სტატიები

12:14 | 27.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

"დალას მავერიქსი"

წინა სეზონები: მწვერვალიდან დაშვება
2011 წელს, კლუბის ისტორიაში პირველი მოგებული ტიტულის შემდეგ, “დალას მავერიქსის” ხელმძღვანელებმა გააანალიზეს, რომ მომავალ სეზონში საჩემპიონო გუნდის შენარჩუნებისთვის რესურსი არ ეყოფოდათ და ნელ-ნელა გამოეთხოვნენ ისეთ მოთამაშეებს, რომელთა გაშვებითაც გუნდმა მოიხსნა ყველანაირი პასუხისმგებლობა, რომ მომავალ სეზონში მოპოვებულ ჩემპიონობას დაიცავდა. საბოლოოდ ასეც მოხდა, “დალასი” პლეი ოფის პირველივე წრეში მშრალი ანგარიშით დამარცხდა ახალგაზრდა ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ “ოკლაჰომასთან”.

წლევანდელ ზაფხულში კლუბის მენეჯმენტის მთავარი მიზანი გუნდის ვარსკვლავი დერონ უილიამსით გაეძლიერება იყო, თუმცა ბოლო მომენტში “ბრუკლინში” ჯო ჯონსონისა და ჯერალდ ვოლასისი გადაყვანით, მიხაილ პროხოროვმა ეს გამთამაშებელი მაინც შეინარჩუნა. თითქოს კვლავ კრახი ელოდა “მავერიქსს”, თუმცა “კლივლენდთან” განხორციელებული ტრეიდის შემდეგ, კლუბმა დრაფტზე სამი არჩევანის უფლება მიიღო და გუნდის შემადგენლობა შეავსეს პერპექტიულმა მოთამაშეებმა ჯარედ კანინგემმა, ბერნარდ ჯეიმსმა და ჯეი კრაუდერმა. “ინდიანადან” გადმოიყვანეს საშუალოზე მაღალი დონის გამთამაშებელი დარენ კოლისონი, თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა ო ჯეი მეიო, გუნდის წინა ხაზი კი ორი ელიტარული ვეტერანით შეივსო კრის კამანისა და ელტონ ბრენდის სახით. დანაკარგებზეც ვერ ვიტყვით, რომ მინიმალური იყო. “ნიუ ორკში” გადავიდა გუნდის ძირითადი ხუთეულის წევრი, თუმცა უკვე ვეტერანი ჯეისონ კიდი, ბოსტონისკენ აიღო გეზი კიდევ ერთმა მხცოვანმა უკანახაზელმა ჯეისონ ტერიმ.

მთავარი მწვრთნელი: რიკ კარლაილი
2008 წელს რიკ კარლაილმა “დალას მავერიქსის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა და გუნდის ხელმძღვანელობა მისვლისთანავე დაარწმუნა, რომ ვარსკვლავებით კლუბის გავსებას ჯობდა, ახალი “დალასი” დირკ ნოვიცკიზე აეწყოთ, რომლის ირგვლივაც შემოკრებილი იქნებოდნენ მაღალი დონის, გუნდური თამაშის მცოდნე კალათბურთელები და ყველანაირად ხელს შეუწყობდნენ გერმანელ ფორვარდს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში. 3-წლიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და 2011 წელს “მავერიქსმა” ვარსკვლავური ტრიოთი დაკომპლექტებული “მაიამი” პლეი ოფის ფინალურ სერიაში დაამრცხა. რიკ კარლაილი კი ელიტარულ მწვრთნელთა რიგებში ჩაეწერა, თუმცა შემდეგივე სეზონში საშინლად გაიუარესა რეპუტაცია.…კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გუნდში კვალიფიციური, მაღალი დონის ცენტრის არყოლით სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი უბრალოდ სასაცილოა. ტაისონ ჩენდლერის “ნიუ ორკში” ტრანსფერით დაშვებული შეცდომების კასკადის შემდეგ, კარლაილმა ახალი სეზონის სტარტზე მნიშვნელოვნად გააძლიერა წინა ხაზი და ახლა ეძლევა კარგი შანსი, რომ შელახული რეპუტაცია აღიდგინოს.

უკანა ხაზი: კოლისონი, მეიო
როგორც იქნა, დარენ კოლისონმა მიიღო ის როლი, რომლისკენაც მთელი კარიერის განმავლობაში მიიწევდა – ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი მაძიებელი გუნდის ძირითადი გამთამაშებელია. მას ჯერ “ნიუ ორლეანში”, ხოლო შემდეგ “ინდიანაში”, ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან უწევდა მატჩში ჩართვა და დარენი ვერ ახერხებდა, საკალთბურთო სამყაროსთვის ბოლომდე ეჩვენებინა, თუ რა შეუძლია რეალურად, ახლა კი თვითრეალიზაციისათვის ბრწყინვალე შანსი ეძლევა, თუმცა მეტად ორიენტირებული უნდა გახდეს პარტნიორების შედეგიანი პასებით მომარაგებაზე, რადგან შეტევების დამაგვირგვინებლები ისედაც თავზესაყრელადაა დღევანდელ “დალასში”.
http://www.youtube.com/watch?v=U5UJYJTFgWI


ო ჯეი მეიო მაღალი საკალათბურთო ინტელექტის პატრონი მოთამაშეა, რომელსაც პასის კულტურასთან ერთად შეუძლია მაღალი პროცენტული მაჩვენებლით დაბომბოს მეტოქის კალათი როგორც საშუალო, ასევე შორი დისტანციებიდან. გამოირჩევა განსაკუთრებული, აკრობატული მოძრაობებით 3-წამიან ზონაში, იგი ერთნაირად სასარგელოა როგორც პოზიციურ, ასევე კონტრშეტევაზე თამაშისას. მეიო ელიტარული დონის მოთამაშე უნდა გამხდარიყო, თუმცა ამის მაგივრად “მემფისში” სათადარიგო კალათბურთელად იქცა, წააგო არცთუ სამართლიანი კონკურენცია რუდი გეისთან. “მავერიქსში” იგი მისვლის დღიდან მოიაზრება გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და დირკ ნოვიცკის უპირველეს დამხმარედ. მასთან კარგად შეთამაშების შემთხვევაში, დადებითი რეზულტატი აუცილებლად იქნება, რაც ო ჯეის მისცემს იმის შესაძლებლობას, ყოფილი გუნდის ხელმძღვანელობას დაუმტკიცოს, რომ მასში ძალიან შეცდნენ.

კავშირი ხაზებს შორის: შონ მერიონი
შონ მერიონი დღესდღეობით შეუცვლელი კაცია “დალასში, რადგან მისი ნახვა შეხვედრის ნებისმიერ მომენტში მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე შეიძლება. რეალურად იგი გუნდის ხერხემალს წარმოადგენს და უზრუნველყოფს კავშირს კლუბის წინა და უკანა ხაზებს შორის. თავდაცვისას ერთ-ერთი უძლიერესია მთელ ლიგაში, ერთნაირი წარმატებით თამაშობს როგორც პერსონალური, ასევე პოზიციური დაცვისას, გრძელი ხელებით ასრულებს ბევრ ჩაჭრებს და დიდი სისწრაფით გარბის კონტრშეტევაზე. მის არსენალში შედის ასევე პერიმეტრზე ამოწევა და სამქულიანებით მეტოქის დაბომბვა. დღესდღეობით მის გარეშე “მავერიქსი” უბრალოდ წარმოუდგენელია.

http://www.youtube.com/watch?v=WwRd3030yhQ


წინა ხაზი: დირკ ნოვიცკი, კრის კამანი
დირკ ნოვიცკიმ და მის ირგვლივ აწყობილმა “დალას მავერიქსმა” პიკს 2011 წელს მიაღწიეს, როდესაც ჩემპიონები გახდნენ. იმ დღის შემდეგ გერმანელის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, პირველ ყოვლისა მისი მიდგომა და განწყობა ვარჯიშისა და თამაშისადმი (რაც თვითიონ აღიარა პრესკონფერენციაზე). დირკის არსენალიდან გაქრა უმთავრესი იარაღი: უდიდესი მოტივაციით ანთებული თვალები და შემართება, რომლითაც იგი მზად იყო, სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოლა გამარჯვებისთვის. ასეთ ნოვიცკისთან ერთად “დალასი” უფრო “დენვერს” ემსგავსება, ვიდრე ყოველწლიურად პროგრესირებად “ოკლაჰომას”. განწყობის ასამაღლებლად, სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე დირკს ნაკრებში მისი თანაგუნდელი და ახლო მეგობარი კრის კამანი მოუყვანეს, რომელიც მიუხედავად სოლიდური ასაკისა, საკუთარი გამოცდილებით ახერხებს, სასარგებლო იყოს გუნდისთვის. კრისი უკვე მოიკოჭლებს სისწრაფეში, თუმცა მოხსნებში და საშუალო დისტანციიდან ტყორცნებში საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება. თუ გერმანული დუეტი ტრავმებმა არ გააწამა მთელი სეზონის განმავლობაში, მაშინ “დალასი” საკმაოდ გამოცდილ, ცოტა მობერებულ, თუმცა შეთამაშებულ და მეტოქეთათვის საშიშ ”მაღლებს” მიიღებს.

http://www.youtube.com/watch?v=IeFWhasL5ec


სათადარიგოთა სკამი: დელონტე ვესტი, როდრიგ ბობუა, ვინს კარტერი, ელტონ ბრენდი

“დალას მავერიქსის” სათადარიგოთა სკამი წარმოადგენს ვეტერან და ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავს: ერთი მხრივ ვინს კარტერი, დელონტე ვესტი, ელტონ ბრენდი, რომელთა კარიერას ნბა-ში არაერთი ჩატარებული სეზონი უმაგრებს ზურგს, მეორე მხრივ კი ახალგაზრდა და პერპექტიული როდრიგ ბობუა, ჯარედ კანინგემი, ჯეი კრაუდერი და ბერნარდ ჯეიმსი. მათი სახით რიკ კარლაილს ეძლევა შესანიშნავი შესაძლებლობა, მეტოქის ტაქტიკიდან გამომდინარე, ბრძოლაში ჩართოს როგორც ძველი გვარდია, ასევე გუნდის “ახალი სისხლი” და მოწინააღმდეგეებს შესთავაზოს რიგი სიურპრიზებისა.

სასტარტო ხუთეული: დარენ კოლისონი – ო ჯეი მეიო – შონ მერიონი – დირკ ნოვიცკი – კრის კამანი

გუნდის ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში
ქულები: ნოვიცკი 20,6
მოხსნები: კამანი 8,2
გადაცემები: კოლისონი 6,1
ჩაჭრები: მერიონი 1,3
დაფარებები: კამანი 1,5
დაკარგვები: კამანი 2,4

დასკვნა: “მავერიქსი” რეგულარულ გათამაშებას სრულიად განახლებული შემადგენლობით იწყებს. ჯერჯერობით უცნობია, რა მოდელით ითამაშებენ ტეხასელები, რა იქნება მათი რეალური მიზანი და ძალა, თუმცა ერთი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: კლუბის ლიდერი გასახდელშიც და მოედანზეც კვლავ დირკ ნოვიცკი იქნება. “დალასის” ხელმძღვანელობამ ნელ-ნელა გამოკვეთა თავისი პოზიცია და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ნოვიცკის კარიერის დასრულების შემდეგ, გუნდი მზადაა, ახალი “მავერიქსის” შენება დაიწყოს, მაგრამ ისინი არ წავლენ 5-წლიან ციკლზე და დრაფტზე პირველი ხუთეულის მოთამაშეთა შეგროვებას არ დაიწყებენ, არამედ მათ “ლეიკერსის” მსგავსი, მცირე მოდელი გააჩნიათ და ამ გზით ეცდებიან, ორი წლის წინანდელი ტრიუმფი გაიმეორონ.
http://www.youtube.com/watch?v=nZhhbpkz7Yg



გიორგი ბარბაქაძე

0.257689