ფეხბურთი

12:57 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დანიაში დევდარიანმა გაიტანა, ლატვიაში - დიაკვნიშვილმა

დანიის სუპერლიგის მე-7 ტურში, “ორჰუსმა” გასვლაზე “ოდენსეს” 6:3 აჯობა და ერთი გოლი საკუთარ ანგარიშზე დავით დევდარიანმა ჩაიწერა. ქართველი თავდამსმელი თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო და 90-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიმდინარე სეზონში მან პირველი გოლი გაიტანა. დავით სხირტლაძე “ორჰუსის” სათადარიგოებში იყო, მაგრამ თამაშმა არ მოუწია. მათე ვაწაძე სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. “ორჰუსს” 13 ქულა აქვს და 12-გუნდიან სუპერლიგაში მე-2 პოზიცია უკავია.

თურქეთის სუპერლიგაში წარუმატებელი სტარტის შემდეგ, “ქასიმფაშამ”, რომლის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძეა, ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. მე-3 ტურში, არველაძის შეგირდებმა “ქონიასფორი” სტუმრად 2:1 დაამარცხეს. “ქასიმფაშა” მე-5 წუთზე ქამდალის გოლის მერე 0:1 აგებდა. თუმცა, სანჰარიბ მალქიმ 79-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90-ეზე რაიან ბაბელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სამი ტურის შემდეგ, “ქასიმფაშას” 6 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-6 ტურში, დიუსელდორფის “ფორტუნა” ბილეფელდის “არმინიასთან” სტუმრად 2:4 დამარცხდა. ლევან ყენია დიუსელდორფელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს. “ფორტუნას” 4 ქულა აქვს და 18 გუნდში მეცხრეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-19 ტურში, “ვენტსპილსმა” საკუთარ მოედანზე “იელგავას” 2:0 აჯობა. მასპინძელთა რიგებში თორნიკე თარხნიშვილი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. “ვენტსპილსს” 41 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 პოზიციაზეა.

დაუგავპილსის “დაუგავა” საკუთარ მოედანზე რიგის “დაუგავასთან” 0:1 დამარცხდა. სტუმართა შორის ერთადერთი გოლი გიორგი დიაკვნიშვილმა გაიტანა. მან თავი 54-ე წუთზე გამოიჩინა. ამ სეზონში დიაკვნიშვილისთვის ეს პირველი გოლია. დაუგავპილსელებში ბიძინა ცინცაძემ სრულად ითამაშა. მის მსგავსად, სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ჩიხრაძეც, რომელიც 65-ე წუთზე მამუკა ღონღაძემ შეცვალა. დაუგავპილსელებს 36 ქულა აქვთ და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზე არიან, რიგელები კი 37 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 საფეხურზე იმყოფებიან.

ყაზახეთის სუპერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა “ატირაუმ”, სადაც გიორგი ფეიქრიშვილი გამოდის, შინ ომარ თეთრაძის მიერ გაწვრთნილ “ჟეტისუსთან” 0:0 ითამაშა. ფეიქრიშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. “ატირაუ” 16 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა, ხოლო “ჟეტისუ” 12 ქულით ბოლოსწინაა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყო და ქულებიც გაუნახევრდათ.

სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) მე-3 ტურში, “მოროკა სვოლოუსმა” თავის მოედანზე “ბლექ ეისს” 3:2 მოუგო. მასპინძლებში გიორგი ნერგაძე 88-ე წუთიდან ათამაშეს. “მოროკას” 7 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.

0.108852