ჩოგბურთი

15:43 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დათო სოლომონია საქართველოს ღირსეულად წარმოადგენს

 

ევროპის ჩემპიონატის 19 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ელიტრაუნდის თამაშების გასაშუქებლად ბელგიაში ყოფნის დროს, ამ საოცრად მოწესრიგებულ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ გულშემატკივრებს შორის ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა სიმპათიურმა ბიჭუნამ. ის მთლიანად გახვეული იყო საქართველოს დროშაში და ომახიანადაც სკანდირებდა „სა-ქარ-თვე-ლო“. მასთან და მამამისთან გასაუბრებისას გავარკვიე, რომ ეს ყმაწვილი - დათო სოლომონიაა - წარმატებული ჩოგბურთელი და ბელგიაში გამართული ბავშვთა რამდენიმე ტურნირის გამარჯვებული.

ჩემდა გასაოცრად, დათომ და მისმა მამამ თავმდაბლობა გამოამჟღავნეს და ჩოგბურთში მიღწეულ წარმატებებზე საუბარი მაინც და მაინც არ უნდოდათ. მამამ მითხრა: „დათოს ჯერ ისეთი არაფერი გაუკეთებია ჩოგბურთში, მასზე რამე რომ დაწეროთო“. ბელგიაში ყოფნისას, დავინტერესდი და ჩემ კოლეგებსა და ადგილობრივ სპორტულ გამოცემებში მოვიძიე პატარა დათოს წარმატებებზე ინფორმაცია, რამაც გადამაწყვეტინა კვლავ მივბრუნებოდი ამ თემას. ბოლოს ძლივს დავითანხმე ყმაწვილის მშობლები ჩემთვის მოეთხროთ ჩოგბურთში დათოს მიერ განვლილი ჯერ მხოლოდ პატარა, მაგრამ უკვე გარკვეული წარმატებით სავსე გზა და ეთქვათ თუ როგორ მოექცა დათო ბელგიელი სპეციალისტების ყურადღების ქვეშ.

დათო სოლომონია თბილისში 2005 წლის 30 სექტემბერს დაიბადა. 2007 წელს მშობლებთან ერთად დროებით საცხოვრებლად გადავიდა ბელგიაში. წელს დათო ასრულებს მეორე კლასს ბრიუსელის ფრანგულ სკოლაში. დათო მშობლიურ ქართულ ენას კარგად ფლობს. გარდა ქართულისა და ფრანგულისა, თავისუფლად საუბრობს რუსულად, ცოტა ხნის წინ კი უკრაინული ენის შესწავლა დაიწყო (მისი დედიკო ლენა უკრაინელია). მათ სახლში უამრავი ქართული, უკრაინული, ფრანგული და რუსული წიგნი და ზღაპარი აქვთ - ოჯახის მეგობრებს თბილისიდან და კიევიდან ყოველთვის ჩამოაქვთ წიგნები საჩუქრად - ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია დათოსთვის.

ბრიუსელში პირველად დათომ ცურვა და რაგბის თამაში დაიწყო მაგრამ ჩოგბურთის ინტერესმა დაძლია. მას მშობლებისაგან ბევრი რამ ჰქონდა გაგონილი ქართველ ჩოგბურთელებზე - ვეტერანებზე და ჩოგბურთის მოქმედ ოსტატებზე და ამან თავისი როლი შეასრულა. 2009 წლიდან დათო ვარჯიშობს ბრიუსელის ჩოგბურთის სახელგანთქმულ კლუბში Les Eglantiers T.C. (Brussels), 2011 წლიდან უკვე მონაწილეობას იღებს ტურნირში Le circuit 12 M du Brabant 2011-2012. 2011 წლის ნოემბერში Сharles-Quit -ის კლუბზე პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო 2011 წლის 18 დეკემბერს პირველი ადგილი დაიკავა „Leopold Club“-ზე ბრუსელში. მან მოიპოვა თასი Kids Tour 12 m (2011-2012)-ში წარმატებული თამაშისათვის და ბავშვთა ციკლის შეჯიბრებების დასრულების შემდეგ (6-7 წლის ასაკის ჩოგბურთელების) Association Francophone de Tennis-მა შეარჩია საუკეთესო და ნიჭიერი ბავშვები და დააჯილდოვა მასტერ კლასზე პერსონალური მოსაწვევებით, ამ ბავშვებს შორის იყო დათო სოლომონია. დღეისათვის დათოს თანრიგი ბელგიური სტანდარტების მიხედვით - არის С 30.5, რომელიც მას Association Francophone de Tennis-მა მიანიჭა.

2012 წლის იანვარში დათო მონაწილეობდა მსოფლიო პირველი ჩოგბურთელის ჟუსტინ ენინის (Justine Henin) ცნობილი კლუბის შეჯიბრებებზე. დათომ ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშა. ამა წლის იანვარში დათო კლუბ Waterloo-ს ტურნირის ფინალისტი გახდა. მონაწილეობდა Interclub-ის შეჯიბრებებში (ეს არის რეგიონებს ჩოგბურთის კლუბებს შორისი შეჯიბრება) და გუნდურ თანრიგში მეოთხედფინალში გავიდა. 2013 წლის ივნისიდან მონაწილეობს ბელგიის ლიგის შეჯიბრებებში 8-9 წლიანების კატეგორიაში, სადაც წარმოადგენს თავის კლუბს Les Eglantiers T.C. (Brussels).

2013 წლის მაისში დავითს პირველად მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა Rolland Garros-ის გახსნას პარიზში. ერთი წელი ამ ოცნებით ცხოვრობდა პატარა დავითი. ასეთი საოცნებო შესაძლებლობა კი, მას მისმა კლუბმა Les Eglantiers T.C. (Brussels) მისცა. Rolland Garros-ზე ყოფნისას დათომ მიეცა საშუალება შეხვედროდა ანა ტატიშვილს. ანასთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როცა მან მოისმინა ქართული მისალმება „გამარჯობა, ანა“, თანაც დათო მას ძალიან თბილად ესაუბრა. ანასთვის სასიამოვნო იყო შეხვედრა ქართველ ნორჩ ჩოგბურთელთან. „ანა ძალიან ხალისიანი, ყურადღებიანი გოგოა და გამოიკითხა დათოს ამბები, სად და როგორ ვარჯიშობს. ანამ და დათომ სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს“ - გვითხრა დათოს დედიკომ და გადმომცა რამდენიმე საინტერესო ფოტო. კერძოდ, ესაა ფოტო ბელგიის ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავთან დავიდ გოფინთან  ერთად. ასევე, იქვე Rolland Garros-ზე შეხვდა ბოჟანა იოვანოვსკის ( სერბეთი), წარსულში ცნობილ ფრანგ ჩოგბურთელ ანრი ლეკონტს  და ესპანელ ჩოგბურთელ დანიელ გიმენო-ტრავერფას.

დათომ მოინახულა საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის მუზეუმი, სადაც სრულად არის წარმოდგენილი Rolland Garros-ს ისტორია. ეს მუზეუმი მდებარეობს იმავე ადგილას , სადაც Rolland Garros-ის კორტები. თვითონ დათო ამბობს, რომ მისი საყვარელი ჩოგბურთელები არიან: ანა ტატიშვილი (საქართველო), ანა ჩაკვეტაძე (რუსეთი), ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია), ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი), დავიდ გოფინი (ბელგია), როჯერ ფედერერი (შვეიცარია).

დათო ამაყობს, რომ ბელგიელ მეგობრებს საქართველო გააცნო. „როცა დავითი იბრძვის ყოველი ბურთისათვის, ბრძოლის დროს, მას ყოველთვის ახსოვს, რომ იგი საქართველოდანაა“ - აღნიშნა დათოს დედამ. მან ასევე გვითხრა: „ძალიან მადლიერი არის ბელგიელი მწვრთნელების, რომელთა გარეშე დავითს ასე არ ეყვარებოდა ჩოგბურთი და ვერ იქნებოდა ასე თავდაჯერებული კორტებზე . ბელგიაში მწვრთნელები დიდი პატივისცემით ეპყრობიან დათოს და სურთ, მან შემდგომში, უკვე საქართველოში, შეძლოს სწორად გამოიყენოს ბელგიაში მიღებული გამოცდილება. დავითი მეგობრების გარეშე, რომლებიც მან შეიძინა ვარჯიშებზე და ტურნირებზე, ასევე ვერ შეძლებდა ესწავლა სპორტისთვის დამახასიათებელი შეუპოვრობა და ჟინი“- აღნიშნა დედამ.

დათო და მისის მშობლები მალე დაბრუნდებიან თბილისში, სადაც დათო ჩოგბურთის თამაშს გააგრძელებს. მისი მშობლები სათუთად უფრთხილდებიან დათოს პირველ ჯილდოებს ჩოგბურთში, მოპოვებულს ბელგიაში და სახელოვან ჩოგბურთელებთან ვარსკვლავებთან ერთად გადაღებულს ფოტოებს. დავითს თბილისში მეგობრები ელოდებიან, ვისთან ერთადაც ყოველ ზაფხულს არდადეგებზე საქართველოში ყოფნის დროს თამაშობდა კორტებზე და თავისუფალ დროსაც მათთან ერთად ატარებდა. დათო მშობლიურ საქართველოში ვარჯიშის გაგრძელებას აპირებს. ის, რა თქმა უნდა, შეინარჩუნებს ბელგიელ მწვრთნელებთან და მეგობრებთან ურთიერთობას, და შესაძლებლობის შესაბამისად მონაწილეობას მიიღებს იმ ტურნირებში, რომლებიც ბელგიაში ჩატარდება. შემდეგ კი, დრო გვიჩვენებს, რა რანგის სპორტსმენი დადგება დათო სოლომონია. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების თამაშებზე ბელგიაში დათოს გულმხურვალე მხარდაჭერით, მოგვიანებით კი მისი საჩოგბურთო ტურნირებზე ფოტოებისა და ვიდეოჩანაწერების ნახვით, გამაოცა ამ ბავშვის უშრეტმა ენერგიამ, შეუპოვრობამ და საზრიანობამ. ახლა მთავარია, მაღალ დონეზე ჩოგბურთის თამაშის ჟინი არ გაუნელდეს.  

კეთილი იყოს შენი მობრძანება დიდ სპორტში, დათო!

 

თენგიზ პაჭკორია, ბრიუსელი-თბილისი 

სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის 

0.191559