ფეხბურთი

22:40 | 26.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დათუნაიშვილის მომგებიანი თავური

ცხინვალის „სპარტაკმა“ სეზონი  შაბათს, „ზესტაფონთან“, გასული წლის მიწურულს დიდთოვლობის გამო გადადებული, გასვლითი მატჩის ჩატარებით განაახლა და იმერეთში 0:3 მარცხი იწვნია. წლის პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, დღეს, „მიხეილ მესხზე“ ბევრად უკეთესად მოასპარეზე „სპარტაკი“ ვიხილეთ. თავად განსაჯეთ, კახი კაჭარავას ბიჭები ორი „სწრაფი“ გოლით, 12 წუთში უკვე დამაჯერებლად, 2:0–ს უგებდნენ „ჩიხურას“, რომელიც სუპერთასის მფლობელია და ცხრილში მეორე საფეხურზეა. თუმცა, საჩხერელებმა შეძლეს და არა თუ გადაარჩინეს თამაში, არამედ, ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე მოიგეს კიდეც. თუმცა, სჯობს თანმიმდევრობას მივყვეთ...

ცხინვალელებმა სწრაფ ტემპში დაიწყეს თამაში და პირველი სერიოზული შეტევა გოლით დაასრულეს – თორნიკე თუხარელმა მე–7 წუთზე ლევან კაკუბავას გადაცემით გახსნა ანგარიში. ცხინვალელები მინიმალურ უპირატესობას არ დასჯერდნენ, შეტევები გააგრძელეს და მალევე გააორმაგეს ანგარიში. მე–12 წუთზე მასპინძელთა მორიგი შეტევისას სტუმართა მეკარე რევაზ თევდორაძემ მცველების დახმარებით ბურთი საჯარიმოდან გამოიტანა, მაგრამ დამატებაზე ლაშა პარუნაშვილმა ძლიერად გაისროლა და ეფექტური გოლით ტაბლოზე 2:0 დააფიქსირა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორბურთიანმა ფორამ ცხინვალელები მოადუნა, საჩხერელები კი პირიქით გაახელა. სტუმრებმა ხელთა იგდეს უპირატესობა და  25–ე წუთზე ყოფილმა სპარტაკელმა ბესიკ დეკანოიძემ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 2:1... მიღებულმა გოლმა მასპინძლებზე ცუდად იმოქმედა, ფსიქოლოგიურმა უპირატესობამ სტუმართა მხარეს გადაინაცვლა და მათ ეს ჩინებულად გამოიყენეს. 35–ე წუთზე გიორგი გაბედავამ ჩინებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ტაბლოზე საყაიმო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა. ფრემ მასპინძლები გამოაცოცხლა და ტაიმი ორმხრივი შეტევებით დასრულდა. ამ სცენარით წარიმართა შეხვედრის მეორე ნახევარიც, გარდამავალი უპირატესობით წარმართული მეორე ტაიმის ძირითად დროში ხიფათი ორივე კართან შეიქმნა, სტუმარ–მასპინძელს არაერთი გოლის გატანის შანსი ჰქონდათ, მაგრამ... საბოლოო შედეგი დამატებულ მე–4 წუთზე დაფიქსირდა. მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში ჩაწოდებული მაღალი ბურთისას გიორგი დათუნაიშვილმა ყველას დაასწრო და თავური დარტყმით „ჩიხურას“ 3:2 მოაგებინა.

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ჩიხურა (საჩხერე) – 2:3 (2:2) 

26 თებერვალი 2014 წ. თბილისი. „მიხეილ მესხი“. 300 მაყურებელი.

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, იოსელიანი, შონია, პარუნაშვილი, ჩაფიძე, თექთურმანიძე, თუხარელი (კემუხტაშვილი 53), ეხვაია (მეტრეველი 65).

მწვრთნელი: კახი კაჭარავა

ჩიხურა: თევდორაძე, ჯიღაური (ნ. კვასხვაძე 68), გაბედავა, ე. გრიგალაშვილი (გ. კვარაცხელია 88), ლომაშვილი, გ. დათუნაიშვილი, ბეჭვაია (ქიმაძე 78), შ. კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე, ხმალაძე.

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 თუხარელი (7), 2:0 პარუნაშვილი (12), 2:1 დეკანოიძე (25), 2:2 გაბედავა (35), გ. დათუნაიშვილი (90+4)

გაფრთხილება: ჭაფოძე (8), თექთურმანიძე (54), ჩაფიძე (62), კაკუბავა (90) – შ. კაშია (60), ბეჭვაია (76)

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)

 

ირაკლი კვირიკაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092813