ფეხბურთი

16:33 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

"დატვირთეთ ეს კაცი, დატვირთეთ!"

... ევროტურნირებზე ის ნამდვილ მეგოლეა. გუშინ კიდე გაიტანა და თანაც, ძალიან მნიშვნელოვანი ბურთი შეაგდო ოლე-გუნარ სოლსკიაერის გაწვრთნილ "მოლდესთან". დვალიშვილის "ლეგიამ", ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 1:1 ითამაშა ნორვეგიელებთან და დიდი ალბათობით, შემდეგ ეტაპზე გავა.

"ეს, ჩემი მე-13 გოლია ევროთასებზე და აქედან 11, ჩემპიონთა ლიგაზე", - გვითხრა დვალიშვილმა, როცა გოლის გატანა მივულოცეთ.

უკვე რამდენი ხანია, "ორი დვალიშვილი" არსებობს: კლუბში, სადაც გააქვს და ნაკრებში, სადაც თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას ვერა და ვერ ეღირსა გატანას. არადა, ნაკრების ნებისმიერ მატჩში ის იბრძვის, იხსნება, კუთხურებს თუ ჯარიმებს გამოიმუშავებს, მცველებს აწუხებს. მთავარი აკლია - გოლი.  

გვახსოვს მისი აცილებული ისრაელთან გასვლაზე, ასევე შინ ალბანეთთან ამხანაგურში ვერგატანილი პენალტი, მეტ აპროცენტიან მომენტს კი, დვალიშვილს რომ ბოლო 3 წელიწადში ნაკრებში შექმნოდა, ვერ ვიხსენებთ... ძალიან ცოტაა ეს ორი მომენტი ცენტრფორვარდისთვის, რომელიც მეტწილად, ძირითადშია. ფაქტობრივად, ნაკრები ასეთ თავდამსხმელს ვერ იყენებს, არადა, სისულელეა, დვალიშვილს ნაკრებში უგულოდ ჩამოსვლა დასწამო - ვინც მას იცნობს, ან სულაც ვარჯიშებზე უნახავს, ამას ვერ იტყვის.

ის ერთ-ერთი იშვიათაგანი ქართველი ლეგიონერია, რომელსაც თავის გუნდში თამაშის პრაქტიკა, წლების განმავლობაში აქვს და "მაკაბიში", "პოლონიასა" თუ "ლეგიაში", მისი შესაძლებლობები ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ. ამ მხრივ, ლადო ძალიან სტაბილურია. სხვა ასეთ ქართველ ლეგიონერ ფორვარდს, ასე თუ ისე ნორმალურ კლუბში რომ თამაშობდეს და მსგავსი ნდობა ჰქონდეს, უბრალოდ, ვერ დავასახელებთ.

ლადომ ადრეც გვითხრა, ნაკრები თითქოს შებოჭილია და ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, უკვე სისხლში გვაქვს გამჯდარი, რომ დაცვაში უნდა ვითამაშოთო. საქმეც ესაა - ყოფილა ტაიმები, როცა მას ბურთი თითქმის არ მისდის, ან თუ მისდის, ჯაჯგურში, საჯარიმოს გარეთ ზურგით მდგომს. იძულებულია, სიღრმეში ჩამოვიდეს, რადგან სხვაგვარად, ძალიან მოწყვეტილია პარტნიორებს.

ის ფრაზა გაგვახსენდა, მართლაც მშვენიერ კინოფილმ "ცისფერ მთებში" რომ მიუთითებს ვაჟა ზაზაევიჩი მარკშეიდერზე - "დატვირთეთ ეს კაცი, დატვირთეთ!".        

 

0.122796