დაიბადა სენაკში და ფეხბურთის თამაშიც იქვე დაიწყო. დიდი ფეხბურთის გზას ქუთაისის „ტორპედოში“, 1988 წლიდან შეუდგა. შემდეგ იყო თბილისის „დინამო“, ისევ „ტორპედო“, ფოთის „კოლხეთი“, „სამტრედია“, ისევ „კოლხეთი“ და 1997 წლიდან საფეხბურთო კარიერის გასაგრძელებლად ისრაელში გაემგზავრა. პირველივე გუნდი, ამ ქვეყნის ერთ-ერთი ტიტულოვანი (რანგით მეორე) კლუბი თელ ავივის „ჰაპოელი“ გახლდათ. სადებიუტო სეზონში ვერცხლის მედალი მოიგო და ცოტა ხნით ისევ საქართველოში დაბრუნდა.
ბოლო ქართული მატჩი სამტრედიის „იბერიის“ რიგებში, 1998 წლის 26 სექტემბერს ითამაშა. მეტოქედ გორის „დილა“ ჰყავდა და იმერელთაგან ერთადერთი გოლი სწორედ მის ანგარიშზე იყო. ბედის ირონიით, საქართველოში დაბრუნება „დილას“ მთავარი მწვრთნელის რანგში მოუწია. გიორგი დარასელია გორულ გუნდს წლეულს 9 სექტემბერს (მას შემდეგ ზუსტად 100 დღეა გასული) შეუერთდა და იმ დღიდან შიდაქართლელთა არაერთი საკლუბო რეკორდის თანაშემოქმედი გახდა.
„3 თვეზე მეტია, რაც „დილაში“ ვარ და თითქოს 3 წელიწადი მემუშავოს. უამრავი შთაბეჭდილება, ემოცია, რომელიც ალბათ აღარასოდეს გამეორდება. ვინმეს წლების წინ კი არა, წლევანდელ ზაფხულში რომ ეთქვა - საქართველოში ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს ჩაიბარებ და ჩემპიონობის მებრძოლ ერთ-ერთ კანდიდატად აქცევო - ვიფიქრებდი, ჭკუანაკლულიაო. ყველაფერი ღვთის წყალობით მოხდა და ვთვლი, ამაში კლუბის უკლებლივ ყველა თანამშრომელმა მისი წვლილი შეიტანა“, – ამბობს „დილას“ თავკაცი.
ისრაელში ახლაც ელიან, უპირველესად, ოჯახში, რომელიც კფარ სავაში ცხოვრობს და „დილას“ ყველა სატურნირო წინსვლის ამბავს მედიის ელექტრონული საშუალებების მეშვეობით გებულობს. უფროსი ვაჟი – გიორგი, სამიოდე კვირის წინ ისრაელის ჯარში გაიწვიეს; 13 წლის ჯიჯი, ცოტათი უფრო ადრე საქართველოში სტუმრობდა მამას და ლამის „დილაში“ დაიტოვეს. ამპლუით ცენტრალური მცველი, თელ ავივის „მაკაბიში“ თამაშობს და გასულ სეზონში თანატოლთა შორის ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მეუღლე ინგა ლომაიას, კიდევ ერთი საზრუნავი დაემატა. გიორგი ჯარში წასვლამდე დაოჯახდა და მომავალ წელს შვილიშვილიც შესაძლოა გაუჩნდეთ.
აღთქმულ მიწაზე მომლოდინეთა მეორე ჯგუფი გაცილებით მრავალრიცხოვანია. თუ ისრაელის ლიგატ ალში (უმაღლესი საფეხბურთო ლიგა) მწვრთნელი გაათავისუფლეს, კლუბის მეპატრონეთა №1 სასურველ კანდიდატად გიორგი დარასელიას ასახელებენ. ასე იყო უპირველესად „ბნეი სახნინის“ და ჰაიფას „ჰაპოელის“ შემთხვევაში.
მას ამ საკითხზეც საკმაოდ გასაგები პასუხი აქვს: „გამორიცხულია ამ ეტაპზე ისრაელში მწვრთნელის რანგში დავბრუნდე. თუ საქართველოდან წავალ, ეს ისრაელი ნამდვილად არ იქნება“.
მაინც, რატომ შეიძლება დადგეს წარმატებული და მწვრთნელისთვის საკმაოდ მიმზიდველი პროექტიდან, მისი ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის წასვლის საკითხი?
„როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, მეგონა, ფეხბურთი გასუფთავებული დამხვდებოდა. სამწუხაროდ, მალე მივხვდი, რომ დიდი განსხვავება არაა დღევანდელ და გასული საუკუნის 90-იანი წლების საფეხბურთო ქვედინებებს შორის. გუნდებს მაშინაც ჰყავდათ და ახლაც ჰყავთ ხალხი, ვინც მარტო თამაშის კი არა, ჩემპიონობის ბედსაც წყვეტენ.
ჩემთვის მიუღებელია წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალება. მიზეზს ყოველთვის ჩემში ვეძებ და სხვისკენ ხელს არასოდეს გავიშვერ. ამიტომ, თამაშის შემდეგ გასახდელში შესულს, ალბათ ბევრჯერ ჩამომირთმევია ხელი ისეთი მსაჯისთვის, ვისაც „დილას“ „დაშლა“ ჰქონდა დავალებული და ეს მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლო, ჩვენ დავუდექით მეტოქეს მაგრად“, – ამბობს დარასელია, რომელიც „ტექნიკური“ მსაჯობის თემაზე საუბრისას აშკარად თავშეკავებულია.
ალბათ უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია: გიორგი დარასელიას გაწვრთნილმა „დილამ“ უკლებლივ ყველა მეტოქე (12-დან 12) დაამარცხა, როცა მის თამაშს 4 მსაჯი ემსახურებოდა. აი, როცა ფედერაციამ 6-მსაჯიანი ექსპერიმენტის ჩატარება ჩვენთანაც დაიწყო, გორელების დამარცხების ჯერიც დადგა...
ისევ ჩვენს „იუბილარს“ დავუბრუნდეთ.
გიორგი დარასელია ფეხბურთელობისას მე-2 ადგილს მაღლა ვერასდროს ასცდა, მწვრთნელის (დამხმარე) რანგში კი 2-ჯერ გახდა ისრაელის ჩემპიონი. საქართველოს პირობებისთვის საკმაოდ კარგი კომპლექტაციის მქონე გუნდს თითქოს არ უნდა გაუჭირდეს უძლიერესის ტიტულის მოპოვება, თუმცა ცვლილებებს ვერც „დილა“ გაექცევა:
„გოგიტა გოგუა განათხოვრების წესით გვყავდა და მან კარიერის უცხოეთში გაგრძელება ისურვა. ასევე გასდით იჯარის ვადა ირაკლი კლიმიაშვილს და ალექსანდრე გურულს. ზოგს ალბათ თავად ექნება წასვლის სურვილი, ზოგთან კი ახალი წლიდან ჩვენ აღარ ვისურვებთ კონტრაქტის გაგრძელებას. ამის მიუხედავად, იმედი მაქვს ისეთ გუნდს შევინარჩუნებთ, რომელიც ისევ განაგრძობს ჩემპიონობისთვის და თასისთვის ბრძოლას“.
დარასელიამ, ქართული საუმაღლესლიგო კარიერის განმავლობაში გამართულ 227 მატჩში 105 გოლი გაიტანა. ეს მაჩვენებელი, ფლეიმეიქერის კი არა, ფორვარდისთვისაც შესაშური შედეგია. ეჭვგარეშეა, „დილას“ სელექციონერები მეტოქის კარზე დაგეშილი 2-3 ახალი ფეხბურთელის დამატებაზე გააკეთებენ აქცენტს.
„ფეხბურთელობისას, გოლის გატანაზე მეტად, ხშირად ის უფრო მანიჭებდა სიამოვნებას, როცა პარტნიორი ჩემი პასით გაიტანდა. მწვრთნელმა, საკუთარი კარის დაცვაზეც უნდა იფიქრო და იმაზეც, ფეხბურთელებს რაც შეიძლება მეტი გაატანინო მეტოქისთვის. ამ მხრივ, ადგილობრივ ბაზარზეც ვმუშაობთ და უცხოურზეც“, – დასძენს „დილას“ მთავარი მწვრთნელი.
ბოლოს, გიორგი დარასელიას 100-დღიანი სამწვრთნელო დებიუტის მარტივი ციფრობრივი შეფასება. გორის „დილამ“, ამ პოსტზე მისი დანიშვნის შემდეგ გამართულ 16 მატჩში 14 მოიგო, მათგან 11 ზედიზედ, რაც იმას ნიშნავს, რომ შიდაქართლელებმა მიმდინარე სეზონში მოასპარეზე ყველა გუნდი ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს. ეს კი, საქართველოში დღემდე ვერცერთმა მწვრთნელმა მოახერხა.
შმაგო სორელი