სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:41 | 25.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

დანიელ პასარელა - “ელ გრან კაპიტანო”

 1901 წლის 25 მაისს ბუენოს აირესში არგენტინის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი “რივერ პლეიტი” დაარსდა, ამ დღიდან ზუსტად 52 წლის შემდეგ კი ქვეყნიერებას გუნდის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დანიელ ალბერტო პასარელა მოევლინა. მართლაც საოცარი დამთხვევაა... “რივერისა” და მისი ყოფილი მოთამაშე-კაპიტან-მწვრთნელის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მკითხველს პასარელას საფეხბურთო კარიერა გვსურს გავაცნოთ.

ბავშვობაში დანიელ პასარელას ერთადერთი სიხარული ფეხბურთის თამაში იყო. შეჭირვებული ოჯახის აღსაზრდელი ბურთს დილიდან დაღამებამდე დასდევდა, 13 წლისამ კი სკოლას თავი დაანება და ახლობელ ადამიანებს ფინანსურად რომ დახმარებოდა, საამშენებლო ფირმაში მტვირთავად დაიწყო მუშაობა. სწორედ მაშინ ჩამოუყალიბდა დანიელს მძლავრი მუსკულატურა, რამაც პროფესიულ ფეხბურთში დიდი დახმარება გაუწია. მომავალ ვარსკვლავს დამხმარე მუშად და ტანისამოსის მაღაზიაში შემფუთავადაც მოუწია საქმიანობა, 15 წლისამ კი საბოლოოდ გადაწყვიტა ბედი ფეხბურთთან დაეკავშირებინა და რომელიმე ავტორიტეტულ კლუბში ჩასარიცხად ბუენოს-აირესს მიაშურა. პირველად პასარელამ "ბოკა ხუნიორსის” კარს მიუკაკუნა, რადგანაც ამ გუნდს დანიელის სატრფო გრასიელა გულშემატკივრობდა. "მომეჩვენა, თითქოს ერთ-ერთ მწვრთნელს მოვეწონე, მაგრამ მეორე დამრიგებელმა კატეგორიულად იუარა ჩემი აყვანა. ამის შემდეგ "ინდენპენდიენტეს” საწვრთნელ ბაზას მივაშურე. მისმა მწვრთნელმა პიპო ფერეირამ მამას უთხრა, შენს ბიჭს ავიყვანო, მაგრამ მოგვიანებით, ეტყობა, დანაპირები დაავიწყდა და გუნდში არ ჩამრიცხეს. დაახლოებით იგივე მოხდა "ესტუდიანტესშიც”. გუნდის დამრიგებელს მოვეწონე, ერთი კვირის განმავლობაშიც სხვა ფეხბურთელებთან ერთად ბაზაზე ვვარჯოშობდი, შემდეგ კი კრება ჩატარდა, რომლის მსვლელობის დროს კლუბის რომელიღაც ფუნქციონერმა "ესტუდიანტესში” აყვანილ ახალბედა მოთამაშეთა გვარები ამოიკითხა და მათ შორის ჩემი სახელი არ ფიგურირებდა”, - დედაქალაქის "დაპყრობის” წარუმატებელმა მცდელობამ დანიელ პასარელაზე დამთრგუნველად იმოქმედა და იმ "არხენტინოში” დაბრუნდა, რომლის წევრადაც ნომინალურად 8 წლის ასაკიდან ითვლებოდა.

მომავალი მსოფლიო ჩემპიონის მშობლიური ქალაქი ერთი ციცქნა ჩიკაბუკოა. მოსახლეობის სიმცირის მიუხედავად დასახლებულ პუნქტში მაინც სისხლსავსე საფეხბურთო ცხოვრება მიდიოდა, რასაც, კლუბების რაოდენობაც ადასტურებს. დანიელის მამა ჩიკაბუკოს "რესინგის” პრეზიდენტი იყო. ერთი სიტყვით, ადამიანები ჭიას იხარებდნენ და კარგადაც ერთობოდნენ. "არხენტინოს” მწვრთნელი, მენეჯერი, სელექციონერი, კლუბის მდივანი კარმელო სპატარო გახლდათ. რამდენიმე წლის შემდეგ კი სპორტულმა სამყარომ იგი დანიელ პასარელას საფეხბურთო გზის გამკვლევად გაიცნო. სპატარო ბიზნესმენი იყო და სასელექციო საქმესაც სახეიროდ მოჰკიდა ხელი. იგი ნიჭიერ ბიჭებს ეძებდა, მათ მშობლებთან კონტრაქტს აფორმებდა, რის შემდეგაც დამწყები მოთამაშეების სხვადასხვა კლუბებში მოწყობას ცდილობდა და როცა ამას მოახერხებდა ხოლმე, ავტორიტეტული კლუბებისგან მიღებული თანხით ხელსაც გვარიანად ითბობდა. ასე მოხდა პასარელას შემთხვევაშიც. მოგვიანებით, სპატარომ დანიელს მის ვაჟთან, სებასტიანთან მიმართებაშიც შესთავაზა ხელშეკრულების დადება. მაშინ პასარელა-უმცროსი... წლინახევრისა იყო და დანიელმაც თავის პირველ აგენტს უარი უთხრა – ჯერ ჩემი ბიჭი ძალიან პატარაა და რომ წამოიზრდება, შესაძლოა, ფეხბურთი სულაც არ მოეწონოსო. ასეც მოხდა, სებასტიან პასარელამ მამისგან განსხვავებული ცხოვრებისეული გზა აირჩია...

სპატარომ პასარელა არგენტინის მეორე დივიზიონის ხუნინის "სარმიენტოში” მიიყვანა. ეს ქალაქი ჩაკაბუკოსთან ახლოს მდებარეობს, თანაც, იქ დანიელის ახლო ნათესავები ცხოვრობდნენ. "სარმიენტოს” მწვრთნელი ანტონიო ერნანდესი იყო, რომელიც თავის დროზე ომარ სივორისთან ერთად "რივერ პლეიტში” თამაშობდა. სწორედ ერნანდესმა დაარწმუნა არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სივორი მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის უკეთ მოსამზადებლად გუნდი ხუნინში ჩაეყვანა და იქაურ "სარმიენტოსთან” გაეჯიბრებინა. დაბალდივიზიონელებს რამდენიმე მოთამაშე ჰყავდათ დამტვრეული, ამიტომაც მიდორზე გასვლის საშუალება პასარელასაც მიეცა და ალბერტომაც ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა. ისე კი, ცნობილ კლუბთაგან პირველმა პასარელას ყურადღება მონტევიდეოს "ნასიონალმა” მიაპყრო, მაგრამ ურუგვაულმა გრანდმა დანიელს სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობის გარანტია ვერ მისცა, რის გამოც არგენტინელი უკანახაზელისგან მონტევიდეოში გადასვლაზე უარი მიიღო.

1974 წლის დასაწყისში "რივერ პლეიტს” მწვრთნელი შეეცვალა. ბუენოს აირესელთა საკაპიტნო ხიდურზე "ალბისელესტეს” 40-50-იანი წლების ფლეიმეიქერი ნესტორ როსი დადგა. ამ ამბავს დანიელისთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – საქმე ისაა, რომ როსის თანაგუნდელი რაულ ერნანდესი პასარელათა ოჯახის ახლობელი იყო და მანაც "რივერის” ახალ დამრიგებელს ახალგაზრდა მცველის გუნდში აყვანა სთხოვა. გუნდში მისვლისთანავე პასარელამ როსის განუცხადა, რომ სათამაშოდ მზად იყო და უპრიანი იქნებოდა, თუკი უახლოეს მატჩში მიეცემოდა მინდორზე გასვლის საშუალება. იმის მიუხედავად, რომ "რივერს” დაუძინებელ მტერთან "ბოკა ხუნიორსთან” უწევდა მორიგი შეხვედრის ჩატარება, მწვრთნელი დათანხმდა და 1974 წლის 20 თებერვალს პირველ ბუენოს აირესულ დერბიში მიიღო მონაწილეობა. მატჩი, მართალია, წინასასეზონო მზადების მიზნით ტარდებოდა და არაოფიციალური გახლდათ, მაგრამ ამ ორი გუნდის დაპირისპირება ყველა შემთხვევაში პრინციპულ ხასიათს ატარებს. ასპარეზობა მარ დელ პლატაში შედგა. მის დაწყებამდე ადრე რამდენიმე საათით ადრე როსიმ დანიელი დაიმარტოხელა და პირდაპირ უთხრა, შენი მომავალი კარიერა ბევრადაა დამოკიდებული ამ შეხვედრაზეო. დამრიგებელმა დამწყებ ფეხბურთელს კონკრეტული დავალებაც მისცა და "ბოკას” მარჯვენაფლანგელი ფორვარდის განეიტრალება დაავალა. დაკისრებულ ამოცანას დანიელმა თავი კარგად გაართვა. მეორე დღეს გაზეთები წერდნენ, დებიუტანტი პასარელა მინდორზე ისე იდგა, თითქოს პირველს კი არა, მეოცე დერბის ატარებდაო. ამ მატჩის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა დანიელ პასარელას "რივერ პლეიტში” ჩარიცხვის ამბავი.

"ბოკა”-"რივერის” დაპირისპირებას რამდენიმე კლუბის სკაუტებიც ესწრებოდნენ. ახალგაზრდა უკანახაზელის გამოსვლით ისინიც მოიხიბლნენ და პასარელას გადაბირება სცადეს. იმ დროისთვის "რივერ პლეიტის” მცველები გამოცდილი და ძლიერი ფეხბურთელები ბოტანისი, გლუსტოცი, პერესი იყვნენ, ამიტომაც დანიელს არწმუნებდნენ, მათთან კონკურენცია გაგიჭირდება და უპრიანი იქნება, ჩვენთან თუ გადმოხვალო. პასარელას გადაბირების მსურველთა შორის მისთვის მწარედ ნაცნობი "ესტუდიანტესი” და ლუის სესარ მენოტის "ურაკანი” იყვნენ. დანიელმა მათი წინადადება უარყო და მტკიცედ გადაწყვიტა, "რივერისთვის” ეერთგულა. თუმცა, პასარელა კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის თაობაზე რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ შეუთანხმდა. "ხომ არ გადაირიე! ნებისმიერ თანხას დათანხმდი და კმაყოფილი იყავი, თუკი ჯამაგირით ბუტერბროდსა და კოკა-კოლას იყიდი”, _ ურჩევდა დანიელს უკვე ყოფილი გუნდის "სარმიენტოს” მწვრთნელი ანტონიო ერნანდესი. საბოლოოდ პასარელას თვეში 200 დოლარი დაუნიშნეს, 1974 წლის მიწურულს კი კლუბი ანაზღაურების საპრემიო სისტემაზე გადავიდა და გუნდის მოთამაშეთა შემოსავალიც მკვეთრად გაიზარდა. ამან საშუალება მისცა დანიელსა და მის მეუღლეს გრასიელას (იგიც ღარიბი ოჯახიდან იყო) ყოფითი პრობლემები გადაეჭრათ და ბუენოს აირესში ბინა ექირავებინათ.

არგენტინის პირველ დივიზიონში დანიელ პასარელამ სადებიუტო მატჩი 1974 წლის 11 თებერვალს ჩაატარა. "რივერმა” "როსარიოს” 1:0 მოუგო და ნაკრების მომავალმა კაპიტანმაც კარგად ითამაშა, მთლიანობაში კი პასარელამაც და გუნდმაც სეზონი სათანადო დონეზე ვერ ჩაატარეს და მომდევნო პირველობის სტარტის წინ ნესტორ როსის ნაცვლად "რივერ პლეიტს” დამრიგებლად გუნდის კიდევ ერთი ლეგენდა ანხელ ლაბრუნა დაუნიშნეს. როსისგან განსხვავებით, მისი მუშაობა ნაყოფიერი გამოდგა. ლაბრუნამ "რივერში” რამდენიმე პოზიცია გაამაგრა, სათამაშო დისციპლინა გაამყარა და 18 წლიანი პაუზის შემდეგ, გუნდს საჩემპიონო ტიტული მოაგებინა. თანაც, 1975 წელს "რივერ პლეიტმა” "მეტროპოლიტანოსა” და ნასიონალის“ გათამაშებებში იმარჯვა.

პასარელასა და ლაბრუნას ურთიერთობა კი ძნელად აეწყო. დანიელს შეტევაში ჩართვა ხიბლავდა და წინ წასული ხშირად გოლსაც იტანდა, მაგრამ მისი იერიშებში ჩართვით დაცვა ზარალდებოდა. ეს კი ლაბრუნას გაცეცხლებას იწვევდა. მან პასარელას ცენტრიდან დაცვის ფლანგზე შეთავაზა გადასვლა, რაზეც დანიელმა მიუგო, ამას მიჯობს თადარიგში დავჯდეო. ლაბრუნაცა და პასარელაც ჯიუტი ხასიათის ადამიანები არიან, დათმობას არც არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთი ავტორიტეტული ფიგურა აპირებდა და არც 20 წლის ფეხბურთელი, სიტუაცია კი მალე სამმა გარემოებამ დაარეგულირა.

"რივერის” ცენტრალურმა მცველმა ექტორ არტიკომ თამაშს მკვეთრად უკლო, ამასთან, პასარელას შეტევაში ეფექტური ჩართვები გუნდის გულშემატკივრებს მოსწონდათ და დამრიგებელ-შეგირდის დავისას ფეხბურთელის მხარეს დადგნენ. გადამწყვეტი როლი კი "რივერის” ვეტერანებმა ითამაშეს. რობერტო პერფიუმოს ინიციატივით ჩატარებულმა კრებამ ლაბრუნას საწინააღმდეგო ვერდიქტი გამოიტანა - "რივერს” დანიელ პასარელას ენერგია, ტემპერამენტი, სათამაშო თვისებები (უპირველესად ძლიერი დარტყმა და თავით თამაში იგულისხმებოდა) სჭირდებოდა, ამიტომაც იგი რეგულარულად უნდა ყოფილიყო სასტარტო შემადგენლობაში. მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელთა მოთხოვნას "დანებდა”.

ლაბრუნასთან კონფლიქტის გამო პასარელამ 1975 წელს 46 კალენდარული მატჩიდან მხოლოდ 29 ჩაატარა, სათამაშო პრაქტიკა კი ტულონში ჩატარებულ ტრადიციულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე გამოსვლით შეივსო. არგენტინამ შეჯიბრება დამაჯერებლად მოიგო, დანიელი კი გუნდის გუნდის გამოკვეთილი ლიდერი გახლდათ. იმ ფორმაციის არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებს მენოტი წვრთნიდა, პასარელასთან ერთად კი რამდენიმე მოთამაშეც იყი, რომლებიც 1978 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

წინასგან განსხვავებით, 1976 წელი დანიელისთვის ფენომენალური აღმოჩნდა – უკანახაზელთა შორის პასარელამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა! პირველი დივიზიონის 35 შეხვედრაში "რივერ პლეიტის” ცენტრალურმა მცველმა... 24 გოლი გაიტანა. ამასთან, მან პირველად ითამაშა არგენტინის ეროვნული გუნდის რიგებში. ეს კიევის რესპუბლიკურ სტადიონზე 20 მარტს მოხდა. დათოვლილ მინდორზე ჩატარებული მატჩის მეორე ტაიმში დანიელ პასარელამ ოსვალდო არდილესი შეცვალა. არგენტინელ ფეხბურთელებს მაშინ პირველად მოუწიათ მათთვის ესოდენ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში თამაში, თუმცა, მთლიანად გუნდისა და განსაკუთრებით მეკარის უგო გატის კარგი თამაშის წყალობით სამხრეთამერიკელებმა ვალერი ლობანოვსკის გუნდს 1:0 მოუგეს. სტაჟიან გულშემატკივარს ისიც კარგად ახსოვს, რომ ერთადერთი გოლი მარიო კემპესმა გაიტანა.

ლაბრუნას მსგავსად, თავდაპირველად მენოტიც ამრეზით უცქერდა პასარელას შეტევაში ჩართვისადმი სიყვარულს, ეჭვის თვალით უყურებდა დანიელის საიმედოობას და ნაკრების დაცვის ცენტრში “სენტ ეტიენის” მცველ პიაცასა და "რეალის” უკანახაზელ ვოლფს აყენებდა.

1978 წლის მუნდიალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი მენოტი რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. ვოლფმა და გუნდის კაპიტანმა კარასკოსამ დამრიგებელს დემარში მოუწყვეს და მის გუნდში თამაში იუარეს. ასე რომ, მენოტი უკაპიტნოდაც დარჩა. არგენტინელთა მწვრთნელი ორი კვირის განმავლობაში ფიქრობდა, თუ ვისთვის მიენდო სამკლავურის ტარების პატივი და საბოლოო არჩევანი დანიელ პასარელაზე შეაჩერა. იგი ხომ უკვე "რივერ პლეიტს” კაპიტნობდა, თანაც, მენოტისა და პასარელას შორის არათუ გაუგებრობა აღმოიფხვრა, ისინი თანამოაზრეებადაც კი იქცნენ. დანიელი მწვრთნელს პრაქტიკულად ყველა საკითხში უჭერდა მხარს. როდესაც სამუნდიალო განაცხადის წარდგენის დრო დადგა და საწვრთნელი ბაზიდან სამი ფეხბურთელი უნდა გაეშვათ, მენოტიმ დიეგო არმანდო მარადონა სახლში გაუშვა. დამრიგებლის ამ გადაწყვეტილების მხარი პასარელამ დაუჭირა – 17 წლის ღლაპს მსოფლიოს ჩემპიონატზე არაფერი ესაქმებაო.

მუნდიალის დაწყების წინ დანიელ პასარელა საუკეთესო ფორმაში იყო და წინასატურნირო ტესტ-მატჩებში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მაგრამ ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი არადამაჯერებლად დაიწყო. ამის მიუხედავად, მან ფრანგებს გაუტანა (მართალია, პენალტით), ხოლო პასარელას საფირმო თავურის შემდეგ "სკუადრა აძურა” ნაღდ გოლს დინო ძოფმა გადაარჩინა. ნახევარფინალურ სტადიაზე დანიელმა ჩვეული სათამაშო რიტმი დაიბრუნა და პარტნიორებთან ერთად არგენტინელთა ფინალში გასვლა უზრუნველყო. ჰოლანდიელებთან გადამწყვეტი შეხვედრა კი პასარელას "ინიციატივით” 7 წუთის დაგვიანებით დაიწყო. საქმე ისაა, რომ არგენტინელთა კაპიტანი რენე ვან დერ კერკჰოფის თაბაშირში ჩასმულმა ხელმა "დააეჭვა” და ფინალის იტალიელ არბიტრს სერჯიო გონელას მიმართა, კარგად შეემოწმებინა, ვილის ტყუპისცალი რაიმე საფრთხეს ხომ არ წარმოადგენდა. მოგვიანებით, ვან დერ კერკჰოფმა პასარელას საქმის არსში გარკვევა სთხოვა, არგენტინელთა ტრიუმფატორმა კაპიტანმა კი მიუგო, არბიტრისთვის პროტესტის გამოთქმა ლეოპოლდო ლუკემ მირჩიაო. ფინალური შეხვედრის მსვლელობისას ერთი ეპიზოდიც იყო, რომელიც პასარელას უარყოფითი ასპექტით წარმოაჩენს. გონელას ზურგსუკან მან იოჰან ნეესკენსს იდაყვი სახეში უთავაზა, დანარჩენ ეპიზოდებში კი დანიელი ისე იქცეოდა, როგორც კაპიტანს შეშვენის და მთლიანობაში 1978 წლის მუნდიალის გადამწყვეტი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა. იგი დაცვის ხაზის ორგანიზებასაც ახერხებდა და თავის საყვარელ რეიდებსაც ახორციელებდა. პასარელა ორჯერ იონგბლადის კარის აღებასთანაც (პირველი ტაიმის მიწურულს) ახლოს იყო, მარიო კემპესისა (ორი) და დანიელ ბერტონის გოლების წყალობით გაჩემპიონებული არგენტინის ნაკრების კაპიტანმა კი თასი ქვეყნის დიქტატორ ხორხე ვიდელასგან ჩაიბარა.

7 წლის განმავლობაში თამაშობდა პასარელა "რივერ პლეიტში” და შვიდჯერ დაიდო ლომის წილი "მილიონარიოსის” გაჩემპიონებაში, გუნდის მადლიერმა გულშემატკივრებმა კი დანიელს "ელ გრან კაპიტანო” (დიდი კაპიტანი) შეარქვეს. მხოლოდ ერთადერთი ადამიანი – დიეგო მარადონა არ ცნობდა პასარელას საფეხბურთო ტალანტს და წინამძღოლობის არაჩვეულებრივ უნარს. რაც უფრო მეტ ავტორიტეტს იხვეჭდა მარადონა, მით უფრო სუსტდებოდა პასარელას პოზიცია ნაკრებში. მენოტიმ გუნდის ორ მტრულად დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფა ვერ აღკვეთა, რამაც ესპანეთის 1982 წლის მუნდიალზე არგენტინის წარუმატებელი გამოსვლა გამოიწვია.  

მენოტი კარლოს სალვადორ ბილარდომ შეცვალა, რომელიც აშკარად მარადონას მხარეს დადგა. იმ პერიოდისთვის ევროპაში გადაბარგებულ პასარელას ნაკრებში სულ უფრო და უფრო იშვიათად იწვევდნენ. დანიელმა მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი თითქმის მთლიანად გამოტოვა და მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში (მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად არგენტინას პერუსთან არ უნდა წაეგო) დასტაქარ-მწვრთნელი ბილარდო გულშემატკივართა მოთხოვნას დაჰყვა და პასარელა ეროვნულ გუნდში გამოიძახა. დანიელი ლიმაში ჩავიდა. მეორე ტაიმში არგენტინა 1:2-ს აგებდა, როცა ბილარდომ "იკადრა” და მინდორზე პასარელა შეუშვა. თანაც, არ იკითხავთ, რა პოზიციაზე გაამწესა მან "ელ გრანო კაპიტანო”? ვეტერან მცველს განაპირა ფორვარდის ფუნქციების შესრულება დაავალეს. 81-ე წუთზე მეტოქის კარის სიახლოვეს მყოფმა პასარელამ ბუერთი მკერდით მიიღო, ქვემოთ დაუშვა და მძლავრი დარტყმით პერუელთა კარისკენ გაგზავნა. გოლი ისედაც გარდაუვალი ჩანდა, თუმცა, ბურთს ფეხი ჰერაკადლმა წაჰკრა და ტაბლოზეც მისი გვარი აკიაფდა. ეს იყო პასარელას ბოლო მატჩი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში.

დანიელი მექსიკის მუნდიალის სამონაწილეო განაცხადში ჩართეს, თუმცა, ეს ფაქტი ყველამ ბილარდოს ფორმალურ ჟესტად ჩაუთვალა. მარადონასთან რთულმა დამოკიდებულებამ და კუჭის ტკივილმა "ელ გრანო კაპიტანოს” 1986 წლის მსოფლიოს პირველობის დასკვნითი ეტაპის შეხვედრებში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.

...პასარელას მისვლამდე, 1981-82 წლების სეზონში ფლორენციის "ფიორენტინამ” მხოლოდ 17 გოლი გაუშვა, დანიელის გუნდში ჩარიცხვის შემდეგ კი "ფიორეს” კარი 25-ჯერ დალაშქრეს, თუმცა, ერთხმად აღიარებდნენ, არგენტინელის დამატებამ გუნდის თამაშს ეფექტურობა შესძინაო. იტალიაში პასარელას ბევრი გაჰქონდა. 1985-86-ის სეზონში პასარელას ანგარიშზე "ფიორენტინას” მიერ გატანილ გოლთა... მესამედი მოდიოდა. 33 წლის ასაკში დანიელს ძველებური დინამიზმი და შედეგიანობა შენარჩუნებული ჰქონდა და იგი "ინტერის” პრეზიდენტმა ერნესტო პელეგრინომ "სან სიროზე” გადაიბირა. ექვსი წელი გაატარა დანიელ პასარელამ აპენინის ნახევარკუნძულზე და მიუხედავად იმისა, სკუდეტოს მოგება რომ ვერ მოახერხა, მისი საფეხბურთო კარიერის ეს მონაკვეთი მაინც წარმატებულად უნდა ჩავუთვალოთ.

1988 წლის ზაფხულში პასარელა არგენტინაში დაბრუნდა და მინდორზე გასვლას არც კი ფიქრობდა, მაგრამ მას მოსვენება არ მისცეს "რივერისა” და "ბოკა ხუნიორსის” წარმომადგენლებმა. საბოლოოდ, დანიელმა "მილიონარიოსში” გამოსვლა გადაწყვიტა, მით უმეტეს, გუნდს სათავეში მენოტი ედგა. "გამოსათხოვარ” ჩემპიონატში "ელ გრანო კაპიტანომ” 7 ბურთი გაიტანა და იტალიისა და არგენტინის პირველ დივიზიონებში გოლების საერთო რაოდენობა 134-მდე აიყვანა. ფეხბურთის ისტორიაში მცველთა შორის  ეს შედეგი მეორეა. პასარელაზე მეტი გოლი (194) უკანახაზელთაგან მხოლოდ რონალდ კუმანს აქვს გატანილი.

აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ დანიელი მწვრთნელობაზე სულაც არ ფიქრობდა, მაგრამ მეგობრის, ამერიკო გალიეგოს თხოვნა და რჩევა ყურად იღო, სადამრიგებლო კურსები გაიარა და დიპლომის აღების შემდეგ ძალიან მალე, 1990 წლის იანვარში "რივერ პლეიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის სესარ მენოტი შეცვალა. პასარელა-მწვრთნელი კი უკვე სხვა საუბრის თემაა...

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112988