კალათბურთი

13:17 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

დარენ მური: „მოხარული ვიქნები, „ოლიმპმა“ დარჩენა რომ შემომთავაზოს“

24 წლის დარენ მური ლოს-ანჯელესიდანაა, შტატი - კალიფორნია. უკვე 2 წელიწადია, რაც კოლეჯს გარეთ, ორ პროფესიონალურ გუნდსა და ნბა-ს „დ“ ლიგაში მოასწრო თამაში. მისი ასაკისთვის საკმაოდ შედეგიანი გამთამაშებელია, სიმაღლეში 190 სანტიმეტრია. საქართველომდე მან სხვა ევროპულ ქვეყნებშიც მოასწრო თამაში: პირველია სერბეთი (რადნიჩკი), შემდეგ უნგრეთი (დებრეცენი), „დ“ ლიგაში კი „სანტა კრუზ უორიორსის“ სახელით გამოდიოდა.

აღნიშნავს, რომ უკვე ძალიან ბევრი რამის ნახვა მოასწრო ამერიკის გარეთ და საქართველოშიც იგივეს ცდილობს. მაგალითად, სულ ქალაქგარეთ გადის საკვებად. უკვე ამოჩემებული ქართული კერძიც აქვს - ხინკალი, რომელსაც ყოველი თამაშის წინ მიირთმევს (და სულაც არ ამძიმებს).

კალათბურთის თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო. პროფესიული განათლების მიღების დრო რომ დადგა, სოციოლოგია აირჩია, თუმცა მანამდე, როგორც აღნიშნავს, ბიზნესი და ფინანსები უნდოდა. UCI rvine-ს კოლეჯდამთავრებულისთვის პირველი პროფესიონალური  გამოცდილების შეძენა სერბეთში მოხდა.

„ოლიმპით“ ძალიან კმაყოფილია, ზოგადად უყვარს გამარჯვებულ გუნდებში თამაში და აღნიშნავს, რომ ძალიან იღბლიანია, რადგან ერთ-ერთ ლიდერ გუნდში მოხვდა. მოსწონს ასევე თანაგუნდელები და მათ ძლიერ მოთამაშეებად ახასიათებს. გამოყოფს „ოლიმპის“ მე-12 ნომერ ლევან ფაცაციას.

„ოლიმპი“ იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან კლუბი რომელშიც მური თამაშობდა პლეი ოფამდე გამოეთიშა ჩემპიონატს. აღნიშნავს, რომ გუნდელებმა ძალიან კარგად მიიღეს და სწრაფად შეთამაშდა მათთან.

თბილისში შანხაის დასახლებაში ცხოვრობს და ძალიან კმაყოფილია ქალაქით, საცხოვრებელი გარემო-პირობებით და ზოგადად ყველაფრით. ასევე ძალიან მოიხიბლა საქართველოთი და მისი კულტურით. აღნიშნა, რომ მოსწონს კინოებში სიარული და ქვეყნის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება, რათა კულტურა უკეთ გაიცნოს და უკვე საკმაოდ ბევრი ადგილის ნახვა მოასწრო.

ამერიკაში დედასთან, მამასთან და დასთან ერთად ცხოვრობს. დაოჯახებული არ არის (განმარტავს, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა).

„ოჯახი ჩემთვის ყველაფერია, ყველაზე მნიშვნელოვანია. ამასთან, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და სულ მინდა რომ ვითამაშო. როცა არ ვთამაშობ, კალათბურთს ვუყურებ ხოლმე... როგორც აღვნიშნე, საინტერესო ადგილების თვალიერება მიყვარს, ტელეფონს გამორთულს ვტოვებ სახლში და გავდივარ სასეირნოდ“ - განაცხადა მურმა.

აღმოჩნდა, რომ მურს საქართველოზე, აქ ჩამოსვლამდეც სმენოდა კირკ არჩიბეკისგან. ისინი ერთად სწავლობდნენ კოლეჯში. არჩიბეკი სუპერლიგიდან ერთადერთი ნაცნობი მოთამაშე არ არის - მური კლაიმანსაც იცნობდა, რადგან ისინი ერთად ვარჯიშობდნენ ლოს-ანჯელესში. ამბობს, კირკსაც და ფლინსაც პირადად იცნობს და ორივე ძალიან კარგი მოთამაშეები არიან, თუმცა კლაიმანის ნახვას აქ არ ელოდა. კირკთან უფრო ახლო ურთიერთობა აქვს და როგორც კი შემოთავაზება მიიღო საქართველოდან, მას ჰკითხა პირობები, თუ რამდენად კმაყოფილია საქართველოთი.

„კალათბურთი საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული. ჩამოსვლამდე მსმენოდა ზაზა ფაჩულიაზე, რომელიც საკმაოდ ძლიერი მოთამაშეა. „ოლიმპისგან“ შემოთავაზება რომ მივიღო დარჩენაზე, ძალიან მოხარული ვიქნები, რადგან ეს კლუბი ძალიან მომწონს. რომ ვრჩებოდე, კლუბს არ გამოვიცვლიდი და კვლავ „ოლიმპისთვის“ ვითამაშებდი, თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ პლეი ოფში შევუერთდი გუნდს და  კონტრაქტს სეზონის დამთავრებისთანავე ვამთავრებ“ - თქვა ბოლოს მურმა.

შეგახსენებთ, სუპერლიგის პლეი ოფის ფინალური მატჩები „ოლიმპსა“ და „შსს აკადემიას“ შორის, სპორტის სასახლეში 20 მაისიდან  იწყება. პირველი შეხვედრა ხვალ 18.00 საათზეა.

0.162011