ავტოსპორტი

13:46 | 28.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

დარიო ფრანკიტი - ინდი 500-ის სამგზის ტრიუმფატორი

 

შოტლანდიელი დარიო ფრანკიტის გამარჯვებით დასრულდა ინდი 500-ის 96-ე რბოლა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული რბოლა მსოფლიო ავტოსპორტის ისტორიაში. 39 წლის ფრანკიტიმ რბოლა მე-16 პოზიციიდან დაიწყო და პელოტონს სათავეში პირველად მხოლოდ 151-ე წრეზე (200-დან) მოექცა. არადა, პირველი პიტსტოპის შესრულებისას, ბოქსებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პელოტონის ბოლოშიც კი ამოჰყო თავი.

რბოლის ბოლო 20-25 წრე ძალიან საინტერესო გამოდგა. ფრანკიტის გარდა, გამარჯვებისთვის მისი ახალზელანდიელი თანაგუნდელი სკოტ დიქსონი (ინდი 500-ის 2008 წლის გამარჯვებული), ბრაზილიელი ტონი კანაანი და იაპონელი ტაკუმა სატო იბრძოდნენ. სულ, რბოლის დროს, ლიდერი 35-ჯერ (რეკორდი ინდი 500-ის ისტორიაში) შეიცვალა. რბოლის განმავლობაში, პელოტონს სათავეში სულ ათი მრბოლი ედგა. პეისკარი კი ტრასაზე რვაჯერ გამოვიდა. აქედან, მისი ბოლო ვიზიტი ფინიშამდე 12 წრით ადრე დაიწყო და ექვსი წრის შემდეგ დასრულდა. სწორედ ამ დროს დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა გამარჯვებისთვის.

ამ დროს, პელოტონს სათავეში ფრანკიტი ედგა, რომელსაც კუდზე აჯდა დიქსონი. მათ გუნდურ ბრძოლას კი ხელს კანაანი უშლიდა, რომელმაც ერთხელ დაწინაურებაც შეძლო. მაგრამ მოულოდნალად, სამივეს სატო წამოეწია. იაპონელმა ლიდერის პოზიციაში 31 წრე გაატარა გამარჯვებისთვის მისი ბრძოლაც მოულოდნელობა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმ მომენტში, როცა პეისკარი საბოლოოდ დაბრუნდა ბოქსში, სატო მეშვიდე ადგილზე იყო და თითქოს, გამარჯვების შანსიც აღარ ჰქონდა.

მაგრამ სატომ სწრაფად ჩამოიტოვა რამდენიმე მეტოქე, მათ კანაანი და დქსონიც ზედ მიაყოლა და ფინიშამდე ორი წრით ადრე, ფრანკიტის უკან აღმოჩნდა. რაც მთავარია, შოტლანდიელზე მაღალი ტემპი ჰქონდა. გავიდა ერთი წრე და სატომ, როგორც მოგვიანებით განაცხადა, მეტოქის ტრაექტორიაში დერეფანი დააფიქსირა. რა თქმა უნდა, 35 წლის იაპონელმა შანსის გამოყენება სცადა. ბოლო წრის პირველივე მოსახვევში, ის გვერდში ამოუდგა ლიდერს, მაგრამ ფრანკიტიმ არ დაუთმო. სატოს კი მანევრისთვის დერეფნის სიგანე აღარ ეყო და... დატრიალდა. უკონტროლო მანქანა გზის ნაპირისკენ წავიდა და კედელს დაეჯახა. სატო არ დაშავებულა, თუმცა თავის სიცოცხლეში ყველაზე დიდი გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

რა თქმა უნდა, მთელ ტრასაზე ყვითელი შუქები აინთო, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ გასწრება აიკრძალა. ფრანკიტიმ, დიქსონმა და კანაანმა სწორედ ამ თანმიმდევრობით, დაბალ ტემპში გადაკვეთეს ფინიშის ხაზი.

„ეს მთელს მსოფლიოს ნიშნავს, ეს ინდიანაპოლისია. ამ თასზე დენის (უელდონი, ინდ 500-ის ორგზის გამარჯვებული, რომელმაც ეს რბოლა შარშან მოიგო და სამწუხაროდ, გასული სეზონის ბოლო რბოლაში, რომელიც ლას ვეგასის ოვალზე ჩატარდა, მომხდარ კატასტროფაში დაიღუპა) ორივე მხარეს ყოფნა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, - განაცხადა ფრანკიტიმ, ვისაც ეს რბოლა 2007 და 2010 წლებშიც აქვს მოგებული.

ინდ 500-ის ისტორიაში, ფრანკიტი მეათე მრბოლია, ვისაც ეს რბოლა სამჯერ და მეტჯერ აქვს მოგებული. ამათგან მხოლოდ სამს - ეი ჯეი ფოიტს, ელ ანსერ უფროსს და რიკ მირზს აქვთ 4-4 გამარჯვება. მოქმედ პილოტთაგან, ფრანკიტის გარდა, სამი მოგება ბრაზილიელ ჰელიო კასრტონევეშსაც აქვს, ვინც ამჯერად მეათე ადგილს დასჯერდა.

მე-11 ადგილი კი ბრაზილიელმა რუბენს ბარიკელომ დაიკავა, ვინც ამ სეზონიდან გადავიდა ფორმულა ერთიდან ინდიქარ-ში. შვიდ ახალბედა მრბოლთაგან, რომელთა შორისაც, ფ1-ის კიდევ ერთი ყოფილი მრბოლი, ფრანგი ჟან ალეზიც იყო, რუბინიუს საუკეთესო ფინიში ჰქონდა. ალეზიმ ასპარეზობა მე-10 წრეზე შეწყვიტა.

 

ინდი 500-ის შედეგები

1. დარიო ფრანკიტი (ბრიტანეთი, განასი)                                 2:58:51.2532 (საშ.სიჩქარე 269.942 კმ/სთ)

2. სკოტ დქსონი (ახ.ზელანდია, განასი)                                       0.0295

3. ტონი კანაანი (ბრაზილია, KV რეისინგი)                               0.0677

4. ორიოლ სერვია (ესპანეთი, პანტერ/დრეიერი)                     2.9166

5. რაიან ბრისკო (ავსტრალია, პენსკე)                                         3.6721

6. ჯეიმს ჰინჩკლიფი (კანადა, ანდრეტი)                                    4.0962

7. ჯასტინ უილსონი (ბრიტანეთი, დეილ კოინი)                     4.2430

8. ჩარლი კიმბალი (აშშ, ნოვო ნორდისკ განასი)                       4.6056

9. ტაუნსენდ ბელი (აშშ, სემ შმიდტ)                                           5.6168

10. ჰელიო კასტრობევეში (ბრაზილია, პენსკე)                        7.6352

11. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, KV რეისინგი)                   7.9240

12. ალექს ტალიანი (კანადა, ჰერტა ავტოსპორტ)                     8.2543

13. გრემ რეიჰოლი (აშშ, სერვის სენტრალ განასი)                   8.7539

14. ჯეი არ ჰილდებრანდი (აშშ, პანტერი)                                  11.3423

15. ჯეიმს ჯეიკსი (ბრიტანეთი, დეილ კოინი)                          13.4494

16. სიმონ პაჟენო (საფრანგეთი, სემ შმიდტ)                              14.1382

17. ტაკუმა სატო (იაპონია, რეიჰოლ ლეტერმანი)                    1 წრე

18. ეი ჯეი ვისო (ვენესუელა, KV რეისინგი                               1 წრე

19. მიშელ ჟურედენი (მექსიკა, რეიჰოლლეტერმან)                1 წრე

20. სებასტიან ბურდე (საფრანგეთი, დრაგონი)                        1 წრე

21. ედ კარპენტერი (აშშ, ედ კარპენტერ რეისინგი)                 1 წრე

22. კეთრინ ლეგე (ბრიტანეთი, პანტერ/დრეიერი)                  1 წრე

23. ანა ბეატრისი (ბრაზილია, ანდრეტი/კონქვესტ)                 10 წრე

24. მარკო ანდრეტი (აშშ, ანდრეტი)                                            13 წრე

25. ჯოზეფ ნიუგარდნი (აშშ, სარა ფიშერ რეისინგ)                  39 წრე

26. სებასტიან საავედრა (საფრანგეთი, AFS                               57 წრე

27. რაიან ჰანტერ-რეი (აშშ, ანდრეტი)                                        77 წრე

28. უილ პაუერი (ავსტრალია, პენსკე)                                        121 წრე

29. მაიკ კონვეი (ბრიტანეთი, ფოიტ ენტერპრაის)                    122 წრე

30. ბრაიან კლაუსონი (აშშ, სარა ფიშერ რეისინგ)                     154 წრე

31. უეიდ კანინგემი (ახ.ზელანდია, ფოიტ ენტერპრაის)        158 წრე

32. სიმონა დე სილვესტრო (შევიარია, ლოტუს HVM)            190 წრე

33. ჟან ალეზი (საფრანგეთი, ლოტუს - FP ჟურნ)                      191 წრე

 

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/blog-post_27.html

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167038