსების, ბელინისა და ორლანდოს მიერ შეკრული უკანა ხაზი ოპტიმალურთან მიახლოებული დაცვა იყო. ასე და ამგვარად, საფეხბურთო სამყარომ ახალი ტაქტიკური სქემა იხილა, რომელსაც ხორცი წარმატებით შეასხეს უაღრესად ტექნიკურმა ბრაზილიელმა მოთამაშეებმა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი კი პელესა და გარინჩას თამაშია. 17 წლის პელე სკანდინავიაში დებიუტანტის სტატუსით გაემგზავრა, იქიდან კი სამშობლოში “ფეხბურთის მეფედ” დაბრუნდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად მან მუნდიალის გადამწყვეტ სტადიაზე ითამაშა, ნახევარფინალსა და ფინალში 5 გოლი გაიტანა, შვედებთან გადამწყვეტ შეხვედრაში კი მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბურთი შეაგდო. მსოფლიოს ჩემპიონატამდე გარინჩას კოპა ამერიკას ორ ტურნირში ეთამაშა, მაგრამ მუნდიალზე საფეხბურთო სამყარომ “სხვა” ფეხბურთელი იხილა. მანეს ფენომენალური დრიბლინგისა და ფინტების მსხვერპლი უკლებლივ ყველა მოწინააღმდეგე გუნდის მცველი გახდა. ბრაზილიელებმა ტურნირი მაჟორულ ნოტზე, საბჭოთა კავშირის ნაკრების 2:0 დამარცხებით დაიწყეს და შვედების 5:2 ძლევით ტრიუმფულად დაასრულეს. ბრაზილია დღემდე ერთადერთი არაევროპული ქვეყნის ნაკრებია, რომელმაც “ძველ კონტინენტზე” მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხა. ამ მიღწევაში კი ყველაზე დიდი წვლილი სელესაოს დამრიგებელმა ვისენტე ფეოლამ შეიტანა.
შვედეთის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ვისენტე ფეოლა სელესაოს მთავარ მწვრთნელად 1959 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა და მუნდიალის ტრიუმფატორებთან ერთად კიდევ 2 შთამბეჭდავი მატჩის მოგება “მოასწრო”. ყვითელ-ცისფრებმა ჯერ ლამაზი სტილით ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენელი, ინგლისის ნაკრები დაამარცხეს (2:0), შემდეგ კი ჩილე გაანადგურეს (7:0). ეროვნული გუნდიდან წასვლის შემდეგ ფეოლა ცოტა ხნით “სან პაულოში” მუშაობდა, მაგრამ პაულისტას შტატში დიდხანს არ დარჩა – ბუენოს აირესიდან “ბოკა ხუნიორსის” წინადადება მიიღო, რომელსაც დაყაბულდა და სამუშაოდ არგენტინაში გაემგზავრა. 1962 წელს ფეოლამ “ბოკას” ქვეყნის ჩემპიონობა მოაგებინა, მაგრამ მომდევნო გათამაშებაში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა მეხუთე საფეხურზე დაასრულა არგენტინელთა პირველობა და ფეოლა მთავარმწვრთნელობიდან დაითხოვეს. სეუ ვისენტე სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ეროვნულ გუნდში ადმინისტრაციული თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ ჩილეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ფეოლა ავადმყოფობის გამო ვერ გაემგზავრა.
ჩილეში ჩატარებული მუნდიალის დროს აიმე მორეირას ფეოლას გუნდი პრაქტიკულად არ შეუცვლია და არც ტაქტიკური ექსპერიმენტებისთვის მიუმართავს. მას მხოლოდ ტრავმირებული პელეს შეცვლა მოუწია. ბრაზილია ზედიზედ მეორედ დამაჯერებლად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, 1964 წლის მაისში კი ბიკამპეონთა დამრიგებლად კვლავ ვისენტე ფეოლა დაინიშნა. ნაკრების სათავეში დაბრუნება მან “მარაკანაზე” ინგლისელთა განადგურებით (5:1) ლამაზად აღნიშნა, რასაც მოსკოვში ევროპის იმდროინდელი ვიცე-ჩემპიონის დიდი ანგარიშით (3:0) დამარცხება მოჰყვა. ბრაზილიაში ეიფორიული მდგომარეობა სუფევდა, ნაკრებისგან მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონობის შენარჩუნებას ითხოვდნენ და ელოდნენ...
არადა, ფეოლას წინაშე არაერთმა პრობლემამ წამოჰყო თავი. შვედეთის მუნდიალი შემდეგ დიდი დრო იყო გასული, ამიტომ გუნდი სერიოზულ რეკონსტრუქციას მოითხოვდა. ერთი შეხედვით, ეს არცთუ რთული ამოცანა იყო, რადგანაც ბრაზილიაში ყოველთვის უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელია და ასაკოვანი მოთამაშეების სათანადოდ ჩანაცვლება თითქოს რთული არ უნდა იყოს. ფეოლაც ამ გზით წავიდა. იგი სელექცია შეუდგა. ნაკრების სხვადასხვა საწვრთნელ ბაზაზე ერთდროულად რამდენიმე გუნდი ვარჯიშობდა. დამრიგებელს ბოლო მომენტამდე გაუჭირდა სამუნდიალე განაცხადის შევსება. ფეოლას უამრავი მრჩეველი ჰყავდა, რომელთა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულმა თვალსაზრისმა ესოდენ გამოცდილი დამრიგებელიც კი დააბნია.
ინგლისის მუნდიალი ბრაზილიამ მოგებით დაიწყო, მაგრამ ბულგარელთა დამარცხება დამაჯერებელი ნამდვილად ვერ გამოდგა. სელესაომ ორივე გოლი სტანდარტული სიტუაციიდან, საჯარიმო დარტყმების შესრულების შედეგად გაიტანა, უნგრელებთან 1:3 მარცხმა კი ტელეეკრანებთან მიჯაჭვული მთელი ბრაზილია გააოგნა. “შოკიდან გამოსულმა” ტორსიდამ მადიარებთან წაფორხილება შემთხვევითობას მიაწერა და ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში პორტუგალიასთან მოგებაში დარწმუნებული იყო, მაგრამ... მატჩის დასრულებისთანავე ბრაზილიელები ქუჩაში გავიდნენ და პორტუგალიელ მოვაჭრეთა ფარდულებს დაერივნენ. მთავარი “იერიში” კი ვისენტე ფეოლაზე მიიტანეს. ყველა ქალაქში მისი ფიტული დაწვეს, სან პაულოში ბრაზილიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის სახლს რიყის ქვები დაუშინეს, ფეოლას ოჯახის წევრებს კი პოლიციის გაძლიერებული რაზმი იცავდა. ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ბრაზილიაში, მწვრთნელის პროფესია სახიფათოა, რაც საკუთარ ტყავზე ყველაზე მეტად ვისენტე ფეოლამ გამოსცადა. ინგლისის მუნდიალზე შერცხვენილი ბრაზილიის ნაკრების სამშობლოში დაბრუნების თარიღი საიდუმლო იყო, თუმცა, ფეოლამ ყოველი შემთხვევისთვის ევროპაში რამდენიმე თვით დაყოვნება ამჯობინა.

გოჩა კაჭარავა
 

0.128817